ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს.
ჩანაწერის მოხედვით, ყოფილი აგენტი ფეხბურთელისგან ითხოვდა წილს იმ 4.8 მილიონი ევროდან, რომელიც „ჩელსიმ“ „ლესტერიდან“ გამოსყიდვის შემდეგ ფეხბურთელის ამჟამინდელ აგენტს, აბდელქარიმ დუიას გადაუხადა.
კანტესთან შესახვედრად მაშინ საადნა თავის ძმასთან ერთად მივიდა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. თავად საადნა ჯერჯერობით ყველაფერს უარყოფს, თუმცა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.