ბელგიურმა „გენტმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ევროპის ლიგის პლეიოფის საგზური მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „გენტი“ შინ უკრაინულ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს და თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე, ქვილითაია კი 90-ე წუთზე გამოჩნდა.
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ევროპის ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს დავით ხოჭოლავას დონეცკის „შახტარიც“. „გენტი“ და „შახტარი“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალში თავისი მეტოქეების ვინაობას 16 დეკემბერს დანიშნულ კენჭისყრაზე გაიგებენ, პლეიოფის პირველი რაუნდის შეხვედრები კი 20 და 27 თებერვალს გაიმართება.