გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში საოცრებები ჩაიდინა!

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში საოცრებები ჩაიდინა!

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ბრწყინავს. ძნელია ეპითეტი მოუძებნო იმას, რასაც ქართველი ცენტრი აკეთებს და მორიგი გაბრწყინება ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიასთან“ შედგა.

სანამ შერმადინის გმირობაზე გადავიდოდეთ, იქამდე გეტყვით, რომ „იბეროსტარ ტენერიფემ“ მეტოქე დაჯაბნა და ადვილად, 100:79 გაიმარჯვა.

გიორგიმ 29:42 წუთში 32 ქულა(!), 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 12-დან 9 ორქულიანი (75%) და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო (88%), შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 42(!)-ს გაუტოლდა. რა გასაკვირია, რომ როგორც მარგი ქმედების მაჩვენებლით, ისე მოპოვებული ქულებით შერმადინს მოედანზე ბადალი არ ჰყოლია და მატჩის MVP გახდა. ეგ კი არა, ძალზე დიდი ალბათობით, ტურის MVP-ის ტიტულშიც ვერავინ შეეცილება.

იმასაც გეტყვით, რომ შერმადინმა ესპანურ კარიერაში მისთვის სარეკორდო შედეგები დააფიქსირა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 29 ქულა იყო 2016 წელს "მორაბანკ ანდორას" რიგებში, ხოლო მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში, კვლავ "მორაბანკ ანდორაში" თამაშის დროს ჰქონდა "რეალთან" - 41. შესაბამისად, 32 ქულა და 42 მარგი ქმედების კოეფიციენტი ესპანეთში გიორგისთვის საუკეთესო შედეგია.

ურიგოდ არც ბურჯანაძე გარჯილა, რომელმაც 14:36 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 9 გამარჯვების საპირწონედ 5 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 დეკემბერს, „ვალენსიას“ ესტუმრება. რაც შეეხება „გრან კანარიას“, 7-7 მოგება-წაგებით მე-12 პოზიციაზეა და უახლოესი დაპირისპირება 28 დეკემბერს, „ბურგოსთან“ ელოდება.