ახალი დეტალები გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმეში

ახალი დეტალები გიორგი გამცემლიძის მკვლელობის საქმეში

2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა. გამცემლიძის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა. მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიების მსვლელობისას იარაღიც „ამოიღეს“, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ამ იარაღზე გიორგი გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ იყო. ვახტანგ აბუაშვილის მიმართ საქმე თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის დაკავებისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) აღიძრა, შემდეგ კი კვალიფიკაცია შეიცვალა და საბოლოოდ პატრულის თანამშრომელი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს (116-ე მუხლი), თუმცა გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე დარწმუნებულია, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო, რადგან მისი მტკიცებით აბუაშვილი მის ვაჟს იცნობდა და მასთან პირადი ინტერესი ჰქონდა.

ამასთან დაკავშირებით გულიკო გამცემლიძემ შესაბამისი მტკიცებულებებიც მოიპოვა, მაგრამ მათი სასამართლოზე წაარდგენის საშუალება არ მიეცა. ამჟამად კი, ამ მტკიცებულების შესახებ ინფორმაციას ქალბატონი გულიკო ექსკლუზიურად for.ge-ს მკითხველს აცნობს. ამასთანავე, იგი აცხადებს, რომ აუცილებლად მიმართავს მთავარ პროკურატურასაც და პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც (როცა იგი შეიქმნება), რათა მისი შვილის მკვლელობის საქმე ობიექტურად გამოიძიონ და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანონ. გულიკო გამცემლიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, რიგითობას დაიცავს და ვინაიდან, ბუტა რობაქიძე და სანდრო გირგვლიანი გიორგი გამცემლიძეზე ადრე გახდნენ მაშინდელი ხელისუფლების მსხვერპლნი, ჯერ მათი საქმეების გამოძიებას დაელოდება და შემდეგ უკვე თავისი შვილის საქმის გამოძიებასაც მოითხოვს. ამასთანავე, გულიკო გამცემლიძე აღნიშნავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი გამცემლიძის საქმე გაგზავნილია და უკვე წარმოებაშიც არის მიღებული, მაგრამ თუკი საქმის გამოძიება ობიექტურად საქართველოშივე მოხდება, გულიკო გამცემლიძე მზად არის, ევროსასამართლოდან საჩივარი გამოითხოვოს.

გულიკო გამცემლიძე: „შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდა პროკურორი გიორგი ჩხოტუა და როდესაც მომხდარის შესახებ ვახტანგ აბუაშვილი გამოკითხა, ამ უკანასკნელმა არ უარჰყო, რომ გიორგის იცნობდა. იგი გიორგი ჯიბრში ედგა. კერძოდ, ჩემს შვილს სპორტული სტილის „ბმვ“-ს მარკის საკმაოდ კარგი ავტომანქანა ჰყავდა, რომელიც გამორჩეული იყო და ერთადერთი, რასაც შეიძლება გიორგი აშავებდა იყო ის, რომ მას სწრაფად სიარული უყვარდა. ეს აბუაშვილი კი მას ხშირად აჩერებდა და აჯარიმებდა. ერთხელ ჩემმა შვილმა თავისი მანქანა რაღაც პერიოდით გააჩერა და მეუღლის მანქანით მოძრაობდა. როდესაც ამის მიზეზი ვკითხე, მითხრა, რომ პატრულს იგი შეწუხებული ჰყავდა და ამიტომ ცოტა ხნით თავისი მანქანა მათ მხედველობის არეს მოარიდა.

რაც შეეხება აბუაშვილის აღიარებას, რომ იგი ჩემს შვილს იცნობდა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მე მტკიცებულების მოპოვება მჭირდებოდა. ჩემი ადვოკატი, ინგა არახამია კარგად იცნობდა პროკურორ ჩხოტუას და სწორედ მან მითხრა, რომ მასთან საუბარში ჩხოტუამ ასეთი რამ თქვა. ერთ დღეს პროკურატურაში ჩემმა ადვოკატმა დამანახა პროკურორი ჩხოტუა, მე მივედი მასთან და მობილური ტელეფონი ხმის ჩაწერის რეჟიმზე ჩავრთე. გიორგი ჩხოტუას ჩემი შვილის გვარი შევახსენე და მან დამიდასტურა, რომ აბუაშვილმა მასთან საუბარში თქვა, რომ გიორგის იცნობდა. ჩხოტუასთან ეს საუბარი მე, როგორც მოგახსენეთ, ჩავიწერე.

ამ ეტაპზე ჩვენი საქმე უკვე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა. ამ ახლადაღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით მე დავწერე განცხადება და ზურაბ ადეიშვილის სახელზე შევიტანე. მან რა თქმა უნდა, არ მიმიღო, გადამამისამართა თინა ბურჯალიანთან, რომელმაც ასევე არ მიმიღო. საერთოდ, ამ საქმეზე ტაბუ იყო დადებული, რადგან ისინი ამ კონკრეტული პოლიციელის ინტერესებს კი არ იცავდნენ, არამედ ეს უკვე მერამდენე შემთხვევა იყო და ამიტომ ისინი ცდილობდნენ, როგორმე „წარმატებული“ საპატრულო პოლიციის იმიჯი არ შეელახათ.

საქალაქო სასამართლოში აბუაშვილის ინტერესებს ადვოკატი მირდატ ქამადაძე იცავდა, რომელიც ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის ხელდასმული იყო, რადგან ყავლაშვილი სახელმწიფოს ინტერესებს იცავდა. ფორმალურად მირდატ ქამადაძე ერთი პოლიციელის ინტერესებს იცავდა, რეალურად კი იგი საპატრულო პოლიციის ინტერესებს ატარებდა, როდესაც ცდილობდა, როგორმე ეს დანაშაული არა როგორც სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება, არამედ გაუფთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად გაესაღებინათ.

აბუაშვილის მიმართ წარდგენილი მუხლი ორი წლით თავისუფლების აღკვეთას და ორწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებდა, მაგრამ ადვოკატ ქამადაძეს ეყო თავხედობა და ჩემი შვილის მკვლელის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლება მოითხოვა. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ამის შესახებ მინდოდა ზურაბ ადეიშვილთან მესაუბრა, მაგრამ როგორც გითხარით, არც მან და არც თინა ბურჯალიანმა არ მიმიღეს და ბოლოს მოვხვდი ქალაქის პროკურორ დავით საყვარელიძესთან. მას ვუთხარი, რომ ხელთ მქონდა პროკურორის საუბრის ჩანაწერი, რაც ახლადაღმოჩენილი გარემოება იყო. საყვარელიძემ მკითხა ვინ იყო ეს პროკურორი, მე კი ვუთხარი მას, რომ ჯერ მოეძიებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაკითხა პირველად შემთხვევის ადგილზე აბუაშვილი და შემდეგ მე მას ამ ჩანაწერს მივცემდი. რა თქმა უნდა, არც ამ შეხვედრას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, რადგან თავიდანვე იცოდნენ, რომ აბუაშვილი როგორმე გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით უნდა გაესამართლებინათ, რომელიც ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და ისიც არ იკადრეს, რომ მისთვის ოთხი წელი მიესაჯათ.

თქვენ ეს მტკიცებულება საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოიპოვეთ, მაგრამ მისი სასამართლოსთვის წარდგენის საშუალება რატომ არ მოგეცათ?

- მე ეს ჩანაწერი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მივიტანე, სადაც საქმე სტრასბურგში გასაგზავნად მზადდებოდა და იურისტებმა ადიოჩანაწერი საჩივარს დაურთეს.

გამოდის, რომ თქვენ თავიდანვე დარწმუნებული იყავით, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული?

- დიახ, რა თქმა უნდა, ეს სწორედ ასე იყო. ჩემს საქმეში სამი პროკურორი ფიგურირებდა, მაგრამ აშკარად თვალშისაცემი იყო, რომ სამივე მათგანი არათუ ბრალმდებლის, არამედ აბუაშვილის ადვოკატის როლში გამოდიოდნენ. საქალაქო სასამართლოში ჩვენს საქმეს იხილავდა მოსამართლე ეკა გაბრიჩიძე, რომელმაც გიორგის საქმის გაშუქების შემდეგ ჩემს ადვოკატს დაურეკა და მადლობა გადაუხადა - მადლობა, რომ იმ სტატიაში მე არ მახსენეთ, ხომ იცით, მე არაფერი შემიძლიაო. მაშინ, საქმის სასამართლოში განხილვისას მე ძალიან ვაქტიურობდი, მედიასთანაც აქტიურად ვთანამშრომლობდი, რადგან მეგონა, რომ თუ სხვა მსგავს საქმეებში უამრავი სამართალდამცავი ფიგურირებდა (გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის) და მათი დასჯა არ უნდოდათ, ვფიქრობდი, რომ ჩვენს საქმეში მხოლოდ ერთი პოლიციელი იყო დასასჯელი და იმედი მქონდა, რომ შესაძლებელი იყო სამართლიანი გადაწყვეტილება დამდგარიყო.

სხვათა შორის, იმ პერიოდში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და არჩევნებამდე ეს საქმე შეჩერებული ჰქონდათ, როგორც ჩანს, მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ, ანუ ელოდნენ როგორი შედეგი დადგებოდა საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნების შემდეგ კი საქმის განხილვა ელვის სისწრაფით მოხდა. გამომძიებელმა მოწმის სახით დაკითხა კიდევ ორი პოლიციელი, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და საქმესთან არანაირი შეხებაც არ ჰქონდათ და ავტოფარეხის თავზე იარაღის არსებობა მათი ჩვენებებით გაამაგრა. რომ ნახოთ ამ პოლიციელების ჩვენებები, ისინი ქსეროასლებს ჰგავს, იმდენად იდენტურია. ამიტომ სრულიად ნათელია, რომ ეს ჩვენებები ნაკარნახევი იყო.

ჩემი შვილის მკვლელობა რუსთაველის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანთან მოხდა იმ ადგილას, სადაც არის პატარა ფანჯარა და ამ რესტორნის პროდუქციის შეძენა მასში შეუსვლელად შეგიძლიათ. ამიტომ, ამ ადგილას კარგი განათებაა. სწორედ ამ განათების ფონზე ესროლეს ჩემს შვილს, მაგრამ ამის აღიარება არ უნდათ, რადგან პოლიციელ აბუაშვილს იარაღის ამოღების უფლება არ ჰქონდა, რადგან გიორგის კარგად ხედავდა, ანუ, მას შეეძლო დაენახა, გიორგი იარაღი ჰქონდა, თუ არა. ამას აბუაშვილი სასამართლოზე უარჰყოფდა და ამბობდა, რომ თითქოს, გიორგიმ ჯიბისკენ წაიღო ხელი, რის გამოც აბუაშვილს შეეშინდა და ამიტომ ესროლა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გიორგის ბარნოვის ქუჩიდან მოსდევდა და როდესაც ჩემმა შვილმა ზანდუკელის ქუჩაზე ჩაუხვია, იქ გზა გადათხრილი იყო, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და სანაგვე ურნებს შეეჯახა. შემდეგ იგი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელები ამბობენ, თითქოს მათკენ გაიქცა, რაც ტყუილია. მათი თქმით, გიორგი დაღმართით მირბოდა და იქვე არსებულ იტალიურ ეზოში შეირბინა. იტალიურ ეზოსთან დაკავშირებით ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ იქ განათება არ იყო და ამით აბუაშვილის მიერ იარაღის ამოღება უნდოდათ გაემართლებინათ. ამ დროს, ვითომ, გიორგიმ წელისკენ წაიღო ხელი, რის გამო აბუაშვილს შეეშინა და არც შეძახილი, არც გამაფრთხილებელი გასროლა და ვითომ გიორგისთან მივიდა, დააკავა და ამ დროს შემთხვევით გაუვარდა იარაღი.

ამასობაში საპატრულოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი აცხადებს, რომ გიორგი გამცემლიძე იყო შეიარაღებული და ამის დამადასტურებელ ვიდეო-მასალასაც წარვუდგენთო საზოგადოებას. გამოძიების ეტაპზე მე დავაყენე შეუამდგომლობა, რომ ჩემთვის ეს ვიდეო-მასალა ეჩვენებინათ, რადგან შემთხვევის ადგილზე სამი ვიდეოთვალია განთავსებული. რა თქმა უნდა, ეს მასალებიც არ მაჩვენეს, რადგან ამ კადრებში გამოჩნდებოდა, რომ მკვლელობა ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. როგორც ჩანს, როდესაც გიორგიმ დაინახა, რომ პოლიციელი შეიარაღებული იყო, ქუჩიდან ავტოფარეხის სახურავზე გადახტა, რასაც მე ვერასოდეს გავიგებდი რომ არა იმ იტალიურ ეზოში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც ეს ყველაფერი თვითონ დაინახა. ეს მოწმე, თენეიშვილი აცხადებს, რომ მანქანის დაჯახების ხმას (რაზეც მან გარეთ გამოიხედა), რამდენიმე წამში მოჰყვა გასროლის ხმაც. პოლიციელები კი ამბობდნენ, რომ გიორგი ჯერ მანქანიდან გადმოვიდა, მერე გაიქცა, იტალიურ ეზოში შეირბინა და ა.შ. ეს ყველაფერი კი, როგორც მოგახსენეთ იმიტომ ითქვა, რომ თითქოს იტალიურ ეზოში სიბნელე იყო. სინამდვილეში კი, მოწმე თენეიშვილი ამტკიცებს, რომ მას ეზოში ერთხელ გაუძარცვეს მანქანა და იქ განათება იყო.

როგორც კი თქვენი შვილი მანქანიდან გადმოვიდა, გასროლაც მალევე მოხდა?

- დიახ. მოწმე თენეიშვილი ვერაფრით ვერ დაამუშავეს, რადგან მის გამო სასამართლო პროცესი შვიდჯერ გადაიდო, მაგრამ მან მაინც რეალური ჩვენება მისცა. აქვე გეტყვით, რომ ძალიან გაორებული ვარ ახლა, რადგან მოგეხსენებათ, სტრასბურგში საჩივარი მიდის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს საჩივარი მე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანე და სულ არ ვერჩი ახალ ხელისუფლებას. ადამიანს რომ შვილს მოგიკლავენ, რა თქმა უნდა, გაქვს სურვილი, რომ მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი არის ის, რომ სწორედ საქართველოში მოხდეს ჩვენი საქმის გამოძიება. თუნდაც აბუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გამოუშვან, ოღონდ ბრალდების კვალიფიკაცია სწორი იყოს და უსამართლობის განცდა არ მქონდეს.

აქვე გეტყვით, რომ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე ვითომდა აღმოაჩინეს, გიორგის თითის ანაბეჭდები არ იყო. ამასთანავე, გიორგი ჰქონდა იარაღი, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული, მაგრამ ის სულ სხვა იარაღი იყო. ამიტომ, აქ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ამასთანავე, მოწმე თენეიშვილმა თქვა, გიორგის რომ ესროლეს და როდესაც მან ამის შემდეგ გარეთ გაიხედა, ავტოფარეხის სახურავზე არანაირი იარაღი არ ყოფილა. მოწმის განცხადებით, იარაღი მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ. კიდევ ძალიან ბევრი ფაქტები მაქვს იმის დამადასტურებელი, რომ საქმე შეთითხნილი იყო და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ობიექტური გამოძიება დაადგენს.

აქვე აუცილებლად აღვნიშნავ, რომ რაღაცნაირად იმედი მაქვს, რომ პროკურორი გიორგი ჩხოტუა ახლა მაინც იტყვის სიმართლეს და დაადასტურებს, რომ ვახტანგ აბუაშვილი ჩემს შვილს იცნობდა. ამასთანავე, თუკი საქმე საქართველოშივე ობიექტურად იქნება გამოძიებული, მე მზად ვარ სტრასბურგიდანაც გამოვიტანო საჩივარი, რადგან ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს კომპენსაციის მიღებას. ჩემთვის მთავარი არის სამართლიანობის აღდგენა და მირჩევნია, რომ ეს საქართველოში მოხდეს.