„არის კვირიკაშვილი ისეთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, რომ ლიდერია?“

„არის კვირიკაშვილი ისეთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, რომ ლიდერია?“

უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შექმნეს. 6 დეპუტატის მიერ შექმნილ ახალ ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე. ახალ ფრაქციაში არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. ყოფილ კოლეგებს ბესელიასთან და ზაზა ხუციშვილთან კონსულტაციები არ ჰქონიათ.

დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ახალი ფრაქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარჩენილი საპარლამენტო ცხოვრებისთვის, რომლის განცხადებით, ორპოლუსიანი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს. როგორც ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, ახალ ფრაქციას ის დეპუტატები ქმნიან, რომლებიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის მემკვიდრეები არიან.

„სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, ორპოლუსიანობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია, ამიტომ შეიქმნა ახალი ფრაქცია, ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და რეალურად შეთავაზებით მოქალაქეებისთვის. მომავალზე ორიენტირებული ფრაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები.

ჩვენ ვართ პირველი ოქტომბრის მემკვიდრეები. არ გადაგვიხვევია ერთი ნაბიჯითაც კი თავისუფლების გზიდან. ჩვენი მისია და მისწრაფებაც არის ამ ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიულობის განმტკიცება. ვფიქრობთ, რომ ახალი ფრაქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარჩენილი საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ეს ორპოლუსიანი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ახალი ფრაქციის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში, რომელმაც უმრავლესობის რიგები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ დატოვა, აცხადებს, რომ ფრაქცია არ იხელმძღვანელებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით. ამბობს, რომ ფრაქცია ინარჩუნებს დამოუკიდებელი დეპუტატების მიუკერძოებელ პოზიციებს.

„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი და თავისუფალი, მიუკერძოებელი განცხადებების და პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა. 5 დღეა ეს შემოთავაზება იყო კოლეგების მხრიდან. მე კოლეგებისგან დავინახე, რომ ისინი მზად არიან შეიქმნას კონსტრუქციული ფრაქცია, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ჩემთვის ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა.

გვინდა, რომ შეიქმნას ახალი დღის წესრიგი. თითოეული ჩვენგანი ინარჩუნებს ინდივიდუალური განცხადებების გაჟღერების შესაძლებლობას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, მაგრამ ფრაქციის სახელით გაჟღერდება მხოლოდ შეჯერებული პოზიციები. ფრაქცია არ იხელმძღვანელებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით. ჩვენ ვინარჩუნებთ დამოუკიდებელი დეპუტატების მიუკერძოებელ პოზიციებს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ახალი ფრაქციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობის რიგები 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ დატოვეს, გაერთიანებას შეძლებენ და პარლამენტში ახალი ფრაქციები კიდევ შეიქმნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სხვა კოლეგები შეძლებენ გაერთიანებას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ვიხილავთ სხვა ფრაქციებს, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს დამოუკიდებელ დეპუტატთა ჩართულობის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, ისინი ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, როგორც პოლიტიკოსები, ახალი ფრაქცია კი ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება.

„ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ საპარლამენტო საქმიანობის დარჩენილ ვადაში მაქსიმალურად პოზიტიური დღის წესრიგით იმუშავოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ფრაქცია იქნება მაქსიმალურად დისტანცირებული დღეს არსებული პოლიტიკური ტალღებისა და გავლენებისაგან. ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძე იმედოვნებს, რომ ახალი ფრაქციის შექმნა იქნება სტიმული სხვა დეპუტატებისთვის ფრაქციის შექმნის. ვისაც ექნება სურვილი ახალ ფრაქციასთან თანამშრომლობის, კობერიძე აცხადებს, რომ კარი ღიაა კონსულტაციებისთვის. რაც შეეხება ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს როლს და გავლენას ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ფრაქციის შექმნა გიორგი კვირიკაშვილის სახელს არანაირად არ უკავშირდება.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის ახალ ადგილს ქართულ პოლიტიკაში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ კვირიკაშვილს ლიდერის ფუნქცია არ აქვს, შესაბამისად, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კვირიკაშვილს ცარიელი ადგილიდან მოუწევს აწყობა, რადგან კვირიკაშვილი, ისევე როგორც ახალი ფრაქციის წევრები შეჩვეული არ არიან ღია ლიდერობას.

„ერთია ლიდერი, პასუხისმგებლობის ამღები, რომელიც გვერდით დგას და ინიციატივის აღება არ ევალება და მეორეა, როცა თვითონ არის მეხამრიდიც და ინიციატივის გამომჩენიც. ამ თვისებას ვინც გამოავლენს, ალბათ, ის გახდება წამყვანი ფიგურა ამ დაჯგუფებაში. ჯერჯერობით კვირიკაშვილს ეს თვისებები გამოვლენილი არ აქვს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ახალ ფრაქციას, გახდება თუ არა იგი მესამე პოლიტიკური ძალა, როგორი განაცხადიც ჰქონდა უმრავლესობიდან წასულ ეკა ბესელიას და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ისინი ეცდებიან, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ მესამეა, ამით ვერ დაიკავებ ამ პოლუსს. მისი თქმით, ის პოლიტიკური წონა უნდა შეიძინო, რომელიც პოლიტიკური ცენტრის სიმძიმეს გადმოიტანს და ეს უკვე მომავალზეა დამოკიდებული.

„არის თუ არა ხელისუფლების ინტერესში, მისგან წასული გუნდისგან ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, როგორ სახეს მიიღებს ეს ჯგუფი მთლიანობაში. თორემ ხელისუფლების განშტოება არა მგონია, რომ ინარჩუნებდეს ნათესაურ კავშირებს. ამდენად, მეეჭვება, რომ ეს განშტოება აღმოჩნდეს რითიმე უფრო ლოიალური, ვიდრე სხვები. შეიძლება უფრო ზრდილობიანი იქნება და არ იქნება რადიკალური, მაგრამ მეეჭვება, რომ ანგარიში გაუწიოს იმ პარტიას, საიდანაც წამოვიდნენ. მეორე მხრივ, თუკი გაძლიერდა ეს ხაზი, იქნება სირთულე, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური ფიგურები აღარ გამოდგებიან საფრთხობელებად“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მესამე ძალაზე აქცენტირების გაკეთება ყველას შეუძლია, მაგრამ ეს გამოცხადებაზე და პრეზენტაციაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე რა მხარდაჭერა ექნებათ. მისი თქმით, ახალი ფრაქციის წევრებს გარკვეული პოლიტიკური წარსულიც აქვს და გამოცდილებაც, მაგრამ დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი ჯერჯერობით არც ერთს არ აქვს ისეთი, რომ მესამე ძალის ბირთვი გახდნენ.

„ბევრი პარტია აცხადებს მესამე ძალაზე პრეტენზიას. მესამე ძალა საერთოდ თუ შეიქმნება, ალბათ, შეიქმნება მაშინ, თუ ისინი მონახავენ საერთო ენას და შექმნიან ბლოკს, სხვა შანსში ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანაში მესამე ძალის გაჩენა ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება ორის შეჯახება და იქნება მესამე ძალა, რომელიც ამ ორ პოლუსს შორის ჩადგება. თუნდაც, ამ ფაქტორის გამო, აუცილებელია შეიქმნას მესამე ძალა. ჯერჯერობით მესამე ძალის პოტენციალს ამ ფრაქციაში ვერ ვხედავ. ვნახოთ, რა იქნება ხვალ და ზეგ“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის შემოსვლას პოლიტიკაში, ძაბირაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კვირიკაშვილს აქვს მაღალი პოლიტიკური ცნობადობა, პოლიტიკური კაპიტალი არც მას არ აქვს.

„თუ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას, კარი უნდა გაეჯახუნებინა, ის წავიდა გაბუტული. არის კვირიკაშვილი ისეთი ლიდერი, რომელსაც შეუძლია განაცხადოს, რომ ლიდერია? დღემდე დისტანცირებულია ამ მოვლენებიდან, გარდა იმისა, რომ ეპისტოლარული ჟანრით რაღაცეებს გველაპარაკება. დღესდღეობით გაცილებით აქტიურია მარგველაშვილი, ვიდრე კვირიკაშვილი. კი ბატონო, კვირიკაშვილს შეუძლია იყოს ამ გუნდში, მაგრამ რას შეძენს ამ გუნდს, ან ეს გუნდი რას შესძენს კვირიკაშვილს?“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

trampi კვირიკაშვილი და ლიდერიიიიი?....ბოდიში და შ.....
მე დღევანდელ საქართველოში საერთოდ ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს(ლიდერს--და არა ბელადს) რომელიც დღევანდელ საქრთველოში გამწევი ძალა იქნებოდა...აქ მარტო განათლება, არ განათლება არ იგულისხმება(მარტო ინგლისურის ცოდნა განათლება არააა) ....
იმ ე.წ. ლიდერში წინ აუცილებლად წინ 24--საათი საქართველოზე მოფიქრალი დიდზე დიდი გული უნდა იყოს წამოსული (ხალხი ამას თვთონ დაინახავს) .პირადი ინტერესები ნოლი, ნათესავებ--ძმაკაც დაქალებისგან აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და მხოლოდ საქმე(საქართველო) ...მოკლედ ის ვიღაცა თითქმის ბერად უნდა შესდგეს
აი მხოლოდ მერე გამოსწორდება საქმე.... თუ არადა კი ვართ ისე როგორც ვარ----- გაღიმებულები (ცირკის მაყურებლები)
არადა ამისთანა სუ ოთხი ხუთი კაცი გვჭირდება......საგარეო საქმესაც მოუვლიან და საშინაოსაც.... მტერსაც პასუხს გასცემენ და მოყვარესაც
და როგორ,.... ასეთი ხალხი საქართველოში არააა??
არ მჯერა!! ტყუილ;ია!!
უბრალოდ არ უნდათ ასეთი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა
კახიშვილი სად გადამალეს, სადააა? აი იმ კაც ააქვს ეს თვისებები. იმან ჩემი, შენ, არ იცის...საჭირო კაცია ამათ კიდევ სადღაც დამლაგებლად გადამალეს
4 წლის უკან
trampi ეს კვირიკაშვილი ცნობილი მევახშეს ზმაკაცი არაააა..?
აი თქვენ მერე ნახეთ ხალხის გაღლეტვა
4 წლის უკან
სოციალისტი პაპა კახიშვილი ამათთან ერთად როგორ "მოძოვდა"??
4 წლის უკან