სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ პედაგოგების დაკითხვა გრძელდება. როგორც სკოლის პედაგოგი, ელისო ნიჟარაძე აცხადებს, დილით როცა მივიდნენ სკოლაში, დახვდათ ეს წარწერები გაკეთებული კამერებზე, კედლებზე, დაფებზე, საკლასო ოთახებში. მისივე თქმით, სკოლა კამერების მიხედვით შეეცადა ფაქტში მონაწილე პირის დადგენას, თუმცა ვერ შეძლო იდენტიფიცირება.
„აჭრელებული იყო ყველაფერი ამ წითელი წარწერებით. ბავშვები იყვნენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები. შემდეგ კამერების მიხედვით შეეცადა სკოლა რომ დაედგინა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება. მერე მე გაკვეთილებზე ავედი და როცა მოვიკითხე ეს ამბავი, უკვე გამომძიებლები იყვნენ მოსული სკოლაში“, – აღნიშნა ელისო ნიჟარაძემ.
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აყვანა პარლამენტმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტების სხდომაზე დაიბარებენ ყველა იმ პირს, ვისაც რამე შეხება ჰქონდა ამ საქმესთან.
„ჩვენი კომიტეტების ფარგლებში დავიბარებთ ყველა სუბიექტს, თუ ეს გახდება საჭირო. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რათა არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი, პირველ რიგში, პოლიციის იმ თანამშრომლებმა, ვისაც ევალებოდათ კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ვინც კი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა გასცენ ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების ინიციატივით პარლამენტში მივიდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. კანონმდებლები დამატებითი დეტალებით დაინტერესდნენ, რაც 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შესაძლოა, იცოდეს.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესის ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს, რაც მათი უფლებების დაცვის გარანტი იქნება. მისივე თქმით, 15 წლის მოზარდის საქმის მასალებზე ომბუდსმენს სახელმწიფო ინსპექტორმა სრული წვდომა მისცა და ისინი მონიტორინგს განახორციელებენ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში კი პარლამენტს საქმის კურსში ჩააყენებენ.
„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც სახალხო დამცველს ჰქონდა, იყო ყველა პოლიციის განყოფილების, ყველა იმ სივრცის კამერებით აღჭურვა, სადაც იმყოფება დაკავებული ადამიანი თუ მოწმე. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან მოგვცა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ვიდეო თვალის ჩანაწერის სახით. თუმცა, გვქონდა ასევე მეორე რეკომენდაცია, რომ აუცილებელია თუნდაც საპილოტე რეჟიმში რამდენიმე განყოფილებაში მაინც დაიწყოს დაკითხვის და ჩვენების მიცემის პროცესის ჩაწერა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, ასევე იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, რა კითხვები აქვთ სკოლასთან, სოფო კილაძე ვერ აკონკრეტებს.
„ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული სიფრთხილის მოვეკიდოთ ამ თემას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა არასრულწლოვანი, ასევე, გამოძიების ინტერესებია, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით. მთელი სიმძიმის სკოლაზე გადატანა ნამდვილად არ ხდება. ამ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახაეს ვერც სამართალდამცველებმა, ვერც სკოლამ, ვერც სხვამ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ დაენახა“, – აცხადებს სოფო კილაძე.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, გაირკვეს ვინ დაუშვა ის ფაქტი, რომ 2011 წლის „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმის ერთ–ერთი სამართალდამცველი დღემდე სისტემაში რჩებოდა. ვოლსკის განცხადებით, რთულია არასრულწოვნის სიცოცხლის დაკარგვაზე საუბარი და ამასთან, განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ საქართველოში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.
„ძალადობრივი სისტემა, მათ შორის პატარა ბავშვებისადმი, დიდი ხანია დაინგრა. ამაზე აშენდა ძალიან ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. კონკრეტულ პოლიციელთან დაკავშირებით, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე ლაპარაკი ნაადრევია.
ძალიან რთულია ილაპარაკო მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის დაკარგვაზე და განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ შენს ქვეყანაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. სიღრმისეულად არის შესასწავლი სკოლამ რა როლი ითამაშა. გადაუხდელობის გამო ამ ბავშვს მოუხდა წასვლა, მამა ახალი დაღუპული ჰყავდა. იქნებ მეტი ყურადღება იყო საჭირო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან? პოლიციელი იქნება, მასწავლებელი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ვინც ამაში ჩარეული იყო, გამოკვლეული უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ლუკა სირაძე სისტემის მორიგი მსხვერპლია და შესაბამისად, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და უნდა გადადგეს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ არასწორია, სკოლის დადანაშაულება იმაში, რომ პოლიციას მიმართეს.
„ხელისუფლებას სურს ეს სკოლას გადააბრალოს, მიმართავენ განათლების, ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და გაუმართავად მუშაობენ, არის მცდელობა, რომ იმ ერთ გამომძიებელს გადაბრალდეს ყველაფერი. ამ ყველაფრის მთავარი მიზანია გადაეფარონ შს მინისტრს და ამით თავიდან აიცილონ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც პირდაპირ ეკისრება საქართველოს მთავრობას და ამ შემთხვევაში შს მინისტრს ამ ბოროტი სისტემის შენარჩუნებისთვის, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო დანამატს, სწორედ ამიტომ, სისტემის რეფორმირება არავის სურს. ამ სისტემის მსხვერპლია 15 წლის ლუკა სირაძე და მრავალი ბოროტების გამომწვევი იქნება კიდევ, თუ ეს სისტემა დარჩება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს საია–ს თავმჯდომარემ სულხან სალაძე, რომლის განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულზე სწორედ მათ ეკისრებათ.
„იმ მასალებით, რომელსაც ჩვენი ადვოკატი გაეცნო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის განცალკევებით გამოკითხვას და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს უარყოფდა. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს ეკისრება. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანმდებობები“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
სუიციდის მსოფლიო სტატისტიკა, რაც უნდა პარადოქსულად გამოიყურებოდეს, საპირისპიროს ამტკიცებს:
2015 წლის მონაცემებით (და არა მგონია, მას შემდეგ რაიმე მკვეთრი ცვლილებები მომდარიყო ამ მხრივ), ყველაზე მეტმა ადამიანმა, ყველაზე სტაბილური კეთილდღეობის ქვეყანაში - გ ე რ მ ა ნ ი ა შ ი ' მოიკლა თავი: 10 200 !
მეორე ადგილზეა ' ს ა ფ რ ა ნ გ ე თ ი - 9 200 ადამიანი...
ქვეყნების მოსახლეობის ოდენობის გათვალისწინებით, პროცენტულად, ამ სამწუხარო სტატისტიკის სათავეში დგას ' ლ ი ე ტ უ ვ ა : აქ 100 000 ადამიანზე სუიციდის 30 შემთხვევა მოდის.
საქართველოს შემთხვევაში, ორმაგად სამწუხარო და სამარცხვინოა ეს გადადგეს პრემიერი, ბიძინა და კიდევ ვიღაცეების ღრიალი.
სამწუხარო იმიტომ რომ ყოველი ასეთი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს რა უპატრონოდ გვყავს ბავშვები სახელმწიფოში(ყველას მხრიდან).... ხოლო, სამარცხვინო იმიტომ რომ უსუსურმა ოცენაბ ამ ნაციონალების სექტანტებს ასეთი მახინჯი გზები დაუტოვა სპეკულაციებისათვის. ეს ნაციონალები ხომ ფსიქიურად გაუწონასწორებელი ბოღმიანების კასტაა... დააფრიალებენ ახლა სან რაფალიანცის, ხან ამ ბოლო მსხვერპლის სურათებს და გაჰკივიან ბიძინა უნდა დამთავრდეს.
ასე სამარცხვონოდ როდემდე უნდა დავბორიალებდეთ შინ და გარეთ?! განა, უკეთესად გამკეთებელი არ გვყავს. მართლა პატრონი არ ჰყავს ამ საქართველოს!