ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და 107:85 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:58 წუთი გაატარა და თავის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა ჩაიწერა. ეს ბითაძისთვის „ფორტ ვეინიდან“ დაბრუნების შემდეგ NBA-ში პირველი თამაში იყო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ინდიანას“ მცველი აარონ ჰოლიდეი (23 ქულა, 6 მოხსნა, 2 გადაცემა) გახდა. „ინდიანას“ რიგებში ორმაგი დუბლი გაიფორმეს მაილს ტერნერმა (14 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა) და დომანტას საბონისმა (12 ქულა, 12 მოხსნა, 4 გადაცემა), სტუმართა რიგებში კი კოდი ზელერმა (19 ქულა, 12 მოხსნა, 2 გადაცემა) და ბისმაკ ბიომბომ (11 ქულა, 17 მოხსნა, 2 გადაცემა).
27 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 18 დეკემბერს შინ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.