რადიკალიზმში გადასული ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ვერ ახერხებს

რადიკალიზმში გადასული ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ვერ ახერხებს

ქუჩაში გასული ოპოზიცია, პარლამენტის პიკეტირების გაგრძელებას იმის შესაბამისად მოახდენს, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში. ოპოზიციონერი ლიდერები კვირის ბოლოს დააანონსებენ დიდი მასშტაბური აქციის თარიღს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა – მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი გრძელდება.

„ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში. დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება – პარასკევს ან შაბათს. მანამდე ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით. ხუთშაბათს არის პარლამენტის სხდომა და ამ სხდომასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს, თუ როგორ მოვახდენთ პიკეტირებებს, აუცილებლდ გაგაცნობთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს ის, რომ აქციის დასაშლელად ხდება სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა. როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, შეთანხმდნენ, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, მათ შორის პიკეტირების ფორმითაც, რადგან „ყველა პიკეტირება იყო აბსოლუტურად კანონიერი და სრულიად უკანონო იყო ხელისუფლების მოქმედება“.

„ეს რა თქმა უნდა, ანგრევს ამ ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, მოატყუა საზოგადოება და საზოგადოება მოითხოვს დანაპირების შესრულებას. ბუნებრივია, გაგრძელდება მოთხოვნები, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ ე.წ. გერმანული მოდელი იქნება მიღებული. ეს არის გამოსავალი ხელისუფლებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება თუ წამოვა ამ ნაბიჯზე, ვითარება ნამდვილად დაწყნარდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ოპოზიცია ისევ აქციებისთვის ემზადება, ლიდერების გეგმა უცვლელია – ბრძოლა მოთხოვნების შესრულებამდე.

„გავაგრძელებთ ჩვენ ქმედებებს და დიალოგის რესურსი არის იმაში, რაც შევთავაზეთ. სხვა გამოსავალი უბრალოდ მათ არ ექნებათ. ყველგან, სადაც მივლენ დახვდებათ პიკეტი და სპეცრაზმის თანხლებით მოუწევთ სიარული“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, რადიკალური ნაბიჯებიც ზოგჯერ გამართლებულია, მაგრამ ამ რადიკალურ ნაბიჯებზე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. როგორც დეპუტატი ამბობს, მათი გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს ოპოზიცია პროტესტს.

„ის ოპოზიცია, რომელიც რუსთაველზე დგას, რა გზითაც მიდის, მისი არჩევანია. მე ვერ გეტყვით სწორია თუ არასწორი. რადიკალური ნაბიჯებიც ზოგჯერ არის გამართლებული, მაგრამ ამ რადიკალურ ნაბიჯებზე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პოლიტიკური პროცესია, რევოლუციები ხდება, მაგრამ შედეგი თუ დგება კარგი, ე.ი. გამართლებული იყო. ეს საზოგადოების შესაფასებელია, რამდენად მართებულია კონკრეტული ნაბიჯები და ყველამ ამ ნაბიჯებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ვიცე–სპიკერის განმარტებით, აზრის გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ, ადამიანებმა სერიოზული ფიზიკური სასჯელი მიიღეს და არაერთი შემთხვევა იყო ადამიანების განზრახ მოკვდინების. როგორც გია ვოლსკი ამბობს, აზრის გამოხატვა საქართველოში თავისუფლად სწორედ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად არის შესაძლებელი.

„აზრის გამოხატვის თავისუფლებას ის პოლიტიკა აძლევს გარანტიას, რაც 2012 წლის შემდეგ არის სახელმწიფო მიერ გატარებული. უნდა გვახსოვდეს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების სანაცვლოდ, ადამიანებმა სერიოზული ფიზიკური სასჯელები მიიღეს და არაერთი შემთხვევა იყო ადამიანების განზრახ მოკვდინების. ეს არის მთავარი, რაც გამოგვარჩევს ადამიანებისგან, ვინც დღეს ბარიერის მეორე მხარეს არიან.

შექმნილ ვითარებაში არანაირად კომპრომისი არ ჩანს. „გადადგეს მთავრობა და ჩატარდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები“, „გადადგეს საარჩევნო ადმინისტრაცია“ – ეს არის ის, რასაც ოპოზიცია აცხადებს და რის გამოც იკრიბებიან. მე საკმაოდ რთულად წარმომიდგენია ასეთ ვითარებაში შეთანხმება“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები შედეგს არ იძლევა. რაც შეეხება პარლამენტის პიკეტირების ეფექტურობას, საყვარელიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს. შესაბამისად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია სხვა გზას მოძებნის.

„თვითონ საპროტესტო განწყობის მქონე ხალხში ეს ემოციური მუხტი პიკეტის დროს იზრდება, მაგრამ აქციების მუხტი ფაქტია, რომ შედეგს არ იძლევა. ყველაფერს აქვს თავისი ვადა. გავიდა ამდენი ხანი, ფაქტია, რომ ეს გზა არ არის შედეგიანი. ბუნებრივია, უკეთესი იქნება სხვა გზის მოძებნა, მათ შორის ისეთი გზა, სადაც ხელისუფლება უფრო ადვილად წამოვა დათმობებზე, იგივე მოლაპარაკებების გზა.

ვხედავთ, რომ მმართველი პარტია აქციებს მისთვის საფრთხის შემცველად არ აღიქვამს. „ქართული ოცნების“ რიტორიკაში პრაქტიკულად, ყველაფერი უცვლელია და ამდენად, მათ მიმართ მიმართული აქციები არ შეიძლება ჩაითვალოს შედეგიანად“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ უკვე დაიწყო თამაში გაძლებაზე, ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სიმშვიდეს, ამ მხრივ, მისი თქმით, ოპოზიციას უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. როგორც ძაბირაძე აცხადებს, იმისთვის, რომ ოპოზიციამ ხალხის მუხტი შეინარჩუნოს და უფრო მეტიც, ამ მუხტმა არჩევნებისთვის პიკს მიაღწიოს, საჭიროა, გათვალოს თავისი ქმედებები.

ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციის პიკეტი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ელექტორატი, ამომრჩეველში არსებული განწყობა. ამომრჩევლის ნაწილი დღესდღეობით არ არის მზად იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეცვალოს. მისი თქმით, ეს ვითარება იცის ხელისუფლებამ, ამიტომ ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ ეს მუხტი გაზარდოს.

„არ მგონია, რომ ამ პიკეტირებამ რეალურად ხელისუფლებას რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიაღებინოს. მათ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული და ძალიან დიდი ალბათობით, არ შეცვლიან, ანუ არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რა სისტემაც დღეს არის. პიკეტირება, ალბათ, გაგრძელდება, მაგრამ უკვე დაიწყო თამაში გაძლებაზე, ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სიმშვიდეს. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პრობლემები აქვს, არა მარტო რესურსების თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ზამთარი მოდის, მკვდარი სეზონი მოდის და დეკემბერია. რაც მთავარია, ოპოზიციამ უნდა გათვალოს თავისი ქმედებები, რომ მუხტი შეინარჩუნოს და პიკს ამ მუხტმა მიაღწიოს არჩევნების დროს და არა მანამდე. ამიტომ ოპოზიციას უფრო მეტი პრობლემები აქვს გაძლების მხრივ, ვიდრე ხელისუფლებას და იმის მხრივ, რომ გააძლიეროს მუხტი“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

სოციალისტი პატრიოტთა ალიანსს მივმართავ! ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა დაპირებები, არაფერი გააკეთა, საზოგადოება გადააგდო, ... ამას ამბობთ თქვენ?! ძალიან ცუდად იქცევით, ძალიან! ბიძინამ რაც გააკეთა, იღვაწა, იშრომა, დაახარჯა, იზრუნა იმას თუ არაფერი ქვია, იმას თუ ქვია არცერთი დაპირება შეასრულა, მაშინ მაგათი უნამუსო, ჩემთვის ნაციონალებთან გათანაბრებული იმიჯიც მ...ნ!
4 წლის უკან