ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერისა და უეფას ექს პრეზიდენტის მიშელ პლატინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
სარჩელის მიზეზი 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვა გახდა. ეს თანხა 2011 წლის თებერვალში ბლატერის მითითებით ფიფას ანგარიშიდან პლატინის გადაერიცხა. მოგვიანებით შვეიცარიის სასამართლომ აღიარა, რომ ამ საბანკო ოპერაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა და ის საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს.
მიმდინარე წლის 11 დეკემბერს ფიფას მმართველობის კომიტეტმა დაადგინა, რომ ორგანიზაცია ვალდებულია თანხა დაიბრუნოს და ის ფეხბურთის განვითარებას მოახმაროს.
იოზეფ ბლატერი ფიფას 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ორგანიზაციაში კორუფციული სკანდალის აგორების ფონზე გადადგა. მიშელ პლატინიმ, რომელიც მაშინ უეფას პრეზიდენტი იყო, ამ პოსტზე თავისი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა 2 მილიონი ფრანკის გადარიცხვის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო ის იძულებული გახდა, კანდიდატურა მოეხსნა.
გამოძიების შედეგად პლატინიმ უეფას პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ის და ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორეს.
როგორც ბლატერმა თავის დროზე განმარტა, 2 მილიონი ფრანკი პლატინის „ჯენტლმენური შეთანხმების“ საფუძველზე გადაურიცხა. თავის მხრივ პლატინიმ განაცხადა, რომ ეს თანხა 1998-2002 წლებში გამოიმუშავა, როდესაც ის ფიფაში ბლატერის მრჩეველი იყო, თუმცა ორგანიზციამ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო მისი გადახდა დროულად ვერ შეძლო.