ვარდების რევოლუცია იწყებოდა ასე, მაგრამ...

ვარდების რევოლუცია იწყებოდა ასე, მაგრამ...

პროცესები დაახლოებით იგივე იყო: ქუჩის აქციები, სიცივესა და წვიმაში ხალხის უდრეკად დგომა, სააკაშვილის, ანუ მაშინდელი „მერცხალა ბიჭის“, როგორც მას უწოდებდნენ, აქეთ-იქით სირბილი... იმ პერიოდში სიტუაციას ამძაფრებდა ის, რომ მთელ ერს არ სურდა ედუარდ შევარდნაძე და დრომოჭმული „მოქალაქეთა კავშირი“. რა ვითარებაა დღეს და არის თუ არა ჩვენს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცები“ დღესაც იმავეს აკეთებენ, რასაც აკეთებდნენ ვარდების რევოლუციის დროს. თუმცა იმ პერიოდში რევოლუციური სიტუაცია მომწიფებული იყო, მაშინაც ქვეყანას ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები.

„იმდროინდელი პრობლემების დღევანდელობასთან შედარება არ შეიძლება, მაშინ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო ქვეყანა. რა თქმა უნდა, „ნაციონალებმა“ მოახდინეს მაშინდელი ვითარების ესკალაცია და მედიის მობილიზებით პირდაპირ ეთერში დადგეს რევოლუცია. სინამდვილეში, ეს არ იყო სოციალური გარდაქმნა, ეს იყო ტიპური გადატრიალება, რომელსაც მოჰყვა მთელი პოლიტიკური სპექტრის გასუფთავება. თუ გახსოვთ, 2003 წლის 2 ნოემბერს პარლამენტში მოხვდა 7 პოლიტიკური ძალა, ვარდების რევოლუციის მერე კი დარჩა ერთადერთი ძალა და კიდევ იყვნენ „ახალი მემერჯვენეები“, ანუ ვითომ ოპოზიცია. დღეს რევოლუციური სიტუაცია სოციალური თვალსაზრისით არ არის, დღეს არის პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მძიმე კრიზისი, ვერ მუშაობს პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, ეს პარტიულ-პოლიტიკური სისტემა გადის სამართლის, კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ცდილობს, ძალაუფლების ჩაგდებას რადიკალიზაციის, დაპირისპირებისა და ხელისუფლების დამხობის გზით. სწორედ ამას აპირებენ ამ დესტრუქციული ბანაკის პოლიტიკოსები“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ მალავს, რომ დღევანდელი ვითარება მას აგონებს 2003 წლის ვარდების რევოლუციას. თუმცა ვარდების რევოლუციის დროს ხალხი მზად იყო ცვლილებებისთვის. ამიტომაც ელექტორატმა მხარი დაუჭირა იმ ძალას, რომელმაც მოახდინა მაშინდელი რევოლუცია. დღეს კი ასეთი მხარდაჭერა ოპოზიციას არ გააჩნია, ამის მიუხედავად, ოპოზიციას ძველი მეთოდები, სტილი და ტექნოლოგია იგივე დარჩა.

„დღეს ოპოზიცია ჩალიჩობს, რომ მართული, პატარა წყლის ჭავლის მეშვეობით სალი კლდე დაანგრიოს. თუ მმართველი ძალა ამის საშუალებას მისცემს, რა თქმა უნდა, ისინი კლდეს დაანგრევენ. „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ - ეს ორი რეაქციული პოლიტიკური ძალა ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას. მათ ინტერესშია სისხლისღვრა, ესკალაცია. ამიტომ მმართველმა ძალამ გარკვეული ინიციატივები უნდა გამოხატოს, ეს ინიციატივები შესთავაზოს საზოგადოებას და კონსენსუსს მიაღწიოს“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამ ეტაპზე რევოლუციური სცენარის საშიშროებას ვერ ხედავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მოვლენების განვითარება დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების გონიერ ქმედებაზე. თუ ხელისუფლება დაუშვებს შეცდომებს, საპროტესტო ტალღა არ ჩაცხრება.

„ყველანი რომ წავიდნენ და „ოცნებას“ შეეკვრნენ, ვიღაც მაინც დარჩება, ვინც არ შეეკვრება „ოცნებას“. ჩვენ უამრავი პოლიტიკური პარტია გვყავს, მაგრამ ისინი ზეზეურად პოლიტიკურად მკვდრები არიან. არიან გარკვეული წონის მქონე ძალებიც, რომლებსაც შეუძლიათ ერთად დგომა, ან არ დგომა. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ პროტესტს აცხადებს, მაგრამ იგი დამოუკიდებლად ცდილობს თავისი მომხრეების შეკრებას და აანონსებს კიდეც საპროტესტო აქციას. ეს სრულიად ნორმალურია. „პატრიოტები“ ისეთ რამეს არ აპირებენ, რაც ოპოზიციის საერთო განწყობას ეწინააღმდეგება, უბრალოდ, მათ უნდათ საკუთარი ძალის დემონსტრირება. თუკი „პატრიოტების“ მსგავსად მოიქცევიან სხვა ძალებიც და საკუთარი წონის წარმოჩენას შეეცდებიან, ამას უნდა მივესალმოთ. ღმერთმა ქნას, რომ უახლოეს ხანში საქართველოში 4-5 ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომლებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ და გააწონასწორებენ და არც ერთი არ აპატიებს მეორეს შეცდომას. რამ დაღუპა „ოცნება?“ იმან, რომ სრულიად არაპოლიტიკური აზროვნების ხალხმა წარმოიდგინა, კონსტიტუციური უმრავლესობა გვყავს, ხალხი მხარს გვიჭერს და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაც ხდება, ეს მათთვის არაა და ხალხის ნდობა მათდამი არის 2012 წლის დონეზე, ამით „ოცნება“ წააგებს. წააგებს არა იმიტომ, რომ ოპოზიციამ წააგებინა, არამედ 7 წელია, შედეგი ვერ დადო და ერთადერთ სათქმელად აქვს, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე „ნაცმოძრაობა“. უკეთესი შედეგში უნდა გამოიხატოს. დემურ გიორხელიძის თქმით, არავის სურს იმის მობრუნება, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დღეს სულ სხვა რეალობა დგება.

 

სოციალისტი დავით ზარდიაშვილი მაგარი კაცია!
1 კვირის უკან
tngh განსხვავებით დილეტანტ-პოპულისტი დ. გიორხელიძისგან.
1 კვირის უკან