„ჩააგდე სია“, - ამ მოწოდებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გააპროტესტეს.
„სია უნდა ჩავარდეს და ამას ალტერნატივა არ აქვს“, - განცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, სამართლის დოქტორმა ანა დოლიძემ და 11 მიზეზი დაასახელა, რის გამოც პარლამენტს კანდიდატების სია უნდა ჩაეგდო.
For. ge ანა დოლიძეს ესაუბრა.
20 კანდიდატურიდან 14-ის კანდიდატურა პარლამენტში გავიდა. ერთმა მათგანმა - ზაზა თავაძემ თვითონვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და, როგორც ამბობენ, სინდისის ხმამ უკარნახა. როგორ ფიქრობთ, იმ სამარცხვინო სიიდან, როგორი შეფასებაც ამ სიამ დაიმსახურა, 5 კანდიდატურის ჩაგდება თქვენი გამარჯვებაა?
- პირველ რიგში, ეს არის ხალხისა და ჩვენი ბრძოლის გამარჯვება. ეს სია 20-დან 14-მდე რომ დავიდა და რამდენიმე სერიოზული პრეტენზიების მქონე ადამიანი გამოეთიშა ამ პროცესს, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ 6 ადამიანი გამოვრიცხეთ ამ სიიდან, ეს 6 ადამიანი რომ აღარ არის ამ სიაში, ეს ჩვენი მობილიზაციისა და მიღწევების შედეგია. პარლამენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. „ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, არჩევანი კომფორტისა და კარგი ცხოვრების სასარგებლოდ გააკეთა, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არავითარი პოლიტიკური იდეოლოგია არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი იდეოლოგია კარგად ცხოვრება, კორუფცია, ჩაწყობები და გარიგებებია. თუმცა მათი ასეთი ყოფა დროებითია, რადგან სულ რამდენიმე თვე დარჩათ, სანამ ძალიან სამწუხარო სახელით ჩაბარდებიან საქართველოს ისტორიას. ჩვენ სასამართლო თავისუფლებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
ფიქრობთ, რომ ეს უვადო მოსამართლეები რეალურად არც იქნებიან უვადოები და მათი ვადები განსაზღვრული და შემჭიდროებულია?
- მოსამართლე, რომელსაც იურიდიული განათლების დიპლომი არ უდასტურდება, როგორ შეიძლება გამოსცემდეს განაჩენებს და გადაწყვეტილებებს?! ფაქტია, ასეთი მოსამართლე აპირებს შეასრულოს ჩინჩალაძის როლი და განკარგულებები განახორციელოს სასამართლოს შიგნით, სწორედ ამისთვის ირჩევენ შალვა თადუმაძეს.
სხვათა შორის, თადუმაძის შესახებ მამუკა მდინარაძე ამბობს, ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს ის სასწავლებელი, სადაც თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომი ეჭვქვეშ არ დგასო.
- სასწავლებლის სახელი არაფერ შუაშია. მთავარია ის, რომ თადუმაძემ იმ სასწავლებელში ჩააბარა ერთი წლით ადრე, ანუ, სანამ ის დაარსდა. პირველ რიგში, ეს ნიშნავს დოკუმენტების გაყალბებას, აქ კითხვა ჩნდება, ხომ არ გააყალბა თადუმაძემ დოკუმენტი? დიდი ხანია, გამოძიება ამის შესახებ დაწყებულია, მაგრამ ვინ გამოიძიებს ამ ყველაფერს, როცა თვითონ იყო მთავარი პროკურორი?!
რაც შეეხება ამ მოსამართლეების მორალურ მხარეს, მათიკაშვილი ამბობს, 14 მოსამართლე კეთილსინდისიერებითა და გამოცდილებით შევარჩიეთ. რამდენად ზუსტია მათიკაშვილი ამ განსაზღვრებაში?
- მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი ამ სიას აქვს მორჩილება. ეს არის მორჩილი ხალხი, ეს არის ხალხი, რომელსაც არასოდეს დაუფიქსირებია რაიმე წინააღმდეგობა და პროტესტი და ასე გააგრძელებს საქმიანობას. ზოგადად, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც არჩევს არაკომპეტენტურ, მორჩილ კადრებს. ამ ადამიანებს გამოარჩევს ბრძანებების ერთგულება. ამიტომაცაა ჩვენი ქვეყანა ამ დღეში, ამიტომაა სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, ამიტომაც მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ცხოვრება გაუარესდა. ამ პოლიტიკის დამსახურებაა ეს.
კონკრეტიკაზეც გადავიდეთ. თამარ ალანია, შოთა გეწაძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სხვები მართლაც შეუცვლელნი იყვნენ უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანისას. ამ 20 კანდიდატურიდან ყველაზე დასაწუნი რომელი იყო?
- თავისთავად ყველა გამოირჩევა ცუდი მხარით, ვინც ამ სიაშია. ასე გიორგი მიქაუტაძესაც აქვს პატიმრობა მისჯილი ვატო შაქარიშვილისა და მისი თანამებრძოლების მიმართ 2012 წელს, რადგან ვატო შაქარიშვილი მონაწილეობდა პროტესტებში. შალვა თადუმაძე არის პირადი იურისტი ივანიშვილების ოჯახის და „ქართუ ბანკის“ და ეს იურისტობაც როგორ დაიმსახურა, არ ვიცით, რადგან მისი იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშაა. უკვე გატოლდა „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ სასამართლო საკითხში და, ნელ-ნელა, ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვერთვა რწმენა, რომ ამ ქვეყანაში არ გვექნება სასამართლო, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.
ლევან გოგიჩაიშვილს რომ დავესესხოთ, ამ ჯალათების გადმობარებით რა შედეგზე გასვლა სურს ხელისუფლებას 2020-ის არჩევნებისთვის?
- ამ შედეგით მთავარია ხელისუფლებაში ყოფნა, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. თუმცა ოხანაშვილი, მათიკაშვილი და სხვები ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, მათი ნდობა და ლეგიტიმურობა საზოგადოებაში ნულს ქვემოთაა. ეს ნიშნავს, რომ სხვა მეთოდებით უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა. როგორ? თავისი გაგებით, ძალითა და კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს არც წინა ხელისუფლებას გამოუვიდა და არც შემდეგ ხელისუფლებას გამოუვა.
მუხროვანის ამბოხი, ყუფარაძის საქმე, ეს თამარ ალანიას ხელწერაა, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი სასამართლო სხდომებზე ადამიანებს პირად საკუთრებას ართმევდა და პენსიონრებსაც კი აჯარიმებდა იმისთვის, თავის დასაცავად ხმა რატომ ამოიღეთო. სასტიკი მეთოდებით იყვნენ ეს მოსამართლეები გამორჩეულნი, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლის მანტია მათთვის ძალაუფლების გამოვლენის საშუალება იყო. ასეთი ფაქტები, ალბათ, ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის გაუგებარი იქნება.
- ეს მართლაც სამარცხვინო პროცესებია, რაც ძალიან დაგვაშორებს ევროკავშირსა და ევროპულ სივრცეს. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩართულია ამ პროცესში, ყველამ იცის, რაც ხდება საქართველოში, ყველამ იცის დეტალები, მათ შორის, ამერიკის საელჩომაც. ჩათვალეთ, რომ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგს ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება ამის შემდეგ.