ათონელის სასახლე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული გადაწყვეტილება ტურისტების დაინტერესების მიზნითაა მიღებული, თუ იმით, რომ ზურაბიშვილს სურდა წარმოეჩინა, მისი მხრიდან ანტიკვარიატის შეძენა სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის გემოვნების დასახვეწად უნიკალური ეგზემპლარების წარმოჩენა, რის გამოც ათონელის რეზიდენცია ერთგვარად სამუზეომო დატვირთვასაც შეიძენდა.
ათონელის 25-ში მდებარე სამსართულიანი ისტორიული სასახლე 1500 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ამ შენობასთან სპეციალური სივრცითაა დაკავშირებული ხუთსართულიანი ახალი კორპუსი, რომელიც შენობის უკანა მხარეს ბოლო წლებში აშენდა.
ორბელიანების სასახლის სახელი ამ ეკლექტური არქიტექტურის მქონე შენობამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ისტორიული წყაროების თანახმად, ამ ადგილას მდგარი სასახლე 1751 წელს თეიმურაზ მეორეს თავისი სიძის, სარდალ ლევან ორბელიანისთვის უჩუქებია. სასახლის სახელი დაკავშირებულია პოეტ გრიგოლ ორბელიანთანაც, რომელიც ამ შენობაში ლიტერატურულ საღამოებს მართავდა და სასახლის ბოლო ბინადარი ყოფილა. იმდროინდელ სასახლეს ჩვენამდე არ მოუღწევია, დაინგრა და მის ადგილას მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენეს ახალი შენობა, რომელიც ისევ ორბელიანების სახელს ატარებს.
სხვათა შორის, ორბელიანების საკუთრება ყოფილა იქვე მდებარე კუნძული მტკვარში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და, რომელიც, ორბელიანებმა მე-19 საუკუნის ბოლოს გენერალ მადათოვს მიჰყიდეს. აღნიშნულ კუნძულსაც ორბელიანების კუნძულს ეძახდნენ და ის დღევანდელი მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც მტკვარი ორ განშტოებას ქმნიდა.
მართალია, სალომე ზურაბიშვილს ათონელის სასახლე კუნძულის გარეშე ჩაბარდა, მაგრამ საინტერესოა, ამ დანაკლისის გარეშეც რა ეფექტს მოახდენს ეს სასახლე დამთვალიერებლებზე და რისი თქმა სურდა პრეზიდენტს ათონელის რეზიდენციის კარის გაღებით?
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სულაც არ მიიჩნევს, რომ ათონელის რეზიდენციის კარის გაღება გამონათებაა პრეზიდენტის მხრიდან.
„ეს გამონათება არაა, მთელ მსოფლიოში ასეა, თეთრ სახლშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ და პრეზიდენტის სხვა სასახლეებშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ასეთი რამ ადრე რომ არ კეთდებოდა, ცუდი იყო“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ორბელიანების სასახლის დამთვალიერებლებისთვის გახსნა არაფერს ცვლის. ეს ფასადია და ნებისმიერი რამის გადმოღება, რაც ამერიკაში, ან თუნდაც საფრანგეთშია, არ იქნება სწორი. ამერიკაში, ან თუნდაც ევროპულ ქვეყნებში სულ სხვა ვითარება, სხვა ტრადიციებია, იქ სხვა მენტალობაა და ამ ყველაფრის გადმოღება არ მუშაობს.
„კი ბატონო, ვინმე შევა პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, ამ ისტორიულ შენობაში მოეწყობა ექსკურსიები, მაგრამ ეს არაფრის მომტანია. მთავარია, პრეზიდენტმა არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ქვეყანაში პრობლემებს შექმნის და ისეთი განცხადებები არ გააკეთოს, რაც მტერსა და მოყვარეს ერთიანად მოიმდურებს. თორემ ტურისტული ბიუროს გახსნა თუ უნდა რეზიდენციაში, დაე, გახსნას, ეს რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი და დემოკრატიული შტრიხი არაა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩევლის, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ვახანიას აზრით, გააჩნია, რა დატვირთვა ექნება პრეზიდენტის სასახლეს. კონკრეტული დატვირთვის გარეშე კი ამ სასახლის კარის გახსნა არაფრის მომცემი არ არის.
„თუ ვინმე ამერიკის მაგალითის საქართველოში გადმოღებას ცდილობს, ამერიკელებისთვის კონსტიტუცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ღმერთის შემდეგ ყველაზე მაღალი ღირებულებაა. საქართველოში ასე არ არის, ჩვენთან ვინ სცემს ასეთ პატივს კონსტიტუციას და პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციით დაინტერესდეს? ათონელის სასახლე რა ისეთი დიდი ღირებულების მქონე შენობაა, რომ ვინმე აღაფრთოვანოს? ძველ უბნებში რაც შენობებია, ტურისტები იმის დათვალიერებით არიან დაკავებულნი და ისინი არანაკლები ღირებულების შენობებია. ევროპის ნებისმიერ ქალაქში რომ ნახოთ, რა სასწაული ძველი შენობებია, მათთან შედარებით ათონელის რეზიდენცია დიდი არაფერია. უბრალოდ, შეიძლება, ტურისტებმა ცოტა ხნით შეიარონ, თუკი იმ მიდამოებში გაისეირნებენ. პრეზიდენტის მხრიდან ეს არის კეთილი ნება, რომ ის თანახმაა გაიღოს მისი კარები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს იმ შენობაში. მარტო ხალხის მიზიდვა კი არ უნდა იყოს ათონელის სასახლის ფუნქცია, არამედ ამ სასახლემ საქართველოს პოპულარიზაციას უნდა შეწყოს ხელი, უცხოელებშიც და ჩვენს ახალგაზრდებშიც, ერთი წვეთი უნდა დაუმატოს საქართველოს სიყვარულსა და პატივისცემას. ისე, ამ შენობას რა ფასი აქვს“,-აცხადებს ზურაბ ვახანია და ამ თემასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის-მიხეილ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენცია ახსენდება.
მისივე განმარტებით, ცალკე ავლაბრის რეზიდენციაც არაფრის მომცემია და არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ იქ ოდესღაც პრეზიდენტი სააკაშვილი მჯდარა. სხვათა შორის, ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებობდა საინტერესო წინადადება, რომ იქ გახსნილიყო შოთა რუსთაველისა და ქართული კულტურის მუზეუმი. ეს მართლაც კარგი რამ იქნებოდა, ტურისტებსაც დააინტერესებდა და ჩვენს მოსახლეობასაც, განსაკუთრებით, ბავშვებს.