ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუ არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა.

შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს პირველად 2019 წლის მარტში, საარჩევნო კამპანიის დროს შეხვდნენ. მაშინ უკრაინის მომავალი პრეზიდენტი ჟურნალისტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ესაუბრა. „ნორმალური კაცია“? - იკითხა ზელენსკიმ და დარწმუნებით განაცხადა, რომ ისინი „ყველაფერს მოაგვარებენ“ და „საერთო ენას იპოვიან“.

რამდენიმე თვის შემდეგ კი ორ პრეზიდენტს შორის ცნობილი სატელეფონო საუბარი შედგა, რომელმაც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას ჩაუყარა საფუძველი. მისი უკრაინელი კოლეგა კი, როგორც შუსტერი წერს, მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკური დრამის ცენტრში აღმოჩნდა.

შუსტერის და ზელენსკის მომდევნო შეხვედრა ნოემბერში შედგა, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის შესახებ კითხვების არ ეშინია, თუმცა შუსტერის თქმით, პრეზიდენტი ცდილობდა პასუხის გარეშე დაეტოვებინა კითხვები ტრამპის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების არსის შესახებ. ზელენსკი მხოლოდ ერთს ამტკიცებდა - მას არასოდეს უწარმოებია მოლაპარაკებები პრინციპით „დახმარება დახმარების სანაცვლოდ“, კერძოდ, ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ფინანსური დახმარების მისაღებად.

„ეს უბრალოდ ჩემი არ არის“, - ამბობს ზელენსკი, რომელსაც შუსტერის აზრით, თავისი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის შიდაპოლიტიკურ გარჩევებში უფრო მეტად ჩაღრმავება არ სურს.