„ევროპელების ინტერესშია, იმ მიგრანტებს მიანიჭიონ უპირატესობა, რომლებიც ქრისტიანები არიან და ენები იციან“

„ევროპელების ინტერესშია, იმ მიგრანტებს მიანიჭიონ უპირატესობა, რომლებიც ქრისტიანები არიან და ენები იციან“

მედალს აქვს მეორე მხარეც და შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ ცირკულარული მიგრაციის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას. კერძოდ, სახელმწიფო პირდაპირ გვეუბნება, დასაქმების მცდარ პერსპექტივას ვერ შეგიქმნით, ვერ გაგიხსნით წარმოებას, ვერ მოგატყუებთ, ამიტომ თავს უშველეთ...

ჯერ კიდევ 2012 წელს „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ხალხს, რომ უმუშევრობასა და სიღარიბეს დაძლევდა. ამ დაპირებას ხელს ბიძინა ივანიშვილი აწერდა. თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ უმუშევრობის დაძლევა უტოპიური დაპირება გახლდათ და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც უმუშევრობა არ არსებობს. უბრალოდ, აქ საუბარია უმუშევრობის მასშტაბზე.

For.ge დაინტერესებულია, რას ფიქრობს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
ცირკულარული მიგრაციის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლება ცდილობს, დადებითად წარმოაჩინოს ცირკულარული მიგრაცია, მაგრამ, როგორც არ უნდა შევალამაზოთ ეს თემა, მიგრაცია მაინც მიგრაციად რჩება და პატრიარქის შეფასებაც არ აყოვნებს: „სოფლის და ქალაქის მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ და იქ ემსახურება მოხუცებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში“...

- ცირკულარული მიგრაციის შესახებ მაინცდამაინც კარგი შეხედულების არ ვარ. ფართო მიგრაციის მომხრე არ გახლავართ, რადგან, როცა უცხოეთში წავლენ სამუშაოდ ან სასწავლებლად, ბევრი იქვე დარჩება. ასე ხელაღებით არ უნდა გავგზავნოთ ჩვენი მოქალაქეები. თუმცა მცირე მასშტაბით აუცილებელია ისეთი ადამიანების გაგზავნა უცხოეთში, რომელთა გამოცდილებაც, პროფესიონალიზმიც ისევ ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. არის ისეთი პროფესიები, რომლებიც აქ არ ისწავლება, თანამედროვე ტექნიკა სულ სხვა პროფესიონალიზმს მოითხოვს. ასეთები თუ მცირე ხნით წავლენ საქართველოდან და ისევ დაბრუნდებიან, ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ცირკულარული მიგრაცია ქართველი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას გამოიწვევს. საფრანგეთში შეიძლება წელიწადში 500 ადამიანი დასაქმდეს საქართველოდან, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვა. რამდენად საფრთხილოა ჩვენთვის ისეთი ქვეყნები, სადაც ადამიანებს ულიმიტოდ ჩასვლა შეეძლებათ? ასე ხომ შეიძლება, უცხოეთში მთელი ჩვენი ერი გადაბარგდეს?

- რა თქმა უნდა, რაოდენობრივი შეზღუდვა სადაც არ არის, ის ძალიან საფრთხილოა. საფრანგეთში 500-ია ჩვენი მოქალაქეებისთვის დაწესებული კვოტა, მაგრამ 30 ქვეყანა მაინც არის დასავლეთში და, რომ ვიანგარიშოთ, 30-ჯერ 500 უკვე 15 ათასია. ამდენი ადამიანი რომ წავიდეს საქართველოდან, ეს ძალიან დიდი ციფრია. მით უმეტეს, თუკი მიგრანტებზე შეზღუდვა არ არსებობს, ეს ციფრი ბევრად მეტი იქნება. მე-19 საუკუნეში ჩვენი დიდი მოღვაწეებიც მიდიოდნენ უცხოეთში. თუკი ქართველი ცოტა ფულს იშოვიდა, ყოველთვის ცდილობდა, შვილისთვის განათლება მიეცა უცხოეთში, რადგან შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ იყო, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მაშინ ვინც მიდიოდა სასწავლებლად, ყველა ბრუნდებოდა უკან. თანაც, ბრუნდებოდნენ ძალიან დიდი ცოდნით აღჭურვილნი და შემდეგ უკვე, როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა გახდა საჭირო, ჩვენ უკვე გვყავდა უცხოეთში განათლებამიღებული ხალხი, რამაც უნივერსიტეტის გახსნის საშუალება მოგვცა. ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც ბევრი ადამიანი მიდის საქართველოდან, ძალიან ცოტა მათგანი თუ დაბრუნდება. ეს აღარ არის მე-19 საუკუნე, როცა ეროვნული გრძნობა ძალიან მაღალი იყო და განათლების მიღება მხოლოდ სამშობლოს სასარგებლოდ უნდოდათ. აქედან წასულები ფაქტობრივად უცხოეთში დარჩებიან. როგორც წესი, საზღვარგარეთ მიდის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ცხოვრებას ებრძოლოს, ვისაც თავის გატანის უნარი აქვს, ვინც უფრო მეტად განათლებულია. ამით ჩვენ ვკარგავთ აქტიური მოსახლეობის ნაწილს.

არსებობს ჩამონათვალი, რომ უცხოეთში სჭირდებათ კვალიფიციური მუშაკები სარესტორნო, სასტუმრო საქმიანობისთვის, ასევე, მოთხოვნადია მშენებელი, ქვის სპეციალისტი, შემდუღებელი, ელექტრომექანიკოსი. როდესაც გადამზადებაზე ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ამ სფეროში უნდა გადაამზადონ ადამიანები, თუ უცხო ენის შესწავლაში?

- რომელი სპეციალობებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მათ შორის, მიმტანი და სხვა, ამას დიდი გადამზადება არ სჭირდება. თანამედროვე ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოძრაობა, ამას ძალიან მალე შეისწავლის. რამდენიმე წლის წინ მიაჩნდათ, რომ იმდენად გაიზრდებოდა, ამაღლდებოდა შრომის წარმოება, რომ უცხოელებს აღარ დასჭირდებოდათ სხვა ქვეყნებიდან ხალხის მიწვევა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ისეთი მაღალი დონეა დასავლეთ ევროპაში, რომ ბევრ ადგილობრივს არც უნდა მუშაობა მიმტანად, ქუჩის დამსუფთავებლად, მრეცხავად. ამიტომ მათ ინტერესშია, იმ მიგრანტებს მიანიჭიონ უპირატესობა, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოების არიან, რომლებმაც იციან ენები. ზუსტად ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ ქართველები. ასევე ხდებოდა რუსეთშიც, როდესაც ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მიდიოდნენ, რუსებმა ფართოდ გაუღეს კარი არა მარტო საქართველოდან და კავკასიიდან, არამედ შუა აზიიდან ჩასულ მიგრანტებსაც, რადგან ენობრივი ბარიერი აღარ იყო, რუსულ კულტურას ნაზიარები იყო ჩვენი ხალხი. ახლა კი ჩვენი მოქალაქეები დასავლურ კულტურას არიან ნაზიარებნი, ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდობამ იცის დასავლური კულტურა, მწერლობა. ბუნებრივია, ევროპელებსაც ასეთი მიგრანტების მიღება სურთ და არა სრულიად უცხო და სულ სხვა წეს-ჩვეულების ხალხის. თუმცა აქ კითხვა ჩნდება, ადამიანების გადამზადება რისთვის გვინდა? რომ ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში დარჩნენ?

როდესაც სახელმწიფო ვერ ასაქმებს მოსახლეობას, ხომ არ ჯობს, პირდაპირ უთხრას ხალხს ამის შესახებ?

- რას ჰქვია, ვერ ასაქმებს, სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დასაქმდეს ადამიანი, ჩვენც უნდა მივხედოთ ამ საქმეს. ერთმა კაცმა მითხრა, ახლა სოფლად ხუთჯერ მეტი მიწა აქვთ, ვიდრე წინათ ჰქონდათ, ბარი და თოხიც ყველას აქვს, მაგრამ ადრე საკარმიდამო ნაკვეთებში იმდენი მოსავალი მოჰყავდათ, მთელი წლის განმავლობაში ჰყოფნიდათ, გერმანიასთან ომის დროს მშიერი არავინ მომკვდარა. ახლა კი არავის სურს სოფლად გაჩერება, ერთი რომ წამოვიდა, იმას მეორე მოჰყვა.

სახელმწიფო თუკი ვერ ასაქმებს მოსახლეობას, მაშინ ჩვენი ხსნა საზღვარგარეთ წასვლაშია?

- სოფლად ჩვენ ვერ დავასაქმებთ ხალხს ისე, როგორც ადრე იყვნენ დასაქმებულები. ადრე სკოლებიც იყო, ახლა ამდენი სკოლა აღარ არის საჭირო. თუ წინათ ყოველწლიურად საქართველოში 90-100 ათასი ბავშვი იბადებოდა, ახლა იბადება 50 ათასი ბავშვი, ბუნებრივია, 50 ათასით შემცირდა სასკოლო კონტინგენტიც და ამდენი სკოლაც უკვე აღარ არის საჭირო. დღეს სოფლის სკოლები ცარიელია, სოფლები თითქმის დაიცალა და აღარ დადიან ბავშვები სკოლებში.

როგორ შეაფასებთ პატრიარქის ინიციატივას სოფლის სამღვდელოების მიმართ, იყოლიონ შინაური ცხოველები?

- ეს ძალიან კარგი იდეაა, ასე შრომობენ დასავლეთშიც. ხომ არ გგონიათ, უცხოეთში უსაქმურად არიან? ამას წინათ გერმიანიაში გახლდით, საკურორტო ქალაქ აიზენახში, იქ მაჩვენეს, როგორ ზრუნავდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სახლის წინ ეზო ჰქონდათ, როგორც ჩვენთან, საქართველოში, სახლის უკან კი ნაკელის შესაგროვებელი ადგილი და სხვა, მუშაობენ და ჰყავთ საქონელი. რაც შეეხება ჩვენს სოფლის სამღვდელოებას, მათ შეუძლიათ, იყოლიოს საქონელი და ამით დიდი მაგალითი მისცენ სოფელს. თანდათანობით ფერმებზე გადავლენ და სულ სხვა სახეს მიიღებს წარმოება, ერთი ძროხა კი არა, შეიძლება ჰყავდეთ 100-200 ძროხა. სხვათა შორის, იმერეთიდან ვარ და იმერეთის მაგალითზე გეტყვით, ვისაც 2-3 ძროხა ჰყავს, ის შესანიშნავად ცხოვრობს. იმერულ ოჯახს ერთი ძროხა აბსოლუტურად ჰყოფნის თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო მეორე და მესამე ძროხის პროდუქტებს, მათ შორის, ყველს ყიდიან. ყველას რომ ჰყავდეს ძროხა და სხვა საქონელიც, ქალაქი და სოფელი ამოისუნთქავდა. მით უმეტეს, ყველის ფასი თანდათანობით უახლოვდება ხორცის ფასს. ეს ძალიან დიდი შემოსავალია. შრომის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. თუ შრომა აღარ მოგვინდა, ყველა თბილისში ჩამოვიდა, ასე ერი ვერ იარსებებს. დღეს რომ სოფელი დაცარიელდეს, ჩვენისთანა პატარა ერისთვის დაღუპვა იქნება. სხვა რომ არაფერი, ქართული ენა უკვე გაღარიბდა, რადგან მიტოვებულ სოფლებში აღარ იქმნება ძარღვიანი ქართული სიტყვები და ეს სიტყვები აღარ მოდის სოფლიდან.

 

 

 

შაქრო საჭიროა სხვა სოციალურ-ეკონომიკური და საერთოდ სხვა სახელმწიფო პოლიტიკა ყველა სფეროში. გასაოცარია ქართველების თაობები შეიწირა ამ ლიბერტიანისტულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ესენი, ექსპერტები და პოლიტიკოსები, კიდევ მის გაღრმავებას მოითხოვენ.
4 წლის უკან