ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი მიკელ არტეტა დაინიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მისი ცნობით, არტეტა უკვე დაემშვიდობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს, სადაც ის მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა. ჟურნალისტებმა არტეტას სახლთან „არსენალის“ აღმასრულებელი დირექტორი ვაინ ვეკატეშამი შენიშნეს.
21 დეკემბერს „არსენალი“ „ევერტონს“ დაუპირისპირდება. ლონდონელებს მატჩისთვის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ფრედი ლიუნგბერბი მოამზადებს, არტეტა კი თავისი მომავალი გუნდის თამაშს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს.
37 წლის არტეტა „არსენალის“ ღირსებას 2011-2016 წლებში იცავდა და კლუბის კაპიტანიც იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, 2016 წელს ის „მანჩესტერ სიტიში“ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში შევიდა.
„არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი, ასევე ესპანელი უნაი ემერი თანამდებობიდან 29 ნოემბერს გადააყენეს.