ბიძინა ივანიშვილის მიერ ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას ჩვენი საზოგადოება უამრავი კითხვით შეხვდა. უდავოა, ხელისუფალის მოვალეობაა საკუთარი მოსახლეობის დასაქმება და არა საზღვარგარეთ მათი გასტუმრება. მით უმეტეს, დემოგრაფიული პრობლემების მქონე ჩვენს ქვეყანაში ასეთი ინიციატივა ერის გაქრობის ტოლფასია.
სხვაგვარად ფიქრობენ მიგრაციის ორგანიზაციის მესვეურნი. ნათია კვიციანი, მიგრაციის საერთაშიროსო ორგანიზაციის ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ ცირკულარული მიგრაცია ეს არის შანსი, ჩვენი არალეგალები დაბრუნდნენ საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ უცხოეთში გაემგზავრონ და უკვე კანონიერად იმუშაონ, ყოველგვარი დამალვის გარეშე. ამით ჩვენი მიგრანტები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ, აღარ ჩაითვლებიან კანონდამრღვევებად არალეგალურობის გამო და მათ გადაუხდიან იმდენს, რამდენსაც იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივებს უხდიან.
ნათია კვიციანის თქმით, უცხოეთში არასათანადო შრომის გამო ჩვენი მოქალაქეები ხშირად ჯანმრთელობაშერყეულნი ბრუნდებიან. კანონიერი შრომითი მიგრაცია კი იმიტომაცაა მისაღები, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ცირკულარული მიგრაცია ქართველი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. უცხოეთში მოთხოვნაა სეზონურ მუშახელსა და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. ცალკეულ ქვეყნებში მიგრანტებისთვის კვოტებიცაა დაწესებული, მაგალითად, საფრანგეთში შეიძლება საქართველოდან წასული 500 ადამიანის დასაქმება წელიწადში, სხვა ქვეყნებში კი რაოდენობრივი შეზღუდვა ლეგალურ მიგრანტებზე არაა. რაც შეეხება კვალიფიციურ სპეციალიტებს, უცხოეთში მოთხოვნადია მშენებლობის, ქვის სპეციალისტები, შემდუღებელნი, ელექტრომექანიკოსები, სარესტორნო-სასტუმრო სექტორში მომუშავე ადამიანები.
ასეთი გულდამშვიდების მიუხედავად, საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება მოსახლეობის გადინების ტემპი. ამდენად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მაინცდამაინც დიდი შეღავათი არაა, უცხოეთში ლეგალურად დასაქმდებიან ქართველები, თუ არალეგალურად.
„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა ქვეყანაში იმგვარი ბიზნესგარემოს შექმნა, რომ მოსახლეობა საკუთარ სამშობლოში დასაქმდეს.
„ყოველგვარი სხვა მცდელობით ამგვარი წარუმატებელი პოლიტიკის კომპენსირება სწორი არ არის. უნდა შევეცადოთ, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება ქვეყნის შიგნით. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმ ადამიანების საზღვარგარეთ გაგზავნის შეზღუდვას, ვისი ნიჭის რეალიზაციისთვისაც უცხოეთში წასვლა აუცილებელია. ასეთები ძალიან ბევრი გვყავს, მათ შორის არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. ქართველი მოქალაქე ისეთივე უფლებით უნდა სარგებლობდეს მსოფლიოში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ, თუკი ადამიანის ნიჭის პიროვნული რეალიზაციისთვის საჭიროა სადმე გამგზავრება და მოღვაწეობა რომელიმე ქვეყანაში, მას ამაში ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც“,-აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ჩვენთან საუბრისას ცირკულარული მიგრაციის ერთ დიდ მინუსზე ამახვლებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველოდან დროებით სამუშაოდ წასული ხალხის ნახევარზე მეტი უკან არ ბრუნდება: ზოგი საქმდება საზღვარგარეთ, ზოგი თხოვდება, ზოგს ცოლი მოჰყავს, ზოგიერთი მოქალაქეობას იღებს, ან დროებითი ბინადრობის უფლებას მოიპოვებს.
„ჩემს ირგვლივ 5 ქართული ოჯახის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომლებიც ამერიკაში, სამხრეთ კაროლინაში წავიდნენ, დასახლდნენ და აღარც აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას. განა რომელი სპეციალობა უნდა ასწავლონ საქართველოში, რომ ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში ჩავიდნენ და იქაურ სპეცალისტებს აჯობონ? ცხადია, ასეთი პროფესიები საქართველოში არ არსებობს. ჩვენი ქალბატონები უცხოეთში უვლიან მომაკვდავ მოხუცებს, ან პატარა ბავშვებს, მეტი სხვა სამუშაო იქ არ არის, ან უნდა იმუშავო მეეზოვედ ან არაკვალიფიციურ მუშად. ამიტომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გაშვებას წახალისება და რეკომენდაციის მიცემა არ სჭირდება. ისედაც უბედურება გვჭირს, გაეროს მონაცემებით, 2050 წელს საქართველოში ქართველები უმცირესობაში იქნებიან. აღარ გვინდა 2050 წელი, ბატონ ანზორ თოთაძის მონაცემებით, უკვე 2040 წელს ქართველები საქართველოში უმცირესობაში ვიქნებით. ჩინელები, ირანელები, თურქები და სხვა ეროვნების ხალხი მასობრივად სახლდებიან საქართველოში, მცხეთაში ირანელები ყიდულობენ მიწებს, ასევეა კახეთში, სამეგრელოში, ინდოელები, ჩინელები მასობრივად შემოდიან, ამიტომ უცხოეთში ახალგაზრდების სამუშაოდ წასვლას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევუწყოთ“,-აცხადებს ანზორ მესხიშვილი და გამოსავალსაც გვთავაზობს.
მისი თქმით, დღეს დედამიწის მთლიანი ფართობის 71% ოკეანეებსა და ზღვებს უჭირავს, მხოლოდ 29%-ია ხმელეთი. ამ ფონზე დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, საშინლად მატულობს მოთხოვნილება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ამიტომ ქართველებმა უნდა ვაწარმოოთ სოფლის მეურნეობის მაღალხარისხოვანი პროდუქტები, მიწა გვაქვს, საუკეთესო ნიადაგები გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, 47 სახეობის ნიადაგია საქართველოში, ყველანაირი კულტურა შეგვიძლია უმაღლეს დონეზე მოვიყვანოთ და გავყიდოთ ევროპაში, შუა აზიაში. აუთვისებელი მიწები გვაქვს. ამ დროს კი ჯერ ჩვენს მოთხოვნილებას ვერ ვაკმაყოფილებთ რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე, კვერცხზე. ამიტომ საქართველოშივე უნდა დასაქმდნენ ადამიანები, საკუთარ სამშობლოში იმუშაონ და გაზარდონ მოსავლის რაოდენობა, ჯერ ადგილობრივი მოთხოვნილება დააკმაყოფილონ და მერე ევროპაშიც გაიტანონ.