ვისგან ემუქრება საფრთხე ბაჩო ახალაიას-

ვისგან ემუქრება საფრთხე ბაჩო ახალაიას- "კანონიერი ქურდებისგან" თუ ნაციონალებისგან

 

„როდესაც „ქურდებთან“ 20 მეტრში ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება“,- აცხადებს სასჯელაღსრულების №7-ე დაწესებულების მარტოობის ბინადარი ბაჩო ახალაია.

იგი მე-7დაწესებულების მესამე სარულზე იმყოფება. ამ საპყრობილეში მოთავსებულმა სხვა მსჯავრდებულებმა ჯერჯერობით არ იციან, რომ მათ სიახლოვეს  აღნიშნული პატიმარი იმყოფება. მისი ფლიგელი რკინის გისოსით არის გაყოფილი კანონიერი ქურდებისგან.

ახალაია აცხადებს, რომ მას უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია არ აქვს. მართალია, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამარტოო საკანშია მოთავსებული და ფლიგელში მის გარდა სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, თვლის, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მისი გადაყვანა უფრო ცინიზმია, ვიდრე - უსაფრთხოების დაცვა. მეტიც, თუ ვინმეს მისი უსაფრთხოების დაცვა სურდა, ე.წ. მატროსოვის ციხეში (სადაც ყოფილი თანამშრომლები იხდიან სასჯელს) უნდა გადაეყვანათ და არა  - N 7-ე დაწესებულებაში.

ბაჩო ახალაიასგან განსხვავებით, მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა სოზარ სუბარი. სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ მათ იზრუნეს იმისთვის, რომ ბაჩო ახალაიას თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, რადგან ძველ საპყრობილეში მას ძალიან ბევრი განაწყენებული ადამიანი ჰყავს და ყვირილისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან დაცული ვერ იქნებოდა. აღნიშნულ ახალ საპყრობილეში კი ადამიანის უსაფრთხოება ყველაზე მეტად არის დაცული. კონკრეტულად, ახალაიას საკანი აბსოლუტურად იზოლირებულია არა მხოლოდ დანარჩენი პატიმრებისგან, არამედ მთლიანი შენობისგან. უფრო მეტიც, შენობის იმ ნაწილში, სადაც ბაჩო ახალაია არის შესახლებული, არავინ ცხოვრობს. ზოგადად კი, N 7-ე დაწესებულებაში პატიმრების ძალიან მცირე რაოდენობაა და შესაბამისად, პატიმრებისგან რაიმე საფრთხე არ არსებობს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ გლდანის ციხის პატიმრებს ბაჩო ახალაიას მიმართ დიდი აგრესია ჰქონდათ და რამდენიმე პატიმარი ახალაიას მისამართით იმუქრებოდა კიდეც, რომ მას არ აცოცხლებდა. სწორედ ამ მიზეზით ახსნა თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მე-7 დაწესებულებაში გადაყვანა.

ცნობილია, რომ ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან N7-ე დაწესებულებაში 13 ნოემბრის საღამოს გადაიყვანეს, თუმცა მისთვის არანაირი განმარტება არ მიუციათ. როგორც ირკვევა, აღნიშნულ დაწესებულებაში პირობები ნორმალურია - სამი ოთახია თავის დერეფნიანად. დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც უთვალთვალებს მის იქ ყოფნას. ამ კამერების შესახებ დაკავებულმა თავადაც იცის და თავის დროზე ხელი აქვს მოწერილი ამასთან დაკავშირებით. ახალაიას ახალ საკანთან დაცვა ორივე მხრიდანაა მობილიზებული. სეირნობისას კი აბსოლუტურად იზოლირებულია ყველა  პატიმრისგან.

ამის მიუხედავად, ბაჩო ახალაიას თანამოაზრენი და ოჯახის წევრები მის მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, ახალაიას შესახლება კანონიერ ქურდებთან, რომლებსაც ის ებრძოდა, დაუშვებელია. მეტიც, ახალაიას იდეოლოგიური მეგობრები სამოქალაქო წინააღმდეგობის სხვა ფორმით, მათ შორის, მე-7 დაწესებულების პიკეტირებით იმუქრებიან. ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის წევრები ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ.

რა თქმა უნდა, ახალაიას მხარდამჭერთა შეკრებაზე ვინ თუ არა, თეა თუთბერიძე კვლავაც გამოჩნდა. მას შელაპარაკებაც მოუხდა ლალი მოროშკინასთან. იმ დროს, როცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, თეა თუთბერიძე საუბარში ჩაერთო და მისგან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთლისა და ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ნათესაური კავშირის გადამოწმება მოითხოვა. ამის საპასუხოდ ლალი მოროშკინამ მას უთხრა: „თქვენთან დაკავშირებით მერე ცალკე დავილაპარაკოთ, რაც ბაჩო ახალაიამ თქვენთან დამაბარა“. თუმცა თუთბერიძე კვლავაც ცინიკურად საუბრობდა.

For.ge დაინტერესდა, რა დააბარა ლალი მოროშკინას ბაჩო ახალაიამ თეა თუთბერძესთან. თუმცა ლალი მოროშკინამ გვითხრა: „არ შემიძლია, გითხრათ, რა დამავალა ბაჩო ახალაიამ თეა თუთბერიძესთან; ეს პრესისთვის არ არის. კომენტარს ვერ გავაკეთებ ადამიანებზე, რომლებიც გარეთ ურევენ სიტუაციას. არ ვიცი, რატომ აქტიურობს თუთბერიძე. არა მგონია, მისი უხამსი ქცევა ბაჩოსთვის იყოს სიკეთის მომტანი. როცა  მე, როგორც ოფიციალური პირი, გამოვდივარ და ინტერვიუს ვიძლევი, ამ დროს კი ასეთი შემოჭრა ხდება, ეს ცოტა უშნოდ ჩანს თუთბერიძისგან. არანაირად არა მგონია, ეს პროვოკაციები იყოს ბაჩოს ინტერესებში“.

ამასთან, ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ციხეში მყოფი ადამიანების უფლებები დაცული იყოს და ადამიანი პიროვნულად არ იყოს შეურაცხყოფილი, მასზე ზეწოლა არ ხორციელდებოდეს, რაც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, დამაკმაყოფილებელია.

„ბაჩო ახალაია აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნება ნებისმიერ ადგილას, სადაც გადაიყვანენ. ერთადერთი, რაც მისთვის შეიძლება მორალურად შეურაცმხყოფელი ყოფილიყო, ეს არის შეძახილები. გლდანის საპყრობილეში უფრო დიდი შანსია, ეს შეძახილები მის ყურამდე მივიდეს. აქ კი უფრო დაცულია, აქ არ ისმის შეძახილები,“-გვითხრა ლალი მოროშკინამ.   

For.ge დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა ბაჩო ახალაიას სიცოცხლე N7-ე დაწესებულებაში.

ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, სასჯელაღსრულების №7-ე დაწესებულება ნამდვილად უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ე.წ. კანონიერი ქურდები სხედან, ვინაიდან მათ არავინ მიუშვებს ბაჩო ახალიასთან; არც თვითონ მივლენ მასთან, ეს გამორიცხულია. სამაგიეროდ, ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ საფრთხე მოდის ზუსტად იმავე ნაციონალებისგან. მით უმეტეს, რომ ნაციონალების მიერ განწირული არაერთი ადამიანი გვინახავს. აქედან გამომდინარე, ადვოკატი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ნაციონალები ახალაიასთან შესვლის შეუზღუდავ ლიმიტს ითხოვენ.

„მე თუ მკითხავთ, სოზარმა კატეგორიულად უნდა შეუზღუდოს ლიმიტი, მათ შორის, მონიტორინგის ჯგუფსაც; თითოეული ადამიანი უნდა იყოს აღრიცხვაზე, რადგან არ არის გამორიცხული, ბაჩო ახალაია მართლა მოიშორონ ნაციონალებმა და მერე განაცხადონ, რომ ეს თურმე გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ან ახალმა ხელისუფლებამ. ბევრი გვინახავს მათ მიერ მოცილებული ხალხი და ერთი კითხვა მაქვს ნაციონალებთან- ოქრუაშვილი რომ გადაიყვანეს მე-7 საპყრობილეში, ეს რას ნიშნავდა? დაპატიმრების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი სწორედ მანდ ჰყავდათ გადაყვანილი. ნუთუ მაშინ არ ხდებოდა ზეწოლა? ირაკლი ოქრუაშვილი არ ებრძოდა ქურდებს? ეს ის ხალხი არ არის, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილს და კიდევ ვიღაცებს ციხის კარები გაუღეს, რომ მართლა რამე მომხდარიყო?!“-კითხულობს ლალი აფციაური.

ამასთან, იგი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნაციონალებს არ სურთ ბაჩო ახალაია ალაპარაკდეს, ამიტომაც მისი მოცილებით ორ კურდღელს დაიჭერენ, მასაც მოიშორებენ და ამას ახალ ხელისუფლებას დააბრალებენ. ამისთვის კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბაჩო ახალაია აუცილებლად ალაპარაკდება, უბრალოდ, ამას დროს უნდა, ამიტომ საშიშროება მოდის ისევ ნაცებისგან, მეტი არავისგან. მასვე ახსენდება ნაციონალების ადრინდელი ნათქვამი, რომ ციხეებში თურმე მშვენიერი პირობები იყო. თუმცა რატომღაც ეს მშვენიერი პირობები ახლა გახდა ცუდი პირობები.

ადვოკატის შეფასებით, ახალი ხელისუფლება ახალაიას მართლაც ნორმალურ პირობებს შეუქმნის და არავის სალაპარაკოს არ მისცემს. ამდენად, ლალი აფციაური ბაჩო ახალაიას ოჯახს მიმართავს.

„მისი ოჯახის გასაგებადაც ვამბობ, პირველად გაიგეთ, რომ ნაციონალებისგან გემუქრებათ საფრთხე? ჟვანიას ამბავი ხომ არავის დავიწყებია? დღემდე ეჭვქვეშ დგას მისი გარდაცვალების საკითხი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ესენი ქილერობას მიჩვეული ხალხია, არ უჭირთ ადამიანების ფიზიკური განადგურება. ასე მოგვისიეს შეიარაღებული ბანდფორმირებები 7 ნოემბერს, 26 მაისს, მიცვალებულები მაღაზიის თავზე შემოდეს. მათი ნდობა შეიძლება? ამიტომ არაფრით არ უნდა დაუშვან, რომ ზუსტად ნაციონალები შევიდნენ მის საკანში. იქ უნდა შევიდნენ აბსოლუტურად ნეიტრალური, კარგად შემოწმებული ადამიანები, რომ მართლა არაფერი დამართონ ახალაიას. არც ჟურნალისტები უნდა შევიდნენ, რადგან ეს არის განსაკუთრებული პატიმარი და ეს აჟიოტაჟი ძალიანაც არ მომწონს. რაღაცას მანიშნებს ეს უაზრო აჟიოტაჟი“,-აღნიშნა ლალი აფციაურმა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ რეალურად ბაჩო ახალაიას საშიშროება ემუქრება როგორც კანონიერი ქურდებისა და  ნაციონალებისგან, ასევე, ნებისმიერი იმ პატიმრისგან, რომელიც მას წამებაში  ამხელს. ასეთები კი ათასობით პატიმარია.

უფლებადამცველის თქმით, დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტის მიზანი ის არის, რომ ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება უზრუნველყონ ყველა შესაძლო საფრთხისგან, რომელიც მომდინარეობს ან ქურდებისგან, ან ნაციონალებისგან, ან სხვა სახის პატიმრებისგან. აქედან გამომდინარე, გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ამ ადამიანის უსაფრთხოებისა და სრული იზოლაციისთვის ყველაზე უკეთესი პირობები სწორედ მე-7 დაწესებულებაშია, რადგან იქ სულ 30-დან 40 პატიმრამდეა. ამ დროს კი ამავე სისტემის სხვა დაწესებულებებში ათასობით პატიმარია.

„ამ ათასობით პატიმრისთვის ბაჩო ახალაია ხელმისაწვდომი რომც არ იყოს (და, რა თქმა უნდა, არ იქნება ხელმისაწვდომი), მარტო ხმაურით, მარტო პროტესტის გამოხატვით და თუნდაც აჟიოტაჟით შეუძლიათ ამ პატიმრებს დეზორგანიზაცია შეიტანონ მთლიანი დაწესებულების ფუნქციონირებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ მისი უსაფრთხოებისა და იზოლაციისთვის. იმაზე აპელირება, რომ იქ სხედან ქურდები, უსაფუძვლოა. ასე, ყველა შენობაში სხედან ბაჩო ახალაიასგან გამწარებული ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა, ქურდი იქნება თუ სხვა პატიმარი. რასაკვირველია, ის ვერ იქნება მშვიდად, თუ მას ექნება კონტაქტი პატიმრებთან, კონტაქტის მაქსიმალურად აკრძალვა კი შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ცოტაა ასეთი პატიმარი. ნაციონალური მოძრაობიდან ვიღაცას უთქვამს, გამოდის, ქურდები სადაც არიან, ყველაზე დაცული ის ციხე ყოფილაო. დიახ,  საპყრობილეში, სადაც ყველაზე მძიმე დამნაშავეებად მიჩნეული ქურდები სხედან, ყველაზე მეტი უსაფრთხოებაა დაცული“, -აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაიაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამნაშვედ ითვლება, იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულშია მხილებული და, რა თქმა უნდა, ისიც სრულად უნდა იყოს იზოლირებული. მით უმეტეს, რეალურად იგი არ არის იზოლირებული საზოგადოებისგან, მასთან შედიან და ინტერვიუებს იღებენ, რაც გამორიცხული იყო ციხეში.

რაც შეეხება ნაციონალების მოთხოვნას, ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის თაობაზე, ადვოკატი და უფლებადამცველი აცხადებს, რომ ულიმიტო არაფერი ვარგა, არც ხელისუფლებაში უსასრულოდ ყოფნაც და არც ულიმიტო სიცოცხლე. ამდენად, თავისი წესები ყველაფერს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ბაჩო ახალაიასთან შესვლასაც.

„მით უმეტეს, რომ ნებისმიერი სხვა პატიმრისთვის ინტერვიუების მიცემა და საზოგადებასთან კონტაქტი დაუშვებელია. როდესაც ჯერ კიდევ მიუსჯელია პატიმარი, მას ტელეფონზეც არ არეკინებენ“.

ამდენად, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, სხვა პატიმრების მსგავსი უფლებები უნდა გავრცელდეს ბაჩო ახალაიაზეც. ის ფაქტი, რომ საპყრობილეში შესასვლელად 51-კაციანი ჯგუფი დაუშვეს და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იქ შესვლა, დასარეგულირებელია. მართალია, ბაჩო ახალაიას დაკავება საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ჟურნალისტებიც მისგან იღებენ ინტერვიუს, მაგრამ ეს ფაქტი მაინც დასარეგულირებელია ციხის ხელმძღვანელობის მიერ.

რაც შეეხება N7-ე დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას გადაყვანის ფაქტს, გელა ნიკოლაიშვილს ახსენდება, რომ სწორედ ამ დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულნი ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გირგვლიანის მკვლელები და ამ ადამიანებს კანონიერ ქურდებთან შეხება არ ჰქონიათ.

„თქვენ წარმოიდგინეთ, 2 ათასი კაცის ხმაურის ატეხვა და 35 კაცის (რომელთა შორისაც 20 კანონიერი ქურდია) ხმაური. მათ შორის რამხელა განსხვავებაა. ამდენად, სანქციების გატარება 20 კაცის მიმართ უფრო ადვილია, კარცერში ჩასმა იქნება ეს თუ სხვა სახის აკრძალვები, თუ 2 და 3 ათასი კაცის მიმართ?! მით უმეტეს, ისინი იმავე კორპუსში არ არიან და მოცილებულნი არიან ბაჩო ახალაიას საკანს. ამდენად, ვფიქრობ, მისი ოჯახის წევრებს ხმაურის ატეხვა აწყობთ და სურთ, ბაჩო ახალაია პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩინონ“,-გვითხრა გელა ნიკოლაიშვილმა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ახალაიას სხვა საპყრობილეში გადაყვანა კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და ეს კანონი მიღებულია სააკაშვილის დროს, სწორედ ბაჩო ახალაიას რეკომენდაციით. ამდენად, ამ კანონის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თვითონ უნდა განსაზღვროს, სად და რომელ დაწესებულებაში ეყოლებათ ესა თუ ის პირი. მთავარია, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილ იქნას, რადგან ამაზე პასუხს აგებს თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ნანა კაკაბაძე, ასევე, მიიჩნევს, რომ ახალაიას საფრთხე ემუქრება იმ ადამიანებისგან, რომელთა მხილებაც მას შეუძლია. ამ ადამიანებს კი სერიოზული სასჯელები ელით იმ დანაშაულებების გამო, რომლებსაც ბაჩო ახალაია მათთან ერთად სჩადიოდა. საუბარია იმავე დამკვეთებზე, შემსრულებლებზე. ამდენად, მათ სერიოზული წრე ჰყავთ უკმაყოფილო ადამიანების.

„ახალი ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს მისი გასამართლება და ყველა დანაშაულის საჯაროდ გამოტანა, რომელიც ძველ მაღალჩინოსნებს აქვთ ჩადენილი;  ხოლო ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაგუნდელების ინტერესი ისაა, რომ ეს საქმეები არ იყოს გამოტანილი; ამის მიუხედავად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბაჩო ახალაია შესაძლოა, ალაპარაკდეს. ამდენად, ბაჩო ახალაიასთან ნაცმოძრაობის წევრების ულიმიტოდ შესვლის საკითხს უნდა არეგულირებდეს კანონი და არა მათი მოთხოვნა, ულიმიტოდ შეგვიშვითო. მით უმეტეს, ბაჩო ახალაია დღეს არის განსაკუთრებული პატიმარი, განსაკუთრებული ინფორმაციის მქონე და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ საკითხებს გამოძიება უნდა წყვეტდეს“,-აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.

ამასთან, უფლებადამცველი ვერ აკონკრეტებს, ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები რატომ ვერ ხვდებიან, რომ მე-7 დაწესებულებაში იგი უფრო უსაფრთხოდაა მოთავსებული, ვიდრე -სხვაგან. თუმცა ნანა კაკაბაძის აზრით, ყველაფერზე აჟიოტაჟის ატეხვა ახალაიების ინტერესებშია.

„იმ დროსაც კი, როდესაც იქ არაფერი ირღვევა და ყველაფერი კანონიერადაა, მათ სურთ, თავი წარმოაჩინონ დევნილად და წამებულად“,-მიიჩნევს ნანა კაკაბაძე.