„გიორგი კეკელიძე იქცევა ცუდად“

„გიორგი კეკელიძე იქცევა ცუდად“

მავნებლობა საჯარო ბიბლიოთეკაში - სარემონტო სამუშაოების  კვალდაკვალ უმეთვალყურეოდ, დამცავი საშუალებების გარეშე დაწყობილი წიგნები და პერიოდული გამოცემები, ფონდებზე შემოდებული შესადუღებელი აპარატურის ელექტროდები და რკინები, ბიბლიოთეკის დირექციის სრული გულგრილობა, - ასეთია ბადრი მანჯავიძის თვალით დანახული საჯარო ბიბლიოთეკის მე-6 კორპუსში განთავსებული ფონდების  სურათი.

 ბადრი მანჯავიძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეურნეო სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, საკუთარი თვალით ნანახის ვიდეოზე ასახვა გადაწყვიტა და ფეისბუქგვერდზე ატვირთა კიდეც კადრები, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებმა. საუბარია სულხან ცინცაძის ქუჩა №63-ზე, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსია განთავსებული. შენობის გამაგრებითი სამუშაოების დროს, შესადუღებელი აპარატის ნაპერწკლებსა და კედლების ნგრევისა და მოჯავშნა-შელესვისას წარმოშობილ მტვერში როგორ ზიანდებოდა გასული საუკუნეების წიგნები და ჟურნალ-გაზეთები; როგორ უმეთვალყურეოდ იყო მიტოვებული ეს ფონდები და ხელოსნების პატიოსნებაზე იყო დამოკიდებული, გააყოლებდნენ თუ არა ამ ნიმუშებს ხელს.

„წიგნთა ვარამი“ - ამ სიტყვებით შეაფასა ბადრი მანჯავიძემ ნანახი და რეაგირებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციას მიმართა, მაგრამ ამაოდ. იქიდან მხოლოდ უარყოფითი გამოხმაურებები წამოვიდა, ინტრიგანის იარლიყი მიაწებეს. საბოლოოდ ბანდრი მანჯავიძემ გადაწყვიტა, აღარ გასცეს პასუხი ტენდენციურ კომენტარებს, უბრალოდ, თავისთვის დაასკვნა, რომ „კი ბატონო, კარგი ბიჭია გიორგი კეკელიძე (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი), ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის იქცევა ცუდად“!

ბადრი მანჯავიძეს შეურაცხმყოფელი კომენტარები არ დაკლებია ეროვნული ბიბლიოთეკის რიგ თანამდებობის პირთაგან.  ეროვნული ბიბლიოთეკის  დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის მოადგილე თინა ლომჯარია კი ბადრი მანჯავიძეს კომპეტენციას უწუნებს: „რომელი საჯარო მოხელე ეგ მყავს? წიგნები იცის? ფონდები რა არის, იცის? ბიბლიოთეკა რას წარმოადგენს, იცის? ეგ არის ჩვეულებრივი ანონიმშჩიკი, ავდგეთ და ატესტაცია ჩავუტაროთ“.

მაგალითად, ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი ამაზრზენ რამეს წერს, რომ ყველაზე საშინელი ადამიანები არიან ინტრიგანი და ე.წ. „ანონიმშჩიკები“. ამიტომ იგი ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ლევან თაქთაქიშვილს გამძლეობას უსურვებს: „ლევან, შენ გამძლეობას და წარმატებას გისურვებ. ისე (ბადრი მანჯავიძეს) შვილი თუ ჰყავს ჭკუათმყოფელი, იქნება, მისი მეშვეობით დაგენამუსებინათ ის ადამიანი“, რასაც უწონებს თაქთაქიშვილი. პროფესიად ამ ქალბატონს, წყალტუბოს კულტურის ცენტრის მენეჯერი უწერია. 

აქვეა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის კომენტარი. ისიც თაქთაქიშვილს  უწონებს საქციელს და თურმე „მათთანაც რემონტია და მათაც არ გაიტანეს საცავებიდან ფონდები“.   

For.ge ბადრი მანჯავიძეს ესაუბრა.

ბადრი მანჯავიძე: 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად ვმუშაობ. სხვა საკითხებთან ერთად შენობა-ნაგებებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ტექნიკური ზედამხედველობა მევალება. პროფესიით ინჟინერი მშენებელი ვარ და ასევე იურისტი - ადვოკატთა ასოციაციის წევრი სერთო სპეციალიზაციით. ერთადერთი ინჟინერ-მშენებელი ვარ საჯარო ბიბლიოთეკაში და არაერთი ტენდერის ინსპექტირებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს მეექვსე კორპუსი სულხან ცინცაძის 63-ში, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე და აქვს  წიგნსაცავების კორპუსი, სადაც განთავსებულია ფონდები. გარდა წიგნებისა, ამ ფონდებში არის ჟურნალ-გაზეთები, ნოტები, რარიტეტული მასალები. მოკლედ, ძალიან დიდი რაოდენობის ფონდებია ამ ექვსსართულიან საცავებში.

 შენობის გამაგრების ტენდერი მოუმზადებლად გამოცხადდა? ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციამ არ იცოდა, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას წინ უძღვის ფონდების  დასაწყობება და სხვა ადგილას გადატანა?

- ცინცაძის 63-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობის საცავების გამაგრების ელექტრონული ტენდერი შარშან  გამოცხადდა. მანამდე, 2017 წელს ბიბლიოთეკამ შეუკვეთა  წიგნსაცავების კორპუსის გამაგრების პროექტი. გამაგრების პროექტის განმარტებით ბარათში არის შემდეგი ჩანაწერი: “სამშენებლო კომპანია ვალდებულია ერთი კვირით ადრე მოახსენოს შენობის ადმინისტრაციას სართულზე სამუშაოების შესრულების მიზნით შესასვლელად, ფართის გათავისუფლებაზე, ყოველი სართულის მიხედვით ეტაპობრივად“. საცავების ფონდებისგან დაცლის მოთხოვნა პროექტის  ავტორმა არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად გ აითვალისწინა: 1. სართულის სიმძიმეებისგან დაცლა, რადგან იქ დამატებითი რკინის მძიმე კონსტრუქციები იყო შესატანი, პარალელურად  ხორციელდებოდა კედლების ნგრევები  და სამუშაოთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ელემენტარულად არ უნდა ჩანგრეულიყო იატაკი. 2. შედუღების“ და საბურღი სამუშაოების დროს არ უნდა მომხდარიყო აალება, ხანძარი. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ თვალთმაქცური გარიგება,  ხელშეკრულება №51 დადებული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორსა და სამშენებლო კომპანიის დირექტორს შორის. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით მშენებელს ჩაუწერეს ვალდებულებებში „უზრუნველყოს ეროვნული ბიბლიოთეკის VI კორპუსის ექვს სართულიანი წიგნების საცავიდან ფონდების დაცლა და შემდგომ საცავშივე დაბრუნება“.

როგორ მოგწონთ?

თქვენს მიერ გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ სულხან ცინცაძის ქუჩა №63-ში სხვადასხვა ტიპის სამუშაო შესრულდა. ამ სამუშაოების დროს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი მცველების გარეშე, უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული?

- დიახ, დიდი რაოდენობის სამუშაოები შესრულდა საცავებში, მათ შორის, შედუღების, ნგრევის, კედლების ჯერ ჩამონგრევის, შემდეგ კედლების არმატურით მოჯავშნის. ამას მოჰყვა ამ კედლების შელესვა ცემენტისა და ქვიშის ნარევით,  ლითონის გამბჯენი კოჭებით შენობის გამაგრება. ხშირად იყენებდნენ შედუღებას, ხდებოდა 2 სანტიმეტრის, ან უფრო მეტის სისქის ფირფიტების დადუღება განსაკუთრებული ძლიერი შედუღებით. ეს ყველაფერი ჩანს ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებში. შედუღებისას ნაპერწკლები ხშირად ეყრებოდა ამ ფონდებს. ერთი, რომ იყო აალების საშიშროება და მეორე - ფონდებმა სერიოზული ზიანი მიიღეს.

რაც შეეხება ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებს, იქ კარგად ჩანს, როგორ დავდივარ და ვფურცლავ ამ ძველ გაზეთებს, იქით მუშა ლესავს, აქეთ ვიღაც შედუღებას ახორციელებს, მე კი შევდივარ ქუჩიდან, სახანძრო კიბით. ამ კიბით მუშები ეზიდებოდნენ სხვადასხვა სამშენებლო მასალას და ვიღებ ამ ყველაფერს. კადრებში ჩანს, ასევე, პროექტზე ზედამხედველი და  სამუშაოთა მწარმოებელი და ისინიც თავისი მხრიდან იღებენ ვიდეოსაც და სურათებს.  საერთოდ, საცავში შესვლა არ შეიძლება ფონდების მცველი მუშაკის გარეშე. ვინც ვიდეოს ნახავს, ყველა დაინახავს, რომ დავდივარ დერეფანში და ხმამაღლა ვყვირი, აქ ვინმე ჩვენი არის? მერე ავდივარ ზედა სართულზე, იქაც არავინაა ჩვენიანი, ამას „ლაივში“ ვაკეთებ. როგორც წესი, ინსპექტირებით მევალებოდა დოკუმენტურად როგორც სურათებით, ასევე ვიდეო გადაღებებით დამეფიქსირებინა შესრულებულ სამუშაოთა ეტაპები, რასაც პერიოდულად ვაკეთებდი.

რომც ყოფილიყო იქ ჩვენი თანამშრომელი, წარმოგიდგენიათ, იქ ჯოჯოხეთურ პირობებში შემდუღებლის გვერდით უნდა მდგარიყო და კარები უნდა ჩააეკეტა! რამდენიმე წუთში ისიც და ხელოსნებიც ხომ გარდაიცვლებოდნენ მხუთავი აირის ზემოქმედებით. რა უნდა ექნათ, ქუჩაში დამდგარიყვნენ და ყოველ წუთში დილის 8 საათიდან გვიან საღამომდე მუშების ჯიბეები ეჩხრიკათ?! ერთი უბედურებაა წიგნის გატანა, მეორე უბედურებაა, რომ წიგნები დაზიანდა ნაგავში, მტვერში, ნამწვში, ორპირში. სხვათა შორის, ერთი ფეისბუკმომხმარებელი - ზაალ ასაბაშვილი გამოეხმაურა ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოებს და ჩემი სათქმელიც თქვა - „არ აქვს მნიშვნელობა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობაა, თუ მუშების პირადი თვითნებობა. ფაქტია, რომ ნადგურდება ეროვნული საგანძური, წიგნადი ფონდი. აქ მხოლოდ მტვერზე არაა საუბარი, აქ ცემენტის, ელექტროშედუღების აპარატის და სხვა საშუალებების გამოყენება მთლიანად ცვლის მიკროკლიმატს, რომელიც ნელი მოქმედებით ანადგურებს ქაღალდს“.

ამ ვიდეოების ატვირთვის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თუ გამოგეხმაურათ? ან მანამდე თუ აცნობეთ ამ მძიმე სურათის შესახებ?

- რა თქმა უნდა, გიორგი კეკელიძემ ეს ყველაფერი იცოდა.  ივნისის თვეში საცავებში შიდა სამუშაოების ჯერი რომ დადგა,  გავიგეთ, რომ საცავები აღარ დაიცლებოდა. როგორც ამიხსნეს, თურმე საბიბლიოთეკო საბჭოზე უმსჯელიათ, რომ არ დაეცალათ საცავები. ბიბლიოთეკის დებულებით, საბჭო ისეთი ორგანოა, რომელიც გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება. საბიბლიოთეკო საბჭომ რა მოტივით არ დაცალა საცავები, ეს მათ ჰკითხეთ. მითხრეს, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, რომ ჩემი საქმე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა ყოფილა.

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, ომის 10 წლისთავზე, სულხან ცინცაძის 63-ში ოკუპაციის კედელი  მოიხატა და ღონისძიება ჩატარდა. გიორგი კეკელიძე იყო მოსული. მაშინაც მიმდინარეობდა ეს სამუშაოები. რომ ვუთხარი, საცავებში ავსულიყავით, მითხრა, რომ არ იყო საჭირო, ისედაც იცოდა ყველაფერი. როგორც წესი, გენერალური დირექტორი და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები პერიოდულად, სამუშაოების მიმდინარეობის სანახავად ისედაც მოდიოდნენ მეექვსე კორპუსში. ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოები ვაჩვენე.  ისიც ვუთხარი, მის მოადგილეს და დეპარტამენტის დირექტორებს ვიდეოები და წერილები რომ გავუგზავნე. ისიც ვაჩვენე, რაც მომწერეს და  პირდადაც მითხრა ამ ხალხმა, რომ ჩემი საქმე არის „სვარკის“ ხარისხი და საცავების არდაცლა მე არ მეხება და რომ თურმე საცავების არდაცლის საკითხი ფონდებისგან გადაწყვიტა საბიბლიოთეკო საბჭომ. კეკელიძემ მითხრა, ეს რა უთქვამთ, მე მივხედავო და ასევე მთხოვა - ეს ვიდეოები და ეს სამსახურებრივი მიწერ-მოწერა  შეინახე, არ წაშალოო.

ეროვნულ ბიბლიოთეკას  არ აქვს შენობები, სადაც ფონდებს დროებით შეინახავდნენ?

- ამაზე საინტერესო იქნება გიორგი კეკელიძის პასუხი. ისიც საინტერესოა, მართლა დართო ნება სამშენებლო კომპანიას ფონდების გატანაზე და უკან შემოტანაზე ისე, როგორც ხელშეკრულებაშია თუ, წინასწარ, თვალთმაქცურად შეიტანა იქ ეს პირობა? როგორც ჩემთვის ცნობილია, ფონდები ეტაპობრივად უნდა გამოგვეტანა ჩვენი ძალებით. ასეთი სამუშაო არაერთხელ განხორციელდა ბიბლიოთეკის სხვა საცავებში და ამის კარგი პრაქტიკაც არის. იყო ლაპარაკი ადმინისტრაციულ კორპუსში რომელიმე სართულის ნაწილი დაგვეკეტა დროებით. იქ დიდი ოთახებიც  გვაქვს, შეგვეძლო გამოგვეყენებინა დერეფანიც, ასევე გამოგვეყენებინა ცარიელი დარბაზებიც. იმ ჯოჯოხეთში ფონდების დატოვებას ყველაფერი სჯობდა.

რატომ არ გამოიტანეს ფონდები, დღემდე ვერ ამოვხსენი. გამოსაკვლევი ამბავია. ძალიან ბანალურია, მაგრამ შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ ამ ადამიანებს არ უყვართ წიგნები და ნუთუ მათი ყველა ნამოქმედარი ფასადურია? ძალიან კარგია, რომ გაიხსნა წიგნის მუზეუმი, მაგრამ სხვა მხრივ ნუთუ ყველაფერი პიარზეა გათვლილი?! განყოფილების უფროსები დამასია დირექტორმა ფეისბუკზე, საქმეზე  არ გელაპარაკებიან, რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ბოლოს ჩემს შესახებ მრავალი მიზეზი  დაწერეს. თურმე გავბოროტდი, ვინაიდან არ მაძლევდნენ პრემიას და არ დამაწინაურეს, თურმე  ე.წ. „ატკატებიდან“ ფული არ მომცეს, თურმე ჩემი პროფილის სურათებს თუ ნახავთ, საბჭოთა გაგების კაცი ვარ. მოკლედ, ესაა თემიდან გაქცევა, სხვა არაფერი. პოეტმა რატი ამაღლობელმა იხილა რა  ვიდეოები ჩემს გვერდზე და ეს „ჯოჯოხეთი“ ფონდების, მომწერა, ვციტირებ: „უი, დაარტყი კეკელიძეს სუსის დავალებით?!“ ბატონ პოეტს  შევთავაზე, შევხვდეთ და ყველაფერს აგიხსნი, რომ წიგნების თავს ახალ ჯოჯოხეთს, ამჯერად რემონტს აპირებენ-მეთქი. მან პასუხად  მეგობრებიდან ამომშალა. საჯაროდ მოვუწოდებ ამ „წიგნების ქომაგს“, ბოდიში მომიხადოს პირადი შეურაცხყოფისთვის და ბოდიში მოუხადოს იმ  ხალხს, ვისი საკუთრებაცაა ამ ვიდეოებში ნანახი საგანძური.

რატომ დუმს გიორგი კეკელიძე?

- ეს ჰკითხეთ მას.  მან პირადში მომწერა და  ამაზე აქ არ ვისაუბრებ. ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე მომიძღვნა პოსტი, რატომ მაშინ არ ატეხა ამბავიო. ლევან თაქთაქიშვილი, რომელსაც ფონდების მოვლა და დაცვა ევალება და ყოვედღე დადის და ამოწმებს ფონდებს, იქ მოდიოდა კვირაში ერთხელ მაინც და ნახულობდა ამ ჯოჯოხეთს ფონდების თავს. ბრალს მდებს, რომ თურმე მაშინვე „ლაივში“ რატომ არ გავუშვი ეს ვიდეოები, რომელთაც 4 თვის განმავლობაში ვიღებდი. ეს კაცი ადასტურებს, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, დაერღვიათ კანონის მოთხოვნა და  ფონდები არ გაეტანათ საცავებიდან. უაპელაციოდ ირწმუნება, არაფერი დაზიანებულა და არ დაკარგულაო. იქ არსებული რამდენიმე ასეული ათასი ერთეულის დათვლას ალბათ რამდენიმე წელი არ ეყოფა მთელმა მისმა დეპარტამენტმა ერთად რომ თვალოს.

ახლა თქვენ ელოდებით გიორგი კეკელიძის რეაქციას?

- ვერ გეტყვით, ესეც მას თავად უნდა ჰკითხოთ. სხვათა შორის, წელს  გამოაცხადეს ვენტილაციისა და განათების სისტემების ახალი ტენდერი. ეს სისტემები 350000 ლარი დაჯდა და  გაურემონტებელ, შავად ნალეს კედლებზე და სვეტებზე დამონტაჟდა. ამა წლის აპრილის თვეში მოხსენებითი ბარათით მივმართე დირექციას, რომელშიც ვსაუბრობ, თუ რა ჯოჯოხეთი გადაიტანა ფონდებმა გასულ წელს და იმავეს ნუ გავიმეორებდით. ჯერ საცავები გაგვერემონტებინა და მერე  მოწყობილიყო სავენტილაციო სისტემა, რემონტამდე ამჯერად მაინც დაცლილიყო საცავები ფონდებისგან... ბავშვმაც კი იცის, რომ ასეა მიზანშეწონილი, მაგრამ გაგრძელდა მავნებლობა და გამოცხადდა ხსენებული ტენდერი.

მოხსენებით ბარათში  კეკელიძეს „ვუღეჭავ“ ამ ყველაფერს, რომ ეს ეკონომიკურადაც გაუმართლებულია და ტექნიკურადაც. სადღაც ერთ თვეში პასუხს  მწერენ - გავეცანით თქვენს მოსაზრებას და მივიღეთ ცნობადო. და ერთი კაცის წერილს იქიდან ხელს აწერს რამდენიმე, ანუ თვითონ გიორგი კეკელიძე და თანამდებობის პირები. ეს ყველაფერი სასაცილოა. ამით ხელმძღვანელობა ზეწოლას ახდენს ჩემზე, რადგან თურმე მე, ინტრიგანი, როგორ თუ მას წერილებით ველაპარაკები. წერილით კი არ ველაპარაკები, რომ ვერ გავაგებინე სიტყვიერად, მერე მივწერე წერილი. საცავები არის მთლიანად გასარემონტებელი, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არსებობს საცავებისთვის ასეთი სტანდარტის მოთხოვნა. სავენტილაციო სისტემის ჩართვა ურემონტო საცავებში ბევრად საზიანო იქნება ფონდებისთავს, ვიდრე მათი არჩართვა. ჩემი მხრიდან ამ ყველაფერის გასაჯაროება ემსახურებოდა მორიგი ვანდალობის პრევენციას. იმედია, ახლა მაინც, საცავების რემონტი ფონდებისგან  დაუცლელად აღარ განხორციელდება არც ამ კონკრეტულ საცავში და არც სხვაგან ქვეყანაში.  

თუკი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციას არ აინტერესებს ეს კონკრეტული ფონდები და თქვენ გულშემატკივრობთ ამ საქმეს, მაშინ შეიძლება მართლაც გაჩნდეს შეკითხვა, თავიდანვე რატომ არ გაახმაურეთ ეს ფაქტი?

- მაშინვე ავტეხე ამბავი, ზემოთაც ვახსენე, გენერალური დირექტორის მოადგილეს და ორი დეპარტამენტის დირექტორს, ვისაც ეს საქმე უშუალოდ ეხებოდა, გავუგზავნე ვიდეოები ჩაწერის დღესვე და ასევე გავუგზავნე წერილი. ამ ყველაფრის წინ კი ვესაუბრე ტელეფონზე. როდესაც უშუალოდ ვნახე შედუღების პროცესი, ნანახმა ჩემს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩავწერე და გავუგზავნე. ამან გაჭრა, მეორე დღეს სასწრაფოდ ერთად მოცვივდნენ გენდირექტორის მოადგილე, ორი შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი და განყოფილების უფროსი.  მოვიდნენ და გამომიცხადეს ის, რაზეც ზემოთ მოვყევი, რომ ჩემი საქმე „სვარკის“ ხარისხის დაკვირვება იყო.

ყველაზე სამარცხვინო ამ ყველაფერში კი ის იყო, რომ ხელშეკრულებით მშენებელს ჩაუწერეს „საცავების დაცლა“, ანუ თურმე მშენებელს უნდა წაეღო ფონდები და დაეცალა საცავები. ეს ხომ აბსურდია იმ ფონზე, როცა ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც კი ვალდებული არიან  სპეციალური ხელთათმანების გამოყენებითა და ცოდნით იმუშავონ ფონდებთან. ანუ თავშივე ჩადეს აბსურდი და ეს არის ამ საქმის ანი და ბანი. ამ ხელშეკრულებას კი ხელს აწერს გენერალური დირექტორი. ხელშეკრულებაში რომც არ ჩაეწერათ საცავების დაცლა, ისე არ  უნდა დაცლილიყო საცავები? ეს ხომ კომიკური სიტუაციაა? ხელშეკრულებაში მშენებელს რომ უწერ საცავების დაცლას და მერე უკან შემოტანას, სად უნდა წაიღოს მშენებელმა ეს წიგნები?  რა უფლება აქვს მშენებელს, ხელი მოჰკიდოს ამ საგანძურს!

როგორ გგონიათ, ამ ფონდის რამდენი პროცენტი დაზიანდებოდა?

- ამას ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის. შენობაში, სადაც „სვარკით“ მუშაობენ, სადაც კლიმატკონტროლი დარღვეულია და სამშენებლო ნაგავითაა სავსე, განსაკუთრებული ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. თუნდაც შესადუღებელი ელემენტების ნამწვისგან, რომელიც წარმოადგენს აზბესტის, ფტორის ქრომის, დარიშხანის ნაზავს, პლუს სიმხურვალე, ულტრაიისფერი გამოსხივება, თვეობით ორპირ ქარზე ყოფნა.

ფონდების ნაწილს გადააფარეს ცელოფანი. ამ გადასახედიდან ესეც არ მიმაჩნია სწორად. ყველაფერ ამაზე ერთადერთ პასუხი აქვთ ეროვნული ბიბლიოთეკის მესვეურებს - ცუდი კაცი ხარო. დარღვეულია საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, კერძოდ, მე-12 პრიმა მუხლის მოთხოვნა. თუ გამოცხადებული ტენდერის პირობებში რაიმე ცვლილება შეგაქვს შემსყიდველს, სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს  5 დღისა, ეს ცვლილება უნდა ასახოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კონკურსანტი რომ მოდის, მან უნდა იცოდეს, რა ცვლილებაა შესული თავდაპირველ პირობებში - ვგულისხმობ საცავების ფონდებისგან დაცლა რომ არ მოხდებოდა. ამით არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიები. ამით ზიანი მარტო წიგნმა კი არ მიიღო, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმაც.

თქვენი მოწინააღმდეგების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, იქნებ, უნიკალური ეგზემპლარების მეორე დედანიც აქვთ და არაფრად უღირთ მათი დაცვა?

- ამაზე უმჯობესია დირექციას ჰკითხოთ.  

 

სოციალისტი ეგ კეკელიძე რაღაც ძალიან უშნოდ ებღლარძუნება ახალგაზრდებს.... თან გამწარებული ლიბერალ-გლობალისტია!
4 წლის უკან
სერმინე გეთანხმებით, ლიბერალ-გლობალისტი ქუდში :)
4 წლის უკან
სერმინე გეთანხმებით, ლიბერალ-გლობალისტი ქუდში :)
4 წლის უკან
Maverick ე.ი. ლიბერასტია?!
და რადგანაც ლიბერასტია, მსოფლიო გლობალიზაციის "დიადი" იდეიდან გამომდინარე მისთვის აზრი არ აქვს ეროვნული საგანძურის დაცვას...
4 წლის უკან
Katana . ეეჰ, მე კიდევ ინტერვიუ წავიკითხე ბატონ კეკელიძესთან ახლახან, სადაც ჟურნალისტი სახტად დარჩენილი ეკითხება, როგორ ასწრებთ ეს ერთი კაცი ამდენი ეროვნული საქმის კეთებასო?!.
ისიც მოკრძალებით პასუხობს, რამდენ რამეს არის შეჭიდებული და, რაც მთავარია, მთელ საქართველოში როგორი გამალებით ხსნის ბიბლიოთეკებს!.. სადღაც მიყრუებულ სოფელში რომ ერთი მასწავლებელი ცხოვრობს, იმისთვისაც კი ცალკე ბიბლიოთეკას ხსნის, თურმე!..
თან ლექსებს წერს (უფრო პოეტი ვარ, ვიდრე პროზაიკოსიო), მოთხრობების კრებულებს სცემს, პრემიებს იღებს... მისი შემოქმედებით ევროპასა და აზიაშიც დაინტერესებულან და ფრანგულად და ჩინურადაც გამოუციათ მისი მოთხრობები. (ურდუს და სუაჰილის ენებზე არაფერი ვიცით).
ამდენი საქმის მკეთებელს, ფონდებისთვის სცხელა ახლა?!
ამ რაცხა ფონდების გამო როგორ უნდა უსაყვედურო ამხელა მოღვაწეს, პუტინის აგენტი თუ არ ხარ!.. დიდი ამბავი, ეს ფონდები თუ განადგურდება! სამაგიეროდ, მისი უკვდავი თხზულებები დარჩება სამშობლოს!
სწორად ამოუცვნია რატი ამაღლობელს (პოეტის ინტუიცია მაინც სულ სხვაა!) : სუსის დავალებით დაარტყიო, ხომ, კეკელიძეს?
ცხადია!.. აბა, ინტრიგანი სუს-ის გარდა, ვინ უნდა დაინტერესებულიყო ამ ფონდების ბედით!..
4 წლის უკან
სოციალისტი ხო ლექსებს წერს... აგერ მისი ერთი მარგალიტი -მრუდე საგალობელი
შესაქმე

ზომიერებაა ყოველივეს ძირი
ლაო–ძი

რასაც ჩასძახებ
ანდაზიდან

მზე ამოვიდა მზიდან.


გამოსვლა

მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ.

ქარი – მშრალი სამართებელი – პარსავს ჭალებს
და ხეებს წითელი ფოთოლი უნებლიე ჭრილობასავით აჩნია.

მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ.

ვისწავლე –
ღამის ჩალით დღის გადახურვა,
რკინის ქალამანი მოჭრილ ფეხზე,
მოჭრილ ხელით საჭის ჭერა,
ბადის სროლა მღვირე ქვიშაში.

მერვე დღეა მჭლე ბალახს ვჭამ –
ცას უწია ჩემმა რქებმა.

მომბეზრდა –
თოკზე ყელი მოვიზომე –
საბძელი დაიქცა.
დანაზე ძარღვი მოვმართე –
სისხლი შედედდა.
შაბი ვსვი
და დავთვერი
დავთვერი და
მდინარეში გადავეშვი –
სადღაც ახლოს მტერი იჯდა და ჩემს გვამს უცდიდა,
ცოცხალი დამინახა და გამომიყვანა.

იმედი თავზე
გადამეწურა
და უკვდავების ოფლით
სველი
მივდიოდი და ჩემს უბედო ჟამზე მოვთქვამდი.

დღეს ჭა ვიპოვე.
ჭა – მიწის ცრემლმომდგარი თვალი
და ჩავძახე:
ქარიშხალი – სიო ამომძახა,
სევდა – სიმღერა,
სიმღერა – სევდა,
სევდა – სიო,
სიო –ქარიშხალი.

სათლი – საცერი.
თივა – ცეცხლი.
ცეცხლი – საცერი.
საცერი – თივა.

მაშინ მივხვდი –
ავდექი და მე ჩავეძახე
4 წლის უკან
სოციალისტი ეს უბედური ჭინთვა თუ ლექსია, მაშინ ეს რაღაა??!!
ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს,
დილაობით შენ რომ იცვამ,
დაცემულთა დაქცეულ სისხლს,
დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ,
ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოახვევს,
სააკაძის ხმალის ნატეხს
უკვდავებით ნათილისმარს,
ნარიყალას წარსულ სახეს,
აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ!
ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს,
ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს!-
თუ ოდესმე, როგორც ძველად,
ამ ცას ვინმე შეგვეცილოს...
წმინდა ვალის მოსახდელად
უყოყმანოდ შეგეწირო.
მოვკვდე ისე ღიმილმჩენი,
ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად,
რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი
დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ.
ჩემო მიწავ! ლაჟვარდებში
ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით,
ვინც გაღეღილ საგულეში
ჩაიბნია ვარსკვლავები,
ვინც შებორკა მტრების ზრახვა
ვინც ქმნის მუდამ იგი მე ვარ
მე ჩემს თბილისს მალე ვნახავ
მე ნაომარ არწივს ვგევარ
შორს სახელი გამივარდა
შორს წასულან ჩემი ხმები
მე ოცი წლის გმირი ვარ და
საუკუნე მიმაქვს მხრებით.
მირზა გელოვანი.

ცრემლი მომერია!
4 წლის უკან
Maverick კატანა, ჩააგე მახვილი, "გადაიღალა" დიადი ლიბერასტი, ჯობს დავასვენოთ ფონდებზე ზრუნვისთვის და სადმე ჩეროში დავსვათ, რომ გლობალიზაციის "დიად" მეხოტბეს რამე ფარსაგი არ მოუვიდეს და არ შევრცხვეთ ევროპის წინაშე...
კარგი, რა სოციალისტო. შე "წარსულში" "ჩარჩენილო" არ "გრცხვენია"?! ამოდენა ლიბერასტ მოღვაწეს, პოტთა და პროზაიკოსთა "მუზას" საქართველოს სიყვარულით ანთებულ, ეროვნულ მირზა გელოვანს ადრი "ბუმბერაზ" ღლობალისტ კეკელიძეს?!
4 წლის უკან