ფოთის ყოფილი მერი, დავით ქანთარია დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. დავით ქანთარიამ ვარდების რევოლუციის დღესვე პროტესტის ნიშნად დატოვა ფოთის მერის თანამდებობა და მისი თქმით, იმ დღიდან მაშინდელი სამხარეო პროკურორის, როლანდ ახალაიას მიერ დაიწყო ქანთარიას დევნა პოლიტიკური მოტივით. დავით ქანთარია ორჯერ დააპატიმრეს და ორივეჯერ კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორედ ქანთარია მის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში გაწევრიანებისა და ამ პარტიისთვის სამეგრელოში რაიონული ორგანიზაციების შექმნის გამო დააპატიმრეს. აღსანიშნავია, რომ ქანთარიას ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დავით ქანთარიას მეორედ დაპატიმრებაში დათა ახლაია და გია დგებუაძე (მასტერა) მონაწილეობდნენ, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ, რადგან გირგვლიანის მკვლელობის გამო იმ პერიოდში ორივეს უფლება-მოსილება ჰქონდა შეწყვეტილი. ამიტომ ხაჭაპურიძე ასკვნის, რომ მათ პრაქტიკულად როგორც რიგითმა მოქალაქეებმა დააკავეს დავით ქანთარია.
დაპატიმრებებსა და მის მიმართ განხორციელებულ დევნაზე for.ge-ს დავით ქანთარია ესაუბრება.
დავით ქანთარია: „პირველ რიგში გეტყვით, რომ ცხრა წლის განმავლობაში წალენჯიხის გამგებელი ვიყავი. ამ თანამდებობაზე 1993 წელს დავინიშნე და მოგეხსენებათ, ეს ყველაზე რთული წლები იყო, პოლიციის რამდენიმე უფროსი მოგვიკლეს მაშინ და საშინელი პერიოდი გამოვიარეთ. 2002 წლის თებერვალში ფოთის მერად გადამიყვანეს. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მოგვიანებით როლანდ ახალაიამ წალენჯიხაში ჩემი მუშაობის ცხრაწლიანი პერიოდიც შეამოწმა და ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ამიტომ, ორჯერვე ფოთის მერად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით დამაპატიმრა, თუმცა, აქაც ძალიან სერიოზული ლაფსუსები გაეპარათ. კერძოდ, როგორც მოგახსენეთ, ფოთის მერად 2002 წლის თებერვალში დავინიშნე, საქმეში კი არის ერთი ეპიზოდი, როდესაც თურმე 2001 წელს ფოთში რომელიღაც ქუჩის მოხრეშვა არ ჩატარდა და ეს რატომღაც ჩემს მუშაობას დაუკავშირეს. შეეშალათ თუ, კიდევ, ვიღაცის დაპატიმრება უნდოდათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ლაფსუსი იყო საქმეში.
ანუ ბრალდება წაგიყენეს იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც თქვენ ჯერ ფოთში არ მუშაობდით?
- დიახ, იმ პერიოდს ეხება ეს ეპიზოდი, როდესაც ფოთში ჯერ არ ვმუშაობდი. მოგახსენებთ, რომ როგორც კი შევარდნაძე გადადგა, იმავე ღამეს ფოთის მერის პოსტი დავტოვე, მაგრამ მანამდე, ორი კვირით ადრე სამიათასკაციანი მიტინგი ჩავატარე. მართალია, ხელისუფლებაში ბევრი ჩემი მეგობარიც მოდიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევარდნაძის ამ გზით მოცილების წინააღმდეგი ვიყავი და სწორედ ამიტომ ჩავატარე ეს მიტინგი. ერთადერთი ჩინოვნიკი ვიყავი, რომელსაც ამათი არ ეშინოდა და ის დანაშაულებიც, რომლებიც მოგვიანებით ბრალად წამიყენეს, არც ერთი ჩადენილი არ მქონდა.
სწორედ ამ მიტინგის ჩატარება არ მაპატიეს და ამიტომ დამიჭირეს. ბრალდება აბსოლუტურად აბსურდული იყო. ჩემმა წინამორბედებმა აიღეს რაღაც სესხი, მილიონ ორასი ათასი ლარის ოდენობით, მე კი გამოძიებამ ბრალად წამიყენა, თითქოს ეს სესხი მე ავიღე და არ დავფარე, და ამას ფართოდ აპიარებდნენ. როგორც მოგახსენეთ, ეს სესხი ჩემი წინამორბედების მიერ იყო აღებული, მე კი ამ თანხის დაფარვის საშუალება არ მომეცა, რადგან ეს სესხი რომ დამეფარა, ქალაქი მთლიანად პარალიზებული იქნებოდა. ფოთის ბიუჯეტი მთლიანად 14-15 მილიონი იყო. ამიტომ, მილიონ ორასი ათასი რამდენიმე თვეში ვერ დაიფარებოდა, თუმცა ამ სესხის რაღაც ნაწილი ჩვენ დავფარეთ.
როდის მოხდა თქვენი დაკავება?
- პირველად 2004 წლის დეკემბერში დამაკავეს, ანუ ჩემი გადადგომიდან დაახლოებით ერთ წელიწადში. ბრალდება ამ სესხის არ დაფარვა იყო, თუმცა ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდება იმ ფაქტებთან შედარებით, რაც ნაციონალურ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი და კიდევ რაც ამოტივტივდება მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ალბათ, მხოლოდ გაფრთხილების საბაბი უნდა გამხდარიყო, არათუ დაპატიმრების. მაგრამ, ამ ადამიანს (იგულისხმება როლანდ ახალაია) უნდა დაეჭირა ყველა და ყველაფერი მთელს სამეგრელოში. აქ მხოლოდ ჩემს დაჭერაზე არ არის საუბარი, როლანდ ახალაიას ნახევარი სამეგრელო ჰყავს დაპატიმრებული, ოთხასზე მეტი ჩინოვნიკი დაიჭირა. ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად, რათა სამეგრელო დაეშინებინათ და უკაცრავად ამ სიტყვისთვის, დაეჩმორებინათ. ეს არჩევნების გაყალბების საუკეთესო მეთოდია. როდესაც მთელს ხალხს არჩევნებამდე დააშინებ, ეს არის წინასწარი გაყალბება. ახლა რომ ამბობს, არაფერი გამიყალბებიაო და ალასანიას ოჯახს რომ აგინებს... ალასანიამ სამეგრელოში მართლაც ყველას თავი შეაყვარა და კაცმა არჩევნები მოუგო. ამ ადამიანმა რაღაცნაირად გარდატეხა შეიტანა რეგიონში, რასაც მანამდე მე ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა.
როგორ მოხდა თქვენი განთავისუფლება?
- თავდაპირველად, გეტყვით, რომ ზუგდიდის ციხეში 40 დღე გაუსაძლის პირობებში მომიწია ყოფნა. პატარა საკანში რამდენიმე კაცი ერთად ვისხედით და საშინელ პირობებში ვიყავით. მე არ ვამბობ, რომ ვინმე შეურაცხყოფას მაყენებდა, ცემას ვინ გამიბედავდა, თავსაც შევაკლავდი, მაგრამ არაადამიანურ პირობებში გვიწევდა ყოფნა. ჩემს მშობლებს, მეუღლესა და ნათესავებს ისე შეუთვალეს, რომ თანხის სანაცვლოდ გამომიშვებდნენ, რომ ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არც იყო. პრაქტიკულად აშანტაჟებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, რომ თანხა უნდა შეეგროვებინათ, თორემ დიდ სასჯელს დამინიშნავდნენ და ა.შ. როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოჯახი თანხას აგროვებდა, გამომძიებელს დავუწერე, რომ არ გავიდოდი გარეთ, მაგრამ შემდეგ მეუღლე მელაპარაკა, ამასთანავე, როდესაც 14-15 წელს არაფრის გულისთვის გისჯიან, ცხადია, ყველანაირად ეცდები, რომ ციხეში არ ჩაჯდე. მოკლედ, ბოლოს საპროცესო გარიგებით, 200 000 ლარის სანაცვლოდ გამოვედი. ამის გამო, რამდენიმე სესხის აღება და საცხოვრებელი სახლის გაყიდვა მოგვიწია. მინდა გითხრათ, რომ ეს ვალი დღემდე გადაუხდელი მაქვს. სია მაქვს ადამიანების, რომლებმაც მაშინ ფული გვასესხეს და მათი დიდი წილი ჯერ ისევ გასასტუმრებელი მყავს.
მეორედ როდის დაგაპატიმრეს?
- სამი წლის შემდეგ ისევ დამაკავეს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს სამეგრელოს რეგიონში მისი პარტიის რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში ვეხმარებოდი. ზოგი „ქართულ პარტიასთან“ თანამშრომლობას შეცდომად მითვლის, მაგრამ მე ყველას დავუდგებოდი გვერდით, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა, როდესაც როლანდ ახალაია და ძმანი მისნი სამსჯავროს წინაშე წარსდგებოდნენ. საერთოდ, მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ კანონმდებლობაში არის ისეთი ნორმები, რომლებიც ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი უდანაშაულოდ სცნობს, თუკი იგი ციხიდან გაიქცევა, მაგრამ თუ დაამტკიცებს, რომ ციხეში არაადამიანურად ექცეოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე როლანდ ახალაიამ ჩემი ახლობლების პირით (რომლებსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებ) შემომითვალა, რომ დამაპატიმრებდა.
ეს მუქარა იმიტომ ხორციელდებოდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს დაუდექით გვერდით?
- დიახ, როგორც კი ოქრუაშვილს გვერდით დავუდექი, ერთ კვირაში დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ ახალი ბრალდებების მოძიება. როგორც მოგახსენეთ, წალენჯიხაში ჩემი მუშაობის მთელი ცრხაწლიანი პერიოდი შეამოწმეს, ორი თვე მუშაობდნენ წალენჯიხაში, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ცხრა წელი წალენჯიხაში ვიმუშავე და ორი წელი ფოთში და ვერც ერთ პერიოდთან დაკავშირებით ვერაფერი იპოვეს და ამიტომ, ამ თითქოს-და კვალიციფიურმა იურისტმა საქმე შემითითხნა, თავისსავე ოროსან იურისტებს დააწერინა რაღაც ბრალდება, ექსპერტიც გამყალბებელი ჰყავს, მოსამართლე ყურმოჭრილი მონა ჰყავს და ასეთი პიროვნებების მეშვეობით ხალხს გვიჭერდა და ციხეში გვაგზავნიდა.
მეორედ რას გედავებოდათ გამოძიება?
- მეორედ რამდენიმე ეპიზოდი იყო. ერთი იყო ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის კორტეჟის მანქანებისთვის საწვავის ჩასხმა. მეორე იყო აეროპორტის თანამშრომლებზე სამიათასლარიანი ხელფასის გაცემა და რაღაც დახმარების თანხების მითვისებაში ხელის შეწყობა. თურმე, ჩემი მერიის თანამშრომელი რაღაც თანხას ითვისებდა (რვა ათასი ლარის ოდენობით) და მე ამას ხელი შევუწყვე - არიქა მიითვისე ეს თანხა და სახლში წაიღე-მეთქი. ასეთი სისულელეები გაგიგიათ? ასევე იყო ის ეპიზოდი ქუჩის მოხრეშვასთან დაკავშირებით, რომელიც 2001 წელს უკავშირდებოდა, ანუ იმ პერიოდს, როდესაც მე ჯერ ფოთში არ ვმუშაობდი. კერძოდ, 2001 წელის 15 ოქტომბერს საქალაქო სამსახურის წარმომადგენელსა და მშენებლ ფირმას შორის დაიდო ხელშეკრულება. სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი ჯულთაზ ქავთარაძე როლანდ ახალაიამ იმიტომ დააკავა, რომ ამ ადამიანმა ჩემს წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. ქავთარაძემ ახალაიას უთხრა - ქანთარია არაფერ შუაშია, იმ პერიოდში მერი არც იყოო, მაგრამ ახალაია იმდენად თავხედია, რომ ჩემი ბრალდებიდან ეს ეპიზოდი მაინც არ ამოიღეს, თითქოს ის ბრალდებები არ მეყოფოდა, რაც მქონდა წარდგენილი. ახლა როლანდ ახალაია დენთზე ზის, რადგან თავისი უცოდინრობით რამდენიმე ისეთი ეპიზოდი შემირაცხეს ბრალად, რაც არ ჩამიდენია და 12 წელი მომისაჯეს.
მოგვიანებით, საქმეში ოპოზიციური პარტიები ჩაერივნენ, პოლიტპატიმრად მაღიარეს, ასევე პატრიარქი ჩაერია, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ და ამიტომ იძულებულები გახდნენ გავეთავისუფლებინე. ამჯერადაც, თანხის გადახდის სანაცვლოდ (35 000 ლარის) ხუთწლიანი პირობითი მსჯავრით გამომიშვეს. ამდენად, დღესაც პირობითი მსჯავრის ქვეშ ვარ. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, სულ პირობით სასჯელს ვატარებ.
ამჟამად თქვენ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვთ?
- მე ვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას როლანდ ახალაიას მიმართ. ამას მხოლოდ მე არ ვითხოვ, მთელს სამეგრელოს აინტერესებს ახალაია. მის მიმართ რამდენიმე საჩივარი შევა პროკურატურაში. აქვე გეტყვით, რომ ოქრუაშვილთან ვინც მივიყვანე, ამ ხალხის ნაწილი ახალაიამ დაიჭირა, მაგალითად, თემურ გერგაია, მალხაზ ბუკია და სხვები. გოჩა ლემონჯავა კი დაავერბოვკეს და ფოთის მერის ჯერ მოადგილედ დანიშნა, შემდეგ კი ეს კაცი მერიც გახდა და დღემდე ახალაიას კაცს ეძახიან. ანუ, ის ხალხი, ვინც რაიონების მიხედვით პარტიული უჯრედების ხელმძღვანელებად მიმაჩნდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი სხვა გზით ჩამომაშორეს და დააწინაურეს კიდეც.