„ახალაიას მიმართაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ვერ გაბედეს“

„ახალაიას მიმართაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ვერ გაბედეს“

ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ბაჩო ახალაიას დაცვა შესთავაზეს. თუ რატომ თქვა მან უარი ამ შეთავაზებაზე და რას ფიქრობს იგი საქართველოში გახმაურებული დაკავების ფაქტების შესახებ, ამაზე For.ge-ს მამუკა ნოზაძე ესაუბრება.

გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ბაჩო ახალაიას დაცვა შემოგთავაზეს, თუმცა არ დათანხმდით. რა იყო ამის მიზეზი?

- მისი დაცვა მართლაც შემომთავაზეს. სხვათა შორის, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ სიტუაციის გასარკვევად ჩემს კოლეგასთან ერთად მთავარ პროკურატურასთანაც მივედი. თუმცა უარი განვაცხადე ბაჩო ახალაიას დაცვაზე შემდეგ მიზეზთა გამო. ჯერ ერთი, ბაჩო ახალაიასთან მიმართებით ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, რადგან მე ვიცავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც სწორედ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს ამხელენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც წლების მანძილზე სისტემატურად ხორციელდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ. პარასკევს შევიტანე განცხადება ორი პიროვნების დაკითხვის თაობაზე, რომლებიც ბაჩო ახალაიას არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ამხელენ. ამის გამოც მას ვერ დავიცავდი. გარდა ამისა, მე გახლავართ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. შესაბამისად, ესეც ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა. თორემ ყველას სჭირდება ადვოკატი, მით უფრო, ვისაც დანაშაულები აქვს ჩადენილი და დაცვა სჭირდება. თუმცა, ადვოკატს უფლება აქვს, თავადვე მიიღოს გადაწყვეტილება, მორალური კრიტერიუმის გათვალისწინებით, თუ რომელი ადამიანი უნდა დაიცვას და რომელი - არა. ეს მისი არჩევანია. ამ შემთხვევაში, როდესაც ადვოკატი საქმეს ჰკიდებს ხელს, ან გარკვეული სიმპათიები უნდა ჰქონდეს კონკრეტული დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ან შესაძლოა, სიმპათიებიც არ ჰქონდეს და საქმე იყოს მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ უდანაშულო ადამიანის მიმართ უკანონობას სჩადიოდნენ. ამიტომ, პრინციპულობიდან გამომდინარე, ასეთ ადამიანს დაცვა სჭირდება. ან არსებობს მატერიალური მხარეც, როდესაც ადვოკატი ასეთი შემოთავაზებითაა დაინტერესებული. უკვე რამდენი წელია, ჟურნალისტებთან ერთად ვიბრძოდი და ვამხელდი რეჟიმის სისასტიკეს პატიმრებთან მიმართებით. ამდენად, უბრალოდ, არაეთიკურად მიმაჩნია და არ ჯდება არანაირ ზნეობრივ კრიტერიუმში, რომ დღეს დამეწყო ისეთი ადამიანის დაცვა, რომელიც ყველაფერ ამის გამო იმხილებოდა და იმ სისასტიკის იდეოლოგად ითვლებოდა, როცა დამკვიდრდა არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების შემთხვევები. ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. სანამ მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, ესეც ჩემთვის შემაკავებელი ფაქტორია, რადგან ამ შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ მე, ფაქტობრივად, ვუპირისპირდებოდი მის იდეოლოგიას. არადა, უსამართლობისა და უკანონობის გამო გავწევრიანდი „ქართულ ოცნებაში“. ადვოკატები ვერ ვაღწევდით ვერანაირ შედეგს და იმედი გვქონდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა. მოგეხსენებათ, შერჩევითი მართლმსაჯულება მეფობდა იმ ხელისუფლების დროს, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული სახეც იყო ბაჩო ახალაია. აქვე გეტყვით, დღეს მე აღშოთებული ვარ იმით, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები თითქოს განხორციელდა, ამ დროს კი მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობებზე დაინიშნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები იყვნენ, მათ მიერ დანერგილ უკანონობას მხარს უჭერდნენ. სწორედ საპროცესო გარიგებებში მონაწილეობდნენ ყოფილი პროკურორები, შემდგომ ადვოკატურაში თავშეფარებული ადამიანები და ახლა ისევ პროკურატურაში გადასული ადამიანები. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც ადეიშვილის, ზოდელავასა და ნაცმოძრაობის იდეოლოგიას ახორციელებდნენ. ასე რომ, ამ ადამიანების გადაადგილება მოხდა. მაგალითად, თბილისის პროკურორად დაინიშნა დავით კოჭლამაზაშვილი, რომელიც სიღნაღის პროკურორი იყო.

რით ახსნით ამას, კადრების სიმწირით თუ საკადრო პოლიტიკის შეცდომით?

- არავითარი კადრების სიმწირე არ არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავარი პროკურორის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ძალიან ბევრმა, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეიტანა თავისი პირადი მონაცემები. ამდენად, ამ ადამიანებიდან შეიძლებოდა წესიერი, კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნებების შერჩევა. სამწუხაროდ, მთავარ პროკურატურაში გარკვეული პირები, რომლებიც საკვანძო თანამდებობაზე არიან, ან მრჩევლის სტატუსით სარგებლობენ, პირადი შეხედულებისამებრ წყვეტენ კადრების აყვანას, თუ ვის რა ურთიერთობა აქვს დანიშნულ კადრებთან, ვის რა ნათესაური ან მეგობრული კავშირი აქვს. ამით ქვეყნის საქმე ფუჭდება. ახალი ღვინო ძველ ტიკში არ ჩაისხმება.

ის პროკურორები, რომლებსაც წლების მანძილზე დამკვიდრებული უსამართლობის მიმართ არანაირი პროტესტის გრძნობა არ ჰქონიათ, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს საპროცესო გარიგებებს უფორმებდნენ და ხმას არ იღებდნენ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, დღეს საზოგადოების ახალ მოთხოვნებს, რაც სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება, ვერ განახორციელებენ. ამით ზიანდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი.

ფიქრობთ, რომ ამ კადრების შესახებ არაფერი იცის ბიძინა ივანიშვილმა?

- დიახ, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა საკადრო საკითხი პირველ ხელმძღვანელ პირებს მიანდო. მათ უნდა დაეკომპლექტებინათ სამინისტროები და დეპარტამენტები. ვფიქრობ, ეს ადამიანები ბოროტად იყენებენ პირად ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებით თანამდებობაზე ინიშნებიან საზოგადოებაში რეპუტაციაშელახული პირები. თუნდაც გია ქავთარაძის დანიშვნა გავიხსენოთ, რომელიც შემდგომში მიხვდა, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო. ეს ადამიანი 2006 წლის ბუნტის დროს იუსტიციის მინისტრი იყო. როდესაც ენერგეტიკის მინისტრად ინიშნება ამ სფეროს არასპეციალისტი, ეს კიდევ დასაშვებია, შეიძლება, მინისტრი კარგი მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანი იყოს და ამ შემთხვევაში, დიდ პატივს ვცემ კახა კალაძეს და მის მენეჯერულ თვისებებს, მაგრამ მისი მოადგილე ხომ მაინც უნდა იყოს დარგის სპეციალისტი და სფეროს გამორჩეული ადამიანი?! სამწუხაროდ, ყველა სფეროში ასე ხდება. თუნდაც სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელი გავიხსენოთ, მისმა დანიშვნამ დიდი პროტესტი  გამოიწვია. ავტობიოგრაფიას ხომ სწავლობენ?! ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე უკანონობას სჩადიოდა, როგორ შეიძლება დანიშნო თანამდებობაზე? დღეს ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი რესურსია, რომ სახელმწიფო თანამდებობის კადრები და სამინისტროები ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს. ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დროს ადგილებზე დევნიდნენ (პოლიციის მხრიდან იქნებოდა ეს დევნა თუ პროკურატურის მხრიდან), დღეს ამ ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა, სამარცხვინოა და ეს საზოგადოებაში უსამართლობის, უიმედობის შეგრძნებას აჩენს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები სამომავლოდ ჩანერგილი მეხუთე კოლონა იქნება?

- მეხუთე კოლონა იქნებიან. ბუნებრივია, ისინი უკანონობას ისევ გააგრძელებენ და ეს ყველაფერი შემოუტრიალდება „ქართულ ოცნებას“. „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ნდობა იმიტომ დაიმსახურა, რომ საქართველოში გამეფებული უსამართლობა მოსპობილიყო. ადამიანები დღესაც ელიან, რომ მოვა ღირსეული ხალხი, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. პროკურატურიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანის წასვლა ვერაფერს შეცვლის. სამმართველოს უფროსები ვინც იყვნენ, ბესო თხელიძეები და ვიღაც-ვიღაცები თუ ისევ გადაადგილდებიან პროკურატურაში, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორი იმედაშვილი მოხსნეს, რომელიც არავის არასდროს პასუხს არ სცემდა და არასდროს კანონიერი გადაწყვეტილება არ მიუღია საქმეზე, მასთან შესული ყველა საჩივარი განუხილველად რჩებოდა და თაროზე იდებოდა. რამდენჯერმე ჩემთვის ტრაფარეტულად უპასუხია, ამ დროს კი ეს კაცი დასავლეთ საქართველოს პროკურატურიდან თბილისის პროკურორის მოადგილედ გადმოიყვანეს. სიღნაღის პროკურორი მოხსნეს და თბილისის მთავარ პროკურორად გადაიყვანეს, იმედაშვილი კი მოადგილედ დაუნიშნეს. რა იცვლება ამით? გადანაცვლებით არაფერი იცვლება. მე საზოგადოებაში ვტრიალებ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ხალხში ამ კადრების მიმართ უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულებაა. 

თქვენ აცხადებთ, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დამატებითი მოწმეების ჩვენებები გაქვთ. თუ დაუმძიმდება მას ბრალი პირადად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფების თვალსაზრისით? მოგეხსენებათ, მისი ადვოკატი დავით დეკანოიძე გამუდმებით აპელირებს, რომ ახალაიას წინააღმდეგ არგუმენტირებული არცერთი ბრალდება არ არის.

- როდესაც ათეულობით ადამიანი, სხვადასხვა გარემოებებში აღწერს მათ მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ დამოკიდებულებას, მე არასერიოზულად მიმაჩნია, რომ ამ დროს რომელიღაც პირი გვარწმუნებდეს, თითქოს, თურმე, ეს არ ყოფილა საკმარისი მტკიცებულება. ეს მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეებში არ არის არცერთი სახის მტკიცებულება და ადამიანებს ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პარასკევს მივმართე პროკურატურას და იმედი მაქვს, ადექვატურად მოხდება რეაგირება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პიროვნება ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ გარემოებებს. ამიტომ, ისინი საკმაოდ დასაბუთებულ ჩვენებას მისცემენ, რაც დაადასტურებს ბაჩო ახალაიას ბრალეულობას. უფრო მეტიც, ასეულობით ადამიანი აძლევს უკვე ჩვენებას და, თუ ეს ჩვენებები მტკიცებულება არ არის, ახლა თეა თუთბერიძისთვის მტკიცებულება არც ის არის, რა ვიდეოკადრებიც გავრცელდა ციხეში წამებასთან დაკავშირებით. ის  ვიდეოკადრები იმასთან მიმართებით, რაც რეალურად ხდებოდა ციხეებში, საერთოდ არაფერია. ძალიან მსუბუქ ფერებში იყო ის კადრები წარმოდგენილი. ეს არის შეფასებითი უნარი და, ვისაც უნდა, დაინახავს. ის, რომ მტკიცებულებას თურმე არ ეფუძნებოდა მოწმეთა ჩვენებები, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება.

თავდაპირველად ვაშლის ეპიზოდზე იყო საუბარი და ეს დაიხვიეს ნაცმოძრაობის წევრებმა. რატომ დაიდო მათთვის ასეთი უსუსური არგუმენტი?

- ეს არაპროფესიონალურად განხორციელებულად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენა მოხდა სწორედ იმ პროკურორების მიერ, რომლებიც ახალაიას დროს ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს და ახალაიას დაკვეთებს, როგორც სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას, ისე თავდაცვის მინისტრობისა და შსს-ს მინისტრობის დროს, ახორციელებდნენ. ბაჩო ახალაიას უწყების მიერ შეკერილ საქმეებს ლეგალიზებას სწორედ ის პროკურორები უკეთებდნენ, რომლებმაც მას ბრალი წარუდგინეს. ამდენად, ვფიქრობ, პროკურორებმა შეგნებულად იმუშავეს, ან კვალიფიკაცია არ ეყოთ, რომ არ დადებულიყო რეალური მტკიცებულებები.

მთავარი პროკურორი დაინიშნა თუ არა, არაერთხელ მივმართე ციხეებში არსებული არაადამიანური მოპყრობის საქმეებთან დაკავშირებით, აღძრულია ეს საქმეები და სწორედ იმ პროკურორებს აქვთ თაროებზე შემოდებული, რომლებიც დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე გადანაწილდნენ. როცა, ვთქვათ, მე, როგორც პროკურორი, კონკრეტულ პირთან ვმუშაობ და მის დაკვეთებს ვასრულებ, მერე უკვე ძნელი ხდება მისთვის რაიმე რეალური ბრალდების წაყენება. ამიტომ, საბოტაჟის ელფერი ასდის ამ ყველაფერს. საკმაოდ არასერიოზული მოტივაცია დასახელდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ცინიკური განცხადებების გაკეთების საფუძველი გახდა, თითქოს, ბაჩო ახალაია ვაშლის გათლის ბრალდებით დააკავეს. ამიტომაც მეორე მხრიდან წამოვიდა აზრები, თითქოს ის ხილს საერთოდ არ მიირთმევდა. ამ დროს უამრავი ადამიანი არსებობს და უამრავი რეალური მტკიცებულების დადება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილსაც მიაჩნია, რომ პროკურატურამ ვერ დადო მტკიცებულებები და ლამის ბაჩო ახალაია წამებულ რაინდად წარმოგვიდგინეს. არაპროფესიონალურად ნამუშევარმა კადრებმა მისდამი სიმპათიებიც კი გაუჩინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.

ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ დროში ვერ ჩაეტივნენ, რადგან ახალაია უცხოეთიდან მოულოდნელად ჩამოვიდა და ვერ მოასწრეს?

- ეს არ არის გამოსავალი, რადგან დაინიშნა თუ არა იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, ასეულობით განცხადება შევიდა და ყოველდღიურად განცხადებების რიგია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ეფექტურად შეეძლოთ დაეკითხათ ეს ადამიანები და შესაბამისი მტკიცებულებებიც დაედოთ. არ იყო საჭირო, მაინცდამაინც მეორე დღესვე აეყვანათ, დაედოთ მტკიცებულებები, დაეკითხათ ეს ადამიანები. რატომ არ კითხავენ თუნდაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არაერთ ადამიანს, რომლებიც ბაჩო ახალიასა და სხვა პიროვნებებს (თუნდაც სასჯელასრულების მაღალჩინოსნებს) დანაშაულში ამხელენ?!

საზოგადოებამ ორაზროვნად შეაფასა კალანდაძისა და შამათავას გამოშვება გირაოს სანაცვლოდ. როგორც ადვოკატი, ამ ფაქტს უკანდახევად ხომ არ შეაფასებთ?

- თავიდანვე ვიცოდი ამის თაობაზე. კუბლაშვილის ზეწოლის ქვეშ იყო მოსამართლე. საერთოდ, არა მარტო პროკურატურაში, არამედ სასამართლოშიც, ის მოსამართლეები, რომლებიც წლების მანძილზე უკანონობას სჩადიოდნენ, დღეს ვერ გადაიქცევიან  მართლმსაჯულების რეალურ მსახურებად. მე იმასაც ველოდი, რომ ბაჩო ახალაიასაც გირაოთი გაუშვებდნენ, უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის შეეშინდათ მოსამართლეებს. მამია ფხაკაძე შემიძლია დავასახელო, როგორც ზონდერმოსამართლე. ეს ადამიანები, კოლეგიის თავმჯდომარეები და თვითონ სასამართლოს თავმჯდომარეები არიან ყველაფრის ავან-ჩავანნი. ანუ, ისინი უთითებენ თითოეულ მოსამართლეს, რა სახის გადაწყვეტილება მიიღონ. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა შეკრება და ამის თაობაზე პირდაპირ მიუთითეს ნაცმოძრაობის მხრიდან, თანაც, კალანდაძის ოჯახს სახლში ეახლა სააკაშვილი. ამიტომ, დღესაც სასამართლო ხელისუფლება კონტროლდება ნაცმოძრაობის მხრიდან. სასამართლო არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული სტრუქტურა. სწორედ ამის გამო 99 %-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალაიას მიმართაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რადგან კუბლაშვილმა ასე მიუთითა. უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის შეეშინდათ და ვერ გაბედეს. თუმცა, ამ ორი პიროვნების გაშვება გირაოთი გაბედეს. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ დამთავრდა ეს ბრძოლა. გადავხედოთ ამ მოსამართლის - გიორგი გოგინაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენებსა და წლების მანძილზე განხილულ საქმეებს. ეს პიროვნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე კარლო ბზიშვილის თანაშემწედ მუშაობდა. და ეს მოსამართლეები, რომლებიც ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებენ, სწორედ მონური ერთგულებისთვის დაინიშნენ.

რაც შეეხება სამარტოო საკანში ახალაიას მოთავსებას, ეს გამართლებული იყო? სამარტოო საკანში პირს იმ შემთხვევაში არ ათავსებენ, როცა ადგილზევე ჩაიდენს დანაშაულს და არა პრივილეგიის მიზნით?

- სამარტოო საკანში ათავსებენ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, როდესაც პიროვნებას არ სურს, ვინმე იყოს მასთან საკანში და, შესაძლოა, მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება სავსებით კანონიერია.

დღევანდელი ციხის პირობებში ბაჩო ახალაიას საშიშროება ელის?

- არანაირი საშიშროება არ ემუქრება ბაჩო ახალაიას. პირიქით, საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაშია. ინტერვიუებსაც იძლევა, მასთან შედიან მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ჟურნალისტები, განსხვავებით, მისი რეჟიმის დროს არსებული პირობებისგან, როცა არც მონიტორინგის ჯგუფი იყო, ვერც ჟურნალისტები შედიოდნენ. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, როდესაც ახალაიას ოჯახი ნიანგის ცრემლების ღვრით ავრცელებს განცხადებებს. გაიხსენონ ის ადამიანები, რომლებსაც თვითონ როლანდ ახალაია არ ინდობდა არც ასაკის მიხედვით, არც სქესის მიხედვით და ციხეში უდანაშაულოდ ამწესებდა. მაშინ რატომ არ ჰქონდათ სამართლიანობის შეგრძნება?

გოგინაშვილთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, კარაქისა და პურის მომპარავ მშიერ ადამიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას რომ შეუფარდებს და არაფერს გაითვალისწინებს, ხოლო ადამიანის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებულ გენერალს, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირია, გაუშვებს იმ მიზნით, რომ თითქოსდა, ის საშიში არ არის, ეს რა არის თუ არა ორმაგი სტანდარტი?!