„რუსული კულტურის ცენტრის გახსნით რუსები ცდილობდნენ შეექმნათ საფარი თავიანთი სპეცდანიშნულების ორგანოებისთვის“

„რუსული კულტურის ცენტრის გახსნით რუსები ცდილობდნენ შეექმნათ საფარი თავიანთი სპეცდანიშნულების ორგანოებისთვის“

რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, როგორც ჩანს, კრემლში გადაიფიქრეს. მას შემდეგ, რაც კარასინმა დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში ამ ცენტრის დაარსება დაგვიანონსა, საქართველოში ამას უმალვე ანტაგონისტური რეაქცია მოჰყვა. პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილმა ეს შემოთავაზება ცინიკურად აღიქვა, რადგან რუსული კულტურის ცენტრის დაარსება იქნებოდა ახალი საოკუპაციო ბაზის გაჩენა ჩვენს ქვეყანაში.

ქართველმა პოლიტიკოსებმა მოკლედ მოჭრეს: „დოსტოევსკის წასაკითხად ქართველებს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდებათ“. თავისუფლების ინსტიტუტმა კი დაასკვნა: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფილიალის გახსნა საქართველოში საშიშია, რადგან აშშ-სა და საფრანგეთში მსგავსი ცენტრები ჯაშუშურ საფრთხედ იქნა ცნობილი“.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებები გაწყვეტილია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი დღემდე ვერ ელევა საქართველოს ანექსიას და, სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, დღესაც ტყვეობაშია ახალგორის რაიონში დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

რა იმალება რუსებისგან შემოთავაზებული ტროას ცხენის, ანუ რუსული კულტურის ცენტრის მიღმა?! ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი ესაუბრა.

რუსული კულტურის ცენტრის გახსნა ოკუპირებულ საქართველოში რუსებმა გადაიფიქრეს, მაგრამ ამ ცენტრის შესახებ კარასინის განცხადება, ალბათ, შემთხვევითი არ ყოფილა. ხომ არ მოსინჯა რუსეთმა საკუთარი ძალები ასეთი განცხადების შემოგდებით, რათა გაეგო, რა რეაქციას გამოიწვევდა ქართულ საზოგადოებაში?

- არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ვიღაცას წინასწარ ნიადაგი მოესინჯა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს გვკარნახობს აუცილებლობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად ყველა იმ შემთხვევაში, რამდენჯერაც ბოროტ განმძრახველ ძალას (და ვიცით, ვისზედაც არის საუბარი) ამგვარი იდეა მოუვა თავში. მეორე მომენტიცაა გასათვალისწინებელი, რომ ეს შეიძლება იყო პირდაპირ პროვოკაციული მიზნით შემოგდებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ამას საქართველოში დამატებითი მღელვარება გამოეწვია. ჩვენი ქვეყანა ისედაც არასტაბილურ სიტუაციაშია და, თუ მორიგი მღელვარების გამოწვევა იყო მიზანი, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა ოპონენტმა მიზანს მიაღწია, რადგან დიდი ჩოჩქოლი ატყდა ამ თემაზე მანამ, სანამ გაარკვევდნენ რეალობას. ის ადამიანები, ვინც ამაზე მსჯელობდნენ, თითქოს ელოდნენ ამ სიგნალს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი უსიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა.

თავის დროზეც საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანა თითქოს იყო ძალების მოსინჯვა რუსეთის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს აინტერესებს, რა განწყობაა საქართველოში ოკუპანტის ყოველი პროვოკაციული ქმედების გამოვლენისას?

- ეს იყო უგუნურების გამოხატულება უამრავი ქართველი პასუხისმგებელი პირის მხრიდან. ამას უდავოდ შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. აქ არ არის საუბარი ეროვნული იდეების ღალატზე, საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას ჭკუა არ ჰყოფნის, ელემენტარული სისულელე არ ჩაიდინოს. როდესაც ასეთი კაცი პარლამენტში ზის და, თანაც, მაღალ თანამდებობაზეა, ეს ქვეყნისთვის საშიშია. ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შევიცვალო აზრი, ამავე აზრის ვარ დღესაც, რადგან ხვალ და ზეგ ზოგიერთ მსგავს პიროვნებას, რომელიც თანამდებობაზე იქნება, ჩაუვარდება ასეთი შემთხვევა ხელში და ისეთსავე სიბრიყვეს ჩაიდენს, ისეთისავე ზიანს მიაყენებს ქვეყანას, როგორც 20 ივნისს მიაყენა.

თუ სწორად გაგიგეთ, საქართველოში არ უნდა ჩამოეყვანათ გავრილოვი?
- მე ამას არ ვამტკიცებ, შეიძლება, გავრილოვი ჩამოეყვანათ კიდეც, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი ამ ღონისძიების ორგანიზატორი, ამ ყველაფრის მიზანშეწონილობაზე ძალიან სერიოზულად და კრიტიკულად ვიფიქრებდი. როცა ასეთ ღონისძიებას ატარებ, იმის თავიც უნდა გქონდეს, ისე ჩაატარო, ამას არ მოჰყვეს პროვიკაციული ქმედებები. ეს მაინც უნდა შესძლო. თუ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მაშინ თავი უნდა დაანებო მსგავს გადაწყვეტილებებს. ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც მენტალური, პროფესიული, ადამიანური, მორალური უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ ის საქმე აკეთე, რითაც ნაკლებ ზიანს მიაყენებ საზოგადოებას.

გავრილოვი ვახსენეთ, ასევე, ვახსენეთ რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, ორივე შემთხვევას საქართველოში საზოგადოებრივი ტემპერატურის მატება მოჰყვა. რუსეთში არსებობს უშიშროების სამსახურთან მოქმედი ძალიან ძლიერი საქართველოსმცოდნეობის განყოფილება, მათ კარგად აქვთ შესწავლილი ქართული ხასიათი, ამდენად, ჩვენი განწყობების შესწავლას რაღა დამატებით გამოკვლევა ესაჭიროება?

- რა თქმა უნდა, რუსებმა ეს განწყობა იციან და სპეციალურად ამის გათვალისწინებით დგამენ ასეთ ნაბიჯებს. სულაც არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა და მიზანს მიაღწია. დღეს ვიღაც იქ წყნარად თავისთვის იღიმის, საქართველოში კი ერთმანეთს ასკდებიან პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები, ვითომ სხვა საქმე არ გვქონდეს გასარჩევი და მისახედი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს უბედურებაა და ამას უნდა მივხედოთ.

მართლა ასე საშიშია რუსული ცენტრები, როგორც გვესმის, რომ თურმე ამერიკაში, საფრანგეთში მსგავს ცენტრებში გამოუვლენიათ რუსი აგენტები და ეს სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს?

- ეს არ არის ახალი გამოგონება და გუშინ და გუშინწინ არ გაჩენილა. საბჭოთა კავშირის არსებობის მთელ პერიოდში მსგავსი კულტურის ცენტრები გვხვდებოდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ყველგან ეს ცენტრები გახლდათ საბჭოთა სპეციალური დანიშნულების ორგანოების, ანუ თავდაპირველად ჩეკას, შემდეგ ენკავედე-ს, ბოლოს კგბ-ს ფარად გამოყენებული ორგანიზაცია. მათი თანამშრომლების დიდ ნაწილს შეადგენდნენ სპეცდანიშნულების სამსახურების მუშაკები. ამგვარი ცენტრების არსებობა ყოველთვის ღიმილს იწვევდა დასავლეთში. დიდი ხანია, ეს ყველასთვის იყო ცნობილი, ამიტომ სრულიად გამორიცხული იყო, საქართველო დასთანხმებოდა მსგავსი სტრუქტურის შექმნას სახელმწიფოს ეგიდით, ანუ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით. წარმოდგენაც კი მიჭირს, ვის შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილების დადებითად განხილვა მოსვლოდა თავში საქართველოში. შეიძლება, მსგავსი რამ კერძო დაწესებულებაშიც არსებობდეს, მაგრამ, მოგეხსენებათ, კერძო დაწესებულება ბევრად უფრო რთულად საკონტროლებელია. საქართველოში რუსეთის სხვა უამრავი სახელმწიფო სტრუქტურაც გვაქვს გასაკონტროლებელი, „მისახედი“ და, მე თუ მკითხავთ, სასწრაფოდ დასახურიც ჩვენი კანონის მიხედვით, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება.

რომელ სტრუქტურას გულისხმობთ?

- მაგალითად, საქართველოში სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს „ვითიბი ბანკი“.

ესეც რუსული რბილი ძალის ფილიალია?

- ეს არის რუსული სახელმწიფო ბანკი, რომლის ფილიალიც მუშაობს საქართველოში, მუშაობს აფხაზეთში, უხეშად არღვევს საქართველოს ყველა კანონს, მათ შორის, ოკუპაციის შესახებ კანონსაც. რაღაც არ გამიგონია, ვინმეს ამაზე პროტესტი გამოეთქვას. ამისთანა სტრუქტურები კი ჩვენში უამრავია.

ეს ნიშნავს, რომ რუსული რბილი ძალა საქართველოში ახალ მასშტაბებს იძენს?

- ეს ძალა გააქტიურდება კიდეც, რადგან დიდი ხანია, რუსეთმა თავის აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში აქცენტები სწორედ ამ მიმართულებით გადასვა და ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობს. არავითარი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, თითქოს საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია და ჩვენთან სრულიად სხვა აქცენტებს სვამს რუსეთი.

რუსული ცენტრის გახსნა, ალბათ, კიდევ უფრო ცინიკური იქნებოდა იმ ფონზე, როცა სამაჩაბლოში ქართველი ექიმია გატაცებული?

- სულ რომ არაფერი მომხდარიყო, ბატონი ვაჟაც რომ არ გაეტაცებინათ, ამის დაშვება არ შეიძლებოდა, რადგან ეს არის ძველი საბჭოთა ტრადიცია, რათა შექმნან საფარი თავიანთი სპეციალური დანიშნულების ორგანოებისთვის, სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლად. რამდენჯერ უნდა დავდგათ ერთსა და იმავე ბოთლზე ფეხი?!

ცალკეული პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამყაროში არანაირი კულტურული ცენტრები არ შენდება და ეს კონცეპტუალურადაც უარსაყოფია.

- ყოველგვარი პოლიტიკოსების გარეშეც, აშკარაა, მსგავსი დაწესებულებები წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ გაუმართლებელია მათი შექმნა ქვეყნის ტერიტორიაზე იმ სახელმწიფოს მიერ, რომელთანაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. რუსეთს ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული.

შეიძლება, ადამიანებს გაუჩნდეთ ცინიკური კითხვა, რომელ კულტურაზე უნდა გველაპარაკოს რუსეთი, იმკულტურაზეხომ არა, როგორ მოახდინონ ოკუპაცია, გაიტაცონ ქართველები?

- რუსული კულტურის ცენტრში არავინ ილაპარაკებს ოკუპაციაზე, მკვლელობაზე, გატაცებაზე. იქ საუბარი მართლაც იქნება რუსულ ლიტერატურაზე, რუსულ კულტურაზე, მაგრამ ეს მხოლოდ იქნება ნიღაბი იმისთვის, რომ ამის უკან განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ოპერაციები.

 

 

romani რა უბედურება ავაცილეთ ქვეყანას, ხომ წარმოგიდგენიათ. მე ირაკლისგან მიკვირს ეს ბანალური სირაქლემიზმი, თორემ...
4 წლის უკან
DDD მე არ ვიცი როგორი ექიმი იყო მენაღარიშვილი, მაგრამ როგორც დიპლომატი, სრული ს-ი-რ-ი-ა.
4 წლის უკან
შაქრო სირი არ არის, უბრალოდ უნდა ტრენდში იყოს. ტრენდი კი არის ხაზგასმით რუსოფობული და ვითომ პატროიტული, სიმამდვილეში - სირული.
4 წლის უკან