რას ემსახურებოდა პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება“. ეს იყო შემთხვევითი წამოცდენა, ქართული ენის უცოდინრობა, თუ გამიზნული პროვოკაცია, რაც რუსეთის ინტერესებშია? მისი განცხადება იმპიჩმენტის შესაძლებობას იძლევა? ამის შესახებ For.ge-ს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ესაუბრა.
აკია ბარბაქაძე: ძნელია, სხვის მაგივრად იაზროვნო, რას ფიქრობდა პრეზიდენტი, მაგრამ იურიდიულად იმპიჩმენტისთვის ეს საქციელი არასაკმარისია. იმპიჩმენტი მაშინ დგება, როცა თანამდებობის პირს დანაშაული აქვს ჩადენილი. ამიტომ ეს გადამეტებითი შეფასებაა. გასაგებია, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გვანებივრებს თავისი არაორდინარული განცხადებებით და ხშირად გაუგებრობისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. სხვათა შორის, ასეთ განცხადებებს ის პრეზიდენტად არჩევამდეც აკეთებდა. გავიხსენოთ თუნდაც მსჯელობა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისი სპეციფიკური აზროვნებიდან გამომდინარეობს, მას საკმაოდ ღარიბ სიტყვათა მარაგი აქვს ქართულ ენაზე, ვერ ასრულებს წინადადებებს და მისი ნალაპარაკევი ინტერპრეტაციის ასპარეზს ქმნის. თუკი ჩავთვლით, რომ მისი სიტყვები გამიზნულია, მაშინ არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მოტივი რა არის, რა დივიდენდს ღებულობს ამით? ამით ხომ საკუთარ თავს აზიანებს, ქვეყანას აზიანებს? მაშინ ეჭვი უნდა შევიტანოთ მის ადეკვატურობაში, რადგან შეუძლებელია პირველმა პირმა, მთავარსარდალმა შეგნებულად გააკეთოს ასეთი განცხადებები. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და მის ადეკვატურობა-არაადეკვატურობას ვერ შევაფასებ.
სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს რომ დავესესხოთ, ჯარი გვყავს თუ არა?
- რა თქმა უნდა, ჯარი გვყავს და ეს აღიარებულია არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ჩვენი სამხედროები ძალიან საპასუხისმგებლო მისიებში არიან წარმოდგენილნი მსოფლიოს ცხელ წერტილებში და წვლილი შეაქვთ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში. საკმაოდ კვალიფიცირებული შეიარაღებული ძალები გვყავს, ჩვენი ჯარი ახლა იმყოფება მოდერნიზაციის, გადაიარაღების სტადიაში, მისი სწრაფვა ნატოს სტანდარტებისკენ დასასრულის ფაზაშია. ის ინტერესი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები იჩენენ ქართული არმიის სრულყოფისთვის, გამოიხატება იმ სწავლებებში, იმ წვრთნებში, რომელიც ტარდება ქართულ შეიარაღებულ ძალებში და იმ პასუხისგებლობაში, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს აღებული. სამწუხაროა, როდესაც ასეთ ფორმას ღებულობს უმაღლესი მთავარსარდლის განცხადება.
ასეთი განცხადებები როგორ აისახება ქართველ ჯარისკაცებზე?
- ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების უფროსი გამოდიან და ახსნა-განმარტება უწევთ, ნიშნავს, რომ ჯარში უარყოფითად იქნა ეს განცხადება შეფასებული და ცუდად იმუშავა ამ თემამ. თუ არ გვყავს ჯარი და არც გვეყოლება, მაშინ როგორ მისცა გენერლობის უფლება უმაღლეს ოფიცრებს?! აქედან გამომდინარე, ეს ერთმანეთის საპირისპირო ქმედებებია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილს ასეთი განცდა არ აქვს, რომ არ გვყავს ჯარი და ჯარი არც გვეყოლება, უბრალოდ, მას კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ეს ახალი არ არის, ცნობილი ფაქტია. ამიტომ უმჯობესი იქნება, ამას ყურადღება მიაქციოს ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, განსაკუთრებით, უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომლის ვალდებულებაშიცაა, წესდების თანახმად, რომ მისი გამონათქვამები და ბრძანებები ჯარში იყოს მოკლე, ნათელი და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. მე ასე აღვიქვი, რომ მას უნდოდა ეთქვა, რომ ვერც შეიარაღებული ძალებით და ვერც ტექნიკით ჩვენი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს იმ საკითხებს, რაც შეიძლება გადაწყდეს კულტურისა და განათლების მიხედვით. თუმცა, შემდეგი საკითხები, ინტერნეტის წვდომაზე, გაკონტროლებაზე, სხვა ქვეყნის ექსპერტების აღიარებაზე, რეალობასაა მოწყვეტილი. ჯერ ერთი, ასეთი სურვილები არ უნდა უჩნდებოდეთ ადამიანებს და მეორე, ეს განუხორციელებელი იდეებია, რაც წამგებიან სიტუაციაში აყენებს უმაღლესი მთავარსარდლისა და სახელმწიფოს იმიჯს. თვითონ მმართველი გუნდის წევრებიც კი აკრიტიკებენ და ემიჯნებიან პრეზიდენტის ამ განცხადებას, როგორც საპარლამენტო დეპუტაცია, ისე მინისტრები, თავდაცვის მინისტრი და უმაღლესი გენერალიტეტი. ეს პირდაპირი მიმანიშნებელია, რომ ეს განცხადება არაკომპეტენტური და დამაზიანებელი იყო როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს დაებედა შეცდომები ჯარის მიმართ. მიშას დროს ჯარისკაცებს უაღრესად დამამცირებლად ექცეოდნენ, მათ უცენზუროდ მოიხსენიებოდნენ, განსაკუთრებით, ე.წ. მუხროვანის ამბოხისას. აღარაფერს ვამბობთ, აგვისტოს ომში ცოცხალი და დაღუპული ჯარისკაცების მიტოვებაზე.
- სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძეს არ ჰქონია ასეთი დამოკიდებულება ჯარის მიმართ. განცხადების დონეზეც არ მახსოვს, მას არასწორი დამოკიდებულება ჰქონოდა ჯარის მიმართ. პირიქით, შევარდნაძე თავად საომარ მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას. თუმცა რამდენად სწორი იყო იმდროინდელი საომარი გადაწყვეტილებები, ეს მეორე თემაა. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, შოთა რუსთაველმა ბრძანა ეს სიტყვები. ადამიანი გაჰყვირის იმას, რაც მას აწუხებს. მიჭირს იმის ახსნა, თუნდაც სააკაშვილს რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება შეიარაღებულ ძალებთან. ფაქტია, ის აზიანებდა თავისი ქმედებებით შეიარაღებულ ძალებს.
დამამცირებელი იყო ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს სააკაშვილის მხრიდან ჯარისკაცების ჩამწკრივება და მათი დატუქსვა, „თქვენ სამხედროები გქვიათ? არ გრცხვენიათ? გადაყოლილი ვართ მე და სახელმწიფო თქვენზე“.
- მისი მოსვლის დღიდან დაიწყო შემცირებები, მასობრივი წმენდა შეიარაღებულ ძალებში, ეს ოქრუაშვილის პერიოდი იყო, თუ შემდეგი პერიოდი. ფაქტობრივად, მაშინ მოხდა საომარ მოქმედებაში მყოფი, გამოცდილების მქონე, დასავლეთის სასწავლებლებში განათლებამიღებული ოფიცრების მასობრივი განდევნა ჯარიდან და პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლებით მათი ჩანაცვლება. რაც შეეხება დღევანდელობას, მე არ მინდა შევიდე იმ განხილვაში, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ეს შეგნებულად ჩადენილი საქციელია.
მაგრამ ამ ნათქვამს რუსეთი ხომ გამოიყენებს და რუსული პრესა აიტაცებს?
- რა თქმა უნდა, ყველა გამოიყენებს და ჩვენს მოკავშირეებსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამ ტიპის განცხადებები. უმჯობესი იქნება, თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებში ცოტა მოზომილნი იქნებიან და წინასწარ წერილობით ჩამოაყალიბებენ სათქმელს. თუ ენისა და კომუნიკაციის პრობლემაა, ნება იბოძონ და პრესსამსახურსა და სპიკერებს გააკეთებინონ ასეთი განცხადებები.
სხვათა შორის, მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტს პირველი წინააღმდეგობაც შეხვდა. პირველი უარყოფითი რეაქცია სწორედ ღარიბაშვილისგან წამოვიდა და ეს ლოგიკური იყო, რადგან, თუ ჯარი არ გვყავს, მაშინ, სალომე ზურაბიშვილის ლოგიკით, რისი მინისტრია ღარიბაშვილი? ეს პირდაპირი დარტყმა იყო თავდაცვის მინისტრზე.
- ჯარი გვყავს. მართალია, რეგიონში ყველაზე მცირერიცხოვანი და ყველაზე ნაკლები დაფინანსებით, მაგრამ ჩვენ გვყავს თანამედროვე ყაიდაზე გარდაქმნილი შეიარაღებული ძალები, რომლის მოდერნიზაციაც ხდება ნატოს სტანდარტების მიხედვით, ეს ყველაფერი შეთანხმებულია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და ამოცანები ამ გზაზე, რასაც ჰქვია კოლექტიურ თავდაცვაში გაწევრიანების გზა.
ასეთი განცხადების შემდეგ პრეზიდენტს ქართველ მეომრებთან ავღანეთში ჩასვლა გაუჭირდება? თუ ჯარისკაცები გაგებით შეხვდებიან მის განცხადებებს მისი მხრიდან ქართული ენის უცოდინრობის გამო?
- პრეზიდენტი თვითონაც ვერ მიხვდა, რა განცხადება გააკეთა ქართული სიტყვების ნაკლები მარაგის გამო. ეს არის მისი დაუსრულებელი წინადადებები, ზმნებისა და არსებითი სახელების ნაკლებობა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირადაა მის მეტყველებაში.
„შესაძლებლობა არ გვაქვს, დავიპყროთ რეგიონი“, - მისი ეს გამონათქვამიც ენის უცოდინრობას მიეწერება?
- „შესაძლებლობა არ გვაქვს, დავიპყროთ რეგიონი“, - ეს უკვე შიზოფრენიაა. ჩვენ არც შეიძლება გვქონდეს ამის სურვილი. რეგიონის დაპყრობა კი არა, ოკურებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზეც კი ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ძალის გამოუყენებლობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. რომელ რეგიონის დაპყრობაზეა საუბარი - თურქეთის, ირანის, სომხეთის, რუსეთის, თუ აზერბაიჯანის? ჭკუათმყოფელ ადამიანს ასეთი რამ თავში მოუვა?
ამ ეტაპზე ნატოში არ გვღებულობენ, მაგრამ ქართველი ჯარისკაცების კონტრიბუცია ზუსტად იმ მიზნისთვისაა, რომ ოდესმე გავწევრიანდეთ ალიანსში. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადება ნატოში გაწევრიანებისთვის ხელშეშლაა, რადგან მას არ ესმის, რისთვის ტარდება ამერიკული წვრთნები, რაში გვჭირდება ნატოში გაწევრიანება?
- თუ ეს ასეა, მაშინ ფრანგულ განათლებასა და ფრანგულ დიპლომატიაზეც უნდა დავკარგოთ წარმოდგენა. შეუძლებელია, ადამიანი მუშაობდეს გაეროში პასუხსაგებ თანამდებობაზე, იყოს ფრანგული დიპლომატიის სკოლის წარმომადგენელი, საფრანგეთში ჰქონდეს განათლება მიღებული, იქ იყოს გაზრდილი, პირდაპირი შეხების წერტილი არ ჰქონდეს არც კომუნისტებთან და არც ბოლშევიკებთან და ასე აზროვნებდეს. ბოლოს და ბოლოს, უცხოეთის ელჩები სწავლობენ ქართულს და რა გახდა სრულყოფილად ჩაუჯდეს ქართულს, ან, თუ ვერ სწავლობს ასაკიდან გამომდინარე, არც ეგ არის პრობლემა. უმჯობესი იქნება, ასეთ ვითარებაში უცხო ენაზე იაზროვნოს და ილაპარაკოს, ან მისმა სამსახურმა დაუწეროს ტექსტი და, თუ წაკითხვასაც ვერ ახერხებს, მაშინ სხვამ წაიკითხოს და სხვამ გააჟღეროს.