„ყველა ეკლესიას სოფლად, დაბებსა და რიონულ ცენტრებში, აქვს საშუალება, იყოლიონ პირუტყვი“

„ყველა ეკლესიას სოფლად, დაბებსა და რიონულ ცენტრებში, აქვს საშუალება, იყოლიონ პირუტყვი“

საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ილია მეორემ სოფლის სამღვდელოებას მოუწოდა, მაგალითი მისცენ სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას და არა მარტო მიწები დაამუშავონ, არამედ იყოლიონ ძროხები, ცხვრები, ქათმები და სხვა პირუტყვი. უწმინდესის აზრით, ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს.

„მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არც ერთი მეტრი მიწისა, ყველა დამუშავებული იყო, კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო და დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება“, - ბრძანა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ მთელი საქართველო ამუშავდება.

უწმინდესის ინიციატივის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ესაუბრა.

უწმინდესი მტკივნეულად განიცდის ქართული სოფლების დაცლას და ამ საკითხის გამოსწორებას საქმეში სამღვდელოების ჩართვით ფიქრობს. ცალკეულ რაიონებში სამღვდელოება ისედაც მისდევს სოფლის მეურნეობას, მაგრამ, მთლიანობაში, რამდენად აქვთ ჩვენს სასულიერო პირებს საიმისო პირობები, რომ პატრიარქის მოწოდება შეასრულონ და შინაური პირუტყვი იყოლიონ?

- თქვენ რომ დაინტერესდეთ, თავად ნახავთ, ალავერდის ეკლესიაში რაც ხდება. იქ არის ბრწყინვალე მეუფე, უჭკვიანესი კაცი, რომელიც ადრე არქიტექტორი გახლდათ, ასევე, მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის დეპარტამენის უფროსად, ახლა კი ალავერდშია და იქ ფუტკარიც ჰყავს, საქონელიც, ვენახიც აქვს გაშენებული. ყველაფერი ბრწყინვალედ აქვს გაკეთებული. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სოფლის მეურნეობა დააქციეს. ხელაღებით მოხდა კოლმეუნეობებისა და სახელმწიფო მეურნეობების ლიკვიდაცია, არ შესრულდა საქართველოს მთავრობის 1992 წლის მიწის დეკრეტი, კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობის ბაზები გარდაქმნილიყო სააქციო საზოგადოებებად და კოოპერატივებად. ამის შემდეგ ხელაღებით დაიტაცეს მეურნეობების ქონება, მიისაკუთრეს მანქანა-ტრაქტორები, მიწები, მოისპო სათესლე მეურნეობები, ვეტერინარიისა და ჯიშთა გამოზრდის სამსახურები. მოკლედ, დიდი უბედურება მოხდა.

1988 წლის მდგომარეობით, საქართველოში 4488 მოქმედი სოფელი იყო, თითოეულ მათგანში მინიმალურად 300-400 კომლზე მეტი ცხოვრობდა. 2016 წლის მდგომარეობით კი, ამ 4488 სოფლიდან 700 სოფელი მთლიანად დაცარიელდა, 800 სოფელში ახალგაზრდები აღარ არიან, ცხოვრობენ მხოლოდ პენსიონერები, მთელი რაჭა, ფაქტობრივად, დაიცალა, სახლები მიტოვებულია, გაზაფხულსა და ზაფხულშიც კი სოფლებში უკვე მგლები და დათვები დაბანაკდნენ. მიწები, რომლებიც იხვნებოდა, გატყიანდა და წამოვიდა ტყის ფართობები.

ალავერდის გარდა კიდევ რომელ მონასტერს აქვს საშუალება, ილია მეორის მოწოდება შეასრულოს?

- ყველა ეკლესიას, რომლებიც არსებობენ სოფლად და არა მარტო სოფლად, არამედ დაბებსა და რიონულ ცენტრებში, აქვს საშუალება, მეტ-ნაკლებად იყოლიონ პირუტყვი. ცალკეულ მონასტერს შეუძლია იყოლიოს მხოლოდ 2 სული საქონელი, სხვა მონასტერს კი შეუძლია იყოლიოს 10 სული, ან 30 სული საქონელი. კონკრეტულად, თეთრიწყაროს ეკლესიას შეუძლია 10 სული მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიოს, ანალოგიური მდგომარეობაა რაჭაშიც. რაჭაში ეკლესიას ტყე აკრავს, შეუძლიათ საქონელი გაუშვან მუხის ტყეებში, მართალია, ცოტა საშიშია, მგელმა არ შეჭამოს, მაგრამ მუხის ტყეში რკოც არის და ყველაფერი. სასულიერო პირებს შეუძლიათ, პირუტყვის მოვლაში დაასაქმონ სოფლის მაცხოვრებლებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია ილია მეორის მოწოდება.

სამღვდელოების დიდი ნაწილი დედაქალაქშია, ეს ხომ არ შეაბრკოლებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესს? ზოგიერთ რაიონში დაპირისპირებაა სასულიერო პირებსა და ადგილობრივებს შორის, რადგან მიწები ვერ გაუყვიათ.

- სამღვდელოების ის ნაწილი, ვინც სოფელშია დარჩენილი, კარგად გაუძღვება ამ საქმეს. მაგალითად, თეთრიწყაროში ეკლესიას თავისი მიწები აქვს, ეკლესიამ, რაც მოითხოვა, თითქმის ყველა ძველი მიწა მიიღო. რაც შეეხება ადგილობრივებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას, გამონაკლისი და შეცდომა ყველგან და ყოველთვისაა. დღეს სოფლებში სამღვდელოებას თუ სურვილი ექნება, მათ შეუძლიათ, საქონელიც იყოლიონ და მიწაც დაამუშავონ.

საქონლის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, ალბათ, მონასტრის აღორძინებას მოახმარენ.

- დიახ, მაგრამ ჯერ ეს საქონელი საკუთარი მოხმარებისთვის დასჭირდებათ, მერე ააღორძინებენ და შეეძლებათ, შემოსავალიც დარჩეთ.

გადამდები იქნება სამღვდელოების ქმედება სოფლისა და ქალაქის მოსახლეობისთვის, რომ საქართველოდან არ გაიქცნენ და ქვეყანა არ მიატოვონ?

- მოსახლეობა რომ არ გაიქცეს, საჭიროა, სოფლის მეურნეობა განვითარდეს პროტექციონიზმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები საქართველოში დემპინგური ფასებით შემოდის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან. ჩვენი გლეხი და ფერმერი რომ აწარმოებს ბოსტნეულს, უფრო ძვირი უჯდება საწვავი და სხვა საშუალებები, რაც სჭირდება კულტურის მოყვანას. ვთქვათ, თვითღირებულებით ერთი ლარი რომ ჯდება კარტოფილი, გლეხმა, სულ ცოტა, 1.20-ად უნდა გაყიდოს, მაგრამ აგერ შემოვიდა თურქეთიდან ფერმერი, 80 თეთრად ყიდის კარტოფილს, რადგან თურქეთის სახელმწიფომ ხელი შეუწყო საკუთარ გლეხს პროდუქციის წარმოებაში. ჩვენი ფერმერი ვეღარ უწევს კონკურენციას უცხოეთიდან შემოტანილ ბოსტნეულს და სოფლის მეურნეობის კულტურებს. ისევ თეთრიწყაროს რაიონის მაგალითს მოგიყვანთ, რადგან უკეთ ვიცნობ ამ რაიონს, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. თეთრიწყარო ხორბლის ბეღლად იყო აღიარებული, ახლა ერთი ჰექტარი ხორბალი რომ მოიყვანო, 800-დან 1000 ლარამდე ჯდება, ამ დროს ჩვენი ფერმერები ღებულობენ 1 და 2 ტონას და რომ გაყიდონ 40 კილოგრამი, კილოს 40 თეთრზე მეტად ვერ ყიდიან, ე.ი. ფაქტობრივად, გაყიდვის შედეგად მოგებას კი არა, დანახარჯსაც ვერ ინაზღაურებენ. ხელშეწყობა არ აქვთ ფერმერებს, კოდაში არის ფერმერი, როინ ყვავილაშვილი, რომელსაც 300 სული ცხვარი ჰყავს, 200 ჰექტარი მიწა აქვს და იხვეწება, მომეცით იაფფასიანი კრედიტი, ან მომეცით 50-70%-იანი გრანტი, 30%-ს მე გადავიხდიო. სამი წელია, დარბის, რომ მიიღოს იაფფასიანი კრედიტი ან გრანტი და განავითაროს მეცხოველეობის დარგი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. არადა, მუშაკაცია, იცის თავისი საქმე, თანაც, რამხელა მოთხოვნაა ევროპაში ცხვრის ყველზე, პირველი ადგილი აიღო ევროპაში გუდის ყველმა. იმერული ყველი თუ ღირს 10 ლარი, ცხვრის ყველი ღირს 50 ლარი. ჩვენს მატყლსაც ყურადღებას არავინ აქცევს, ასე უაზროდ იყრება, არავინ იყენებს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ბევრი ახალგაზრდა წავიდა სოფლად, მაგრამ რა არის, იცით? მე ვიცი ერთი ქართველი ადამიანი, რაჭველი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს, გვარად კაციტაძე, სამი წელია იბრძვის, რომ რაჭაში მიიღოს მიწის ნაკვეთი და მოიყვანოს ჟოლო, მაგრამ რატომღაც ვიღაცამ, ადგილობრივი რაიონის ხელმძღვნელობიდან, ვერ გადაუწყვიტა მიწის მიღების საკითხი. რატომ უშლიან ხელს, არ ვიცი.