რეჟისორმა რომან პოლანსკიმ მშობლიურ პოლონეთში, ფილმის სკოლაში ვიზიტი გადადო, ამის მიზეზი კი პოლანსკის მიერ ყოფილ ფოტოგრაფსა და მსახიობზე, ვალენტინ მონიეზე შესაძლო სექსუალური ძალადობაა, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
86 წლის რომან პოლანსკი, რომელიც აშშ-ში გაუპატიურების საქმეზეა ძებნილი, ლოძის ეროვნულ კინოსკოლაში უნდა ჩასულიყო, რომელსაც ერთხელ უკვე ესტუმრა. პოლანსკიმ დაადასტურა, რომ მისი ვიზიტი სკოლის დირექტორის თხოვნის შედეგად გაუქმდა. უნივერსიტეტში პოლანსკის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ხელი 100-ზე მეტმა სტუდენტმა, თანამშრომელმა და კურსდამთავრებულმა მოაწერა.
სკანდალური ინტერვიუ ვალენტინ მონიემ გამოცემა Le Parisien-ს ნოემბრის დასაწყისში მისცა, სადაც აცხადებს, რომ პოლანსკიმ მასზე სექსუალურად იძალადა. პოლანსკი ამ ბრალდებას უარყოფს.
აშშ-ში პოლანსკის არასრულწლოვანი მოდელის, 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო დანაშაული 40 წლის წინ, 1977 წელს არის ჩადენილი. გაუპატიურებაში ბრალდების გამო 2018 წლის მაისში პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.