ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სეზონის დასრულებამდე დარჩენილი 6 ტურის მატჩები ჩაიშალა, შესაბამისად, მიმდინარე სეზონის შედეგად უმაღლესი დივიზიონიდან არც ერთი გუნდი დაქვეითდება, პირველი დივიზიონიდან უმაღლესში კი არავინ აღზევდება.
სატურნირო ცხრილის მოქმედი ლიდერი, „უნივერსიდად კათოლიკა“, რომელიც უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებდა, ჩემპიონად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას ჩილეს ეროვნული ჩემპიონატის სხვა კლუბებმაც დაუჭირეს მხარი.
ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა. ამ დროისთვის არეულობების შედეგად დაიღუპა 26 და დაშავდა ასობით ადამიანი.