ოპოზიცია აცხადებს, რომ 14 დეკემბრის აქციაზე „ოცნება“ საკუთარი მომხრეების შეკრებას კონტრაქციისთვის აპირებს, რისთვისაც რეგიონებიდან ხალხის საყოველთაო მობილიზებას ახდენს. მათი თქმით, ვინც მომავალი კვირის შაბათ დღეს თბილისში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ივანიშვილის ხელისუფლება სამსახურიდან გაგდებით ემუქრება. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ხელისუფლება თითო ნაბიჯს დგამს სამოქალაქო დაპირისპირების შესაქმნელად.
„ქართულ ოცნებაში“ ამ ეჭვების გაქარწყლებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ 14 დეკემბრის აქციისთვის კონტრაქციის დარქმევა დესტრუქციის ნაწილია. რეალურად, ეს არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, რომელსაც „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა გეგმავს და რეგიონებიდან პარტიის მხარდამჭერებს ელოდება, რომელთა ტრანსპორტირებაც დაფინანსდება. ამდენად, ეს სულაც არ არის ძალის დემონსტრირება და მეტი მხარდამჭერის წარმოჩენა.
ამის მიუხედავად, არავინ იცის, რა მოხდება 14 დეკემბერს და დაუპირისპირდებიან თუ არა ახალგაზრდები ერთმანეთს იმ შემთხვევაში, თუკი „სირცხვილიას“ აქციაც 14 დეკემბერს გაიმართება?! სწორედ ასე მოხდა 2 დეკემბერს, როცა ორბელიანის მოედანზე ახალგაზრდები ერთმანეთს შეეტაკნენ.
იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია უკონტროლოა, რამდენად ღირს საკუთარი მომხრეების მობილიზება და ახალგაზრდების ჩამოყვანა დედაქალაქში?
პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე აქტიობა, კონტრაქციის სახით იქნება ეს, თუ სხვა სახით, არ არის სასურველი, მაგრამ ობიექტურად თუ გავაანალიზებთ 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, ეს სულაც არ არის კონტრაქცია.
„14 დეკემბერი ძალიან კონკრეტული თარიღია, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავმჯდომარეობას ევროსაბჭოში და ამ თარიღს უკავშირდება გარკვეული აქტივობები, რაც გაწერილი იყო რამდენიმე კვირის წინ. ბუნებრივია, მმართველმა პარტიამ არ უნდა თქვას უარი იმ აქტივობაზე, რაც აუცილებელია. მით უფრო, რომ ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის აქცია და „ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის ახალგაზრდებს, შეიკრიბონ და აღნიშნონ ეს თარიღი. კონტრაქცია იყო 2 დეკემბერს, როცა ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები მივიდნენ „ოცნების“ ოფისთან. ეს ფაქტი სხვადასხვა ტელევიზიებმა არასწორად გააშუქეს. როგორ შეიძლება, კონტრაქციას აწყობდეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საკუთარ ოფისთან?! ეს ხომ აბსოლუტური აბსურდია, ეს ხომ კონტრაქციის აზრს ეწინააღმდეგება?! თავისთავად, კონტრაქციაშიაც არაფერი ნეგატიური არ არის. კონტრაქცია არასწორად შემოთავაზებული ტერმინია, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ოპოზიცია“,-აცხადებს ვაკა გორგილაძე For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, 14 დეკემბრის აქციაზე გამოსვლა ლეგიტიმური უფლებაა და „ოცნებას“ ვერავინ აუკრძალავს თავის მხარდამჭერთა მობილიზებას, მით უფრო, როდესაც არსებობს ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი თარიღი.
ვაკა გორგილაძე ეჭვობს, რომ 2 დეკემბრის დაპირისპირებაც შემთხვევითი არ იყო და, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდობა აღნიშნავდა ამ თარიღს, სწორედ მაშინ მოხდა შემოსევა, ინვაზია, შეტევა „ქართული ოცნების“ ოფისზე. ამდენად, „ქართული ოცნება“ თავის დღის წესრიგს უნდა მიჰყვებოდეს, უნდა აღნიშნავდეს თავის თარიღებს და არ უნდა ჰქონდეს შიშის კომპლექსი, რომ ნებისმიერი მასობრივი შეკრება ვინმემ კონტრაქციად არ აღიქვას.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხუმრობით შენიშნავს, რომ 14 დეკემბერს, ალბათ, მიშას გადადგომის მოთხოვნას აპირებენ და გადადგება კიდეც მიშა. მით უმეტეს, სააკაშვილმა ერთხელ უკვე იხუმრა, ხალხო, მე გადავდექიო და, ალბათ, კიდევ ერთხელ „გადადგება“.
„ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ. ისიც კი არ ვიცით, დიმიტრი ხუნდაძე მართავს მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ივანიშვილი ხუნდაძის წინააღმდეგ?! ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს მართავდეს და წყვეტდეს თავისი მოქალაქეების პრობლემებს, იმითაა დაკავებული, რომ საპროტესტო აქციებსა და კონტრაქციებს აწყობს. ვის უპროტესტებენ, რას უპროტესტებენ, რას ითხოვენ, გაუგებარია. ძალის დემონსტრირება უნდათ? ხელისუფლება, რომელიც იწყებს ძალის დემონსტრირებას, მისი საქმე ძალიან ცუდადაა. დამიჯერეთ, ძირითადი პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები გადაწყვეტილი რომ იყოს, ვერანაირი „ნაცმოძრაობა“ ქუჩაში ვერ გამოვიდოდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში.
საქართველოში პოლიტიკური პარტიები უნდა გაუქმდეს!