ტრამპის რეზიდენციაში შეპარულ ქალს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტრამპის რეზიდენციაში შეპარულ ქალს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთის მოქალაქე ჩჟან იუზცინს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უკანონოდ შეაღწია 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი გამოძიების და სასამართლო პროცესის მსვლელობისას პატიმრობაში იმყოფებდა და ამ დროის გათვალისწინებით მას ერთ კვირაში გაათავისუფლებენ. ამის შემდეგ ჩჟან იუზცინს ჩინეთში დეპორტაცია ელის.

ქალი ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრასა და ფედერალური აგენტისთვის ტყუილის თქმაში ცნეს დამნაშავედ. ის ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ტრამპის გაცნობას და მისთვის საერთო ბიზნესის დაწყების შეთავაზებას აპირებდა.

ჩჟან იუზცინი მარ-ა-ლაგოში 30 მარტს დააკავეს. ტრამპი ამ დროს სახლში იმყოფებოდა. ქალმა განაცხადა, რომ „გაეროს ამერიკულ-ჩინური ასოციაციის“ ღონისძიებაზე ჩამოვიდა. მას თან ბევრი ელექტრონული მოწყობილობა ჰქონდა. ამან ჯაშუშობის შესახებ ეჭვები გააჩინა, მაგრამ გამოძიებამ ამ ვერსიის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.