ცნობილი ინგლისელი მწერალი, ჯოან როულინგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ავტორია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში, ტვიტერის პირად ანგარიშზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
როულინგი თავისი პოსტით მკვლევარი მაია ფორსტეიტერის საქმეს საჯაროდ გამოეხმაურა, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა. "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ", — მაიას განცხადებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.
ჯოან როულინგმა ტვიტერის საშუალებით, სადაც მას 14.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, სწორედ მაია ფორსტეიტერის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა:
"ჩაიცვი, რაც გინდა. დაუძახე საკუთარ თავს ის, რაც გსურს. გქონდეს ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ამაზე თანახმაა. იცხოვრე მშვიდად და უსაფრთხოდ, მაგრამ ქალებმა სამსახური მხოლოდ იმის გამო უნდა დაკარგონ, რომ ამბობენ, სქესი ნამდვილიაო? #მხარსვუჭერმაიას"
მაია ფორსტეიტერმა ლონდონში სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც ტვიტერის პირად ანგარიშზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები გამოაქვეყნა. მაგალითად, ის ამბობდა, რომ "უსამართლობაა, როცა ტრანსგენდერი ქალები მონაწილეობას ქალების სპორტის სახეობაში იღებენ."
ასევე მან დამამცირებელად ისაუბრა გრეგორი მიურეის — შოტლანდიის პირველი ღიად გენდერულად არაბინარული (ადამიანი, რომელიც თავს მხოლოდ ერთ გენდერსა თუ სქესს არ მიაკუთვნებს) პოლიტიკოსის მისამართით, რომელიც არჩევნების საშუალებით აირჩიეს: "მას უნდა, რომ გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელით მოვიხსენიოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის სინამდვილეში კაცია. ქალები და ბავშვები იძულებულნი არ უნდა იყვნენ, რომ ვინმეს სქესზე საუბრისას ტყუილი თქვან."
მაია ფორსტეიტერის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და განაცხადა, რომ ფოსტეიტერს უფლება არ აქვს უარყოს ტრანსგენდერი ადამიანის უფლებები, ხოლო მისი ტვიტერის საჯარო განცხადებები "ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვას წარმოადგენს."
ჰარი პოტერის სახელით ცნობილი მსოფლიო ბესტსელერი წიგნების სერიის ავტორმა, ჯოან როულინგმა სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაუჭირა მხარი ფორსტეიტერს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა როულინგი ტრანსფობიური შეხედულებების გაზიარებაში დაადანაშაულეს: რამდენიმე თვით ადრე ის იმ ტვიტის მოწონების გამო გააკრიტიკეს, რომელშიც ტრანსგენდერი ქალები "კაბიან კაცებად" არიან მოხსენიებულნი.