ალბერ კამიუ, შესაძლოა, KGB-მ მოკლა

ალბერ კამიუ, შესაძლოა, KGB-მ მოკლა

2011 წელს გასაჯაროებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით შესრულებული კვლევის თანახმად, საფრანგეთის მთავრობას, შეიძლება, წვლილი მიუძღოდეს 1960 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელმაც კამიუ იმსხვერპლა.

60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მწერალი, ალბერ კამიუ ავტოსაგზაო შემთხვევას 46 წლის ასაკში ემსხვერპლა. წიგნის, კამიუს სიკვდილი, ავტორის მტკიცებით კი, ის KGB-ს ჯაშუშებმა მოკლეს ანტისაბჭოური რიტორიკისთვის.

იტალიელმა მწერალმა, ჯოვანი კატელიმ თავისი თეორია პირველად 2011 წელს, გაზეთ Corriere della Sera-ში წამოაყენა. მისი განცხადებით, გამოჩენილი ჩეხი პოეტის და მთარგმნელის, იან ზაბრანის დღიურში მან აღმოაჩინა ჩანაწერები, რომლებზე დაყრდნობითაც ჩნდება ეჭვი, რომ კამიუს სიკვდილი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მოგვიანებით კატელიმ ეს მოსაზრება თავის წიგნში განავრცო.

კამიუ 1960 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა, როდესაც მისმა გამომცემელმა, მიშელ გალიმარმა საჭე ვერ დამოირჩილა და მანქანა ხეს შეასკდა. კამიუ ადგილზე დაიღუპა, გალიმარი კი — რამდენიმე დღეში. ამ უბედური შემთხვევიდან სამი წლით ადრე უცხოსა და შავი ჭირის ავტორმა ნობელის პრემია "ჩვენს დროში ადამიანურ მორალთან დაკავშირებული პრობლემების ნათლად წარმოჩენისთვის" მიიღო.

"ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის დაშვებამ ან ღერძის გატეხვამ გამოიწვია. ექსპერტები დაბნეულები იყვნენ, რადგან ინციდენტი გრძელ, სწორ, ათ მეტრამდე სიგანის გზაზე მოხდა, რომელზეც უბედური შემთხვევის დროს ინტენსიური მოძრაობაც კი არ იყო", — წერდა ჰერბერტ ლოტმანი 1978 წელს გამოცემულ კამიუს ბიოგრაფიაში.

კატელის სჯერა, რომ ზაბრანის დღიურის ერთი პასაჟი ინციდენტის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხს სცემს. პოეტი წერს, რომ 1980 წლის გვიან ზაფხულში კარგად ინფორმირებულმა და სერიოზული კავშირების მქონე პირმა მას უთხრა, რომ მომხდარში დამნაშავე KGB იყო. "მათ საბურავს ისეთი მოწყობილობა დაუმაგრეს, რომელმაც მანქანის მაღალი სიჩქარით მოძრაობისას საბურავი გახვრიტა". ბრძანება, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი შეპილოვმა გასცა იმ სტატიაზე საპასუხოდ, რომელიც კამიუმ ფრანგულ გაზეთ Franc-Tireur-ში 1957 წლის მარტში გამოაქვეყნა.

"როგორც ჩანს, დაზვერვას სამი წელი დასჭირდა ბრძანების სრულყოფაში მოსაყვანად", — წერს ზაბრანა დღიურში, — "საბოლოოდ, მათ წარმატებას მიაღწიეს და თან ისე, რომ დღემდე ყველა ფიქრობს, კამიუ რიგით ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა. კაცმა უარი მითხრა თავისი წყაროს გამჟღავნებაზე, მაგრამ ამბის სანდოობაში დარწმუნებული იყო".

კამიუ საჯაროდ უჭერდა მხარს 1956 წლის შემოდგომაზე დაწყებულ უნგრეთის აჯანყებას და მწვავედ კრიტიკული იყო საბჭოთა ქმედებების მიმართ. მან ღიად შეაქო და მხარი დაუჭირა რუს ავტორს, ბორის პასტერნაკს, რომელსაც ანტისაბჭოური მწერლის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი.

კატელიმ ზაბრანის ნაწერების ნამდვილობის კვლევას წლები შეალია. თავის წიგნში ის ინტერვიუს იღებს ზაბრანის ქვრივისგან, მერისგან და იძიებს საბჭოთა სპეცსამსახურების ჯაშუშურ მუშაობას საფრანგეთის ტერიტორიაზე. წიგნი ასევე შეიცავს ფრანგი იურისტის, ჟაკ ვერჟესის მესამე პირისგან მოყოლილ ჩვენებას. ნაშრომის იტალიაში გამოქვეყნების შემდეგ კატელის დაუკავშირდა იტალიელი ადვოკატი, ჯულიანო სპაზალი. მან გაიხსენა ვერჟესთან საუბრის დეტალები კამიუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"ვერჟესის თქმით, უბედური შემთხვევა დადგმული იყო. ჩემი აზრით, ვერჟესს იმაზე მეტი მტკიცებულება ჰქონდა ხელთ, ვიდრე სურდა, რომ ჩემთვის გაეზიარებინა. მეც თავი შევიკავე კითხვების დასმისგან", — უთხრა სპაზალიმ კატელს, — "როცა რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია უცაბედად აღწევს შენამდე, თავშეკავება საუკეთესო საპასუხო რეაქციაა. მე არც მას შემდეგ მიცდია გამოძიება. და მაინც, მახსოვს, როგორი დარწმუნებული იყო ვერჟესი იმაში, რომ ეს ინციდენტი KGB-ს მეთაურობითა და ფრანგული დაზვერვის თანხმობით იყო დადგმული".

კატელი ამტკიცებს, რომ კამიუს ღია უკმაყოფილება ცუდ ზეგავლენას ახდენდა ფრანგულ-საბჭოურ ურთიერთობებზე და "კამიუს როგორც საყოველთაოდ ცნობილი მწერლის პოზიცია ფრანგი ხალხისთვის საბჭოთა კავშირის სასტიკი იმპერიალიზმის მუდმივი შემხსენებლის როლს ასრულებდა. როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დიდად იხეირებდნენ ამ უსიამოვნო ხმის გაჩუმებით... საგზაო ინციდენტი სათანადოდ არ გამოუძიებიათ".

კატელის თქით, მის თეორიას მხარს არ უჭერს კამიუს შვილი, კეტრინი, რომელმაც გამომცემლობა Gallimard-ს მამამისის ნამუშევრების ციტირების უფლება არ მისცა. თუმცა წიგნი მაინც გამოიცა საფრანგეთში, არგენტინასა და იტალიაში და მას დადებითად გამოეხმაურა ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერიც, რომელმაც კატელის არგუმენტებს შთამბეჭდავი უწოდა.

"ეს შემზარავი დასკვნაა, მაგრამ იმ მტკიცებულებების გადახარშვის შემდეგ, რომლებიც კატელმა წინ დაგვიდო, ძნელია, მას არ დაეთანხმო. მაშასადამე, ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს პოლიტიკურ მკვლელობად — სწორედ ამ გზით დაადუმეს სამუდამოდ ალბერ კამიუ 46 წლის ასაკში", — წერს ოსტერი წიგნის წინასიტყვაობაში.

"იმედი მაქვს, რომ აკადემიური წრის წარმომადგენლები ძველი მოსაზრების ერთგულები არ დარჩებიან და უბედური შემთხვევის ვერსიას მხარ აღარ დაუჭერენ", — აღნიშნა კატელიმ, რომელიც ამჟამად ბრიტანულ გამომცემლებთან წიგნის ინგლისური თარგმანით დაბეჭდვაზე მოლაპარაკებებს ახორციელებს, — "ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ვალია ალბერ კამიუს ხსოვნის წინაშე".

კემბრიჯის უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, ელისონ ფინჩი კატელისეული ვერსიის სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს. "მკვლელობის ვერსიას მხარს უჭერენ მწერალი და კინორეჟისორი, პოლ ოსტერი; ჩეხი მწერალი და მთარგმნელი იან ზაბრანა, რომლის ოჯახიც კომუნისტური რეჟიმის მხრიდან იდევნებოდა და რომელსაც ნამდვილად ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი სიძულვილის საფუძველი; საკამათო რეპუტაციის მქონე იურისტი ჟაკ ვერჟესი, რომელიც თავდადებით იცავდა ფრანგების მიერ წამებულ ალჟირელ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, მაგრამ რომელმაც, ასევე, იმის დაცვაც ითავა, რაც ყოველგვარი დაცვის მიღმაა [იგულისხმება ფაშისტი კლაუს ბარბი, რომელიც საფრანგეთის სასამართლომ 1987 წელს სამხედრო დამნაშავედ სცნო]. რასაკვირველია, კანონი ასე მუშაობს, მაგრამ ის, ზოგადად, ქაოსის შემომტანად უფრო აღიქმება, ვიდრე — სარწმუნო კომენტატორად".

ფინჩმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვარაუდები ინციდენტში ფრანგული მხარის ჩართულობაზე. "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ თანხმობა უმაღლესი ეშელონებიდან, დიდი ალბათობით კი თავად დე გოლის მიერ იქნებოდა გაცემული. ეს კი ჩემთვის ცოტათი საეჭვოა. დე გოლი, თავადაც წარმატებული მწერალი, ღრმა პატივისცემით იყო გამსჭვალული ფრანგი ინტელექტუალებისადმი, მათ შორის მათდამიც, ვის შეხედულებებსაც არ იზიარებდა", — თქვა მან.

კამიუს სიკვდილის დასასრულს კატელი გამოთქვამს იმედს, რომ ეს წიგნი მეტი მტკიცებულების გამოააშკარავებას შეუწყობს ხელს "მანამ, სანამ დროთა მღელვარება მომხდარის უკვე მქრქალ ნაკვალევს სამუდამოდ წაშლის".