Spiegel: სკრიპალების მოწამლვაში ბრალდებულების წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება დაიწყო

Spiegel: სკრიპალების მოწამლვაში ბრალდებულების წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება დაიწყო

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით ცნობილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, პეტროვმა და ბოშიროვმა 2014 წელს სამი დღე ფრანქფურტის მახლობლად გაატარეს. Spiegel-ის წყაროების მტკიცებით, გერმანული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ რუსულ დაზვერვას გერმანიაში გარკვეული კავშირები აქვს.

პეტროვისა და ბოშიროვის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

2018 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული ალექსანდრ პეტროვის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრ მიშკინია. მანამდე, 26 სექტემბერს Bellingcat-ის და The Insider-ის გამოძიების მესამე ნაწილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ბრალდებულის, რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი ანატოლი ჩეპიგაა.

რუსეთის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  დიპლომატიური  დაპირისპირება მოჰყვა.