„კონსტიტუციის მიხედვით კრიზისი არ გვაქვს, კრიზისი აქვს პარტიულ პოლიტიკურ სისტემას“

„კონსტიტუციის მიხედვით კრიზისი არ გვაქვს, კრიზისი აქვს პარტიულ პოლიტიკურ სისტემას“

პოლიტიკური პროცესის დიალოგის გზით გაგრძელებაზე ოპოზიცია უარს ამბობს და პროცესების რადიკალიზაციაზე მიდის. „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ღიად საუბრობს აჯანყებაზე და აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, აქციების დროს აიკიდოს მეთოდს გამოიყენებენ.

„პოლიცია თუ დადგება იქ, აიკიდოს მეთოდი არსებობს – მოწინააღმდეგის ენერგია უნდა გამოიყენო. თუ პოლიცია ჩაუხერგავს გზას იმ უსინდისო, გაქსუებულ, ფეოდალ მაჟორიტარებს, ჩვენც იქვე დავდგებით. ჩვენი ამოცანაა, მათ არ მივცეთ მშვიდი მუშაობის საშუალება“ , – აღნიშნა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პიკეტირება კანონიერია და დემონსტრანტები კონსტიტუციის ჩარჩოს არ გასცდებიან. მისი თქმით, მოქალაქეებს აქვთ პიკეტირების უფლება, პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს დაუფიქსირონ თავიანთი პოზიცია და მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ტყუილების მიმართ.

„ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივმართავთ, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ძალით ხელისუფლების შენარჩუნებას მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგი ხელისუფლებისთვის და შეიძლება ქვეყანაც ჩაითრიოს არასტაბილურობაში. მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ შეასრულებს საკუთარ პირობას, ეს პროცესები გაგრძელდება.

„დღეს ხელისუფლებას ერთი მომხრეც არ ჰყავს და მას მხოლოდ ინტელექტუალურად გაკოტრებული ადამიანები შემორჩა. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებას მთელმა ქვეყანამ აქცია ზურგი. საკუთარი გუნდიც კი ჩამოეშალა და ადამიანები, რომელთაც რაიმე ღირებულება გააჩნდათ, თუნდაც უმრავლესობაში, მათაც კი ზურგი აქციეს.

ასეთ ვითარებაში ერთადერთ გზად დაისახეს სიცრუე და ამ სიცრუის პოლიტიკის გაგრძელება. ვერ შეიგნეს, თუ რა უნდა ხალხს. როცა ვერ შეიგნებ, შევაგნებინებთ და შევაგნებინებთ იმას, რომ არ შეიძლება ხალხის მოტყუება და არ შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნება კანონდარღვევითა და არჩევნების გარეშე,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შენობის ბლოკირება და პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშალა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობრივ ქმედებას.

„გვესმის სპეკულაციური განცხადებები. ალბათ, ნახეთ, რომ ბოლო დღეებში გარდამავალი მესიჯი შეიმუშავეს, რომ სურთ არა ე.წ. გერმანული მოდელი, არამედ გერმანული მოდელის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იურისტი, ვინც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი კონსტიტუციის შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არარელევანტური და სპეკულაციურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ჯოჯოხეთის მოწყობა დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ. ამასთან, ვოლსკის შეფასებით, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა. მან იმედი გამოთქვა, რომ აქციის მონაწილეები ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ.

„ჯოჯოხეთის მომწყობი მხოლოდ ეშმაკისეული ვიცი. ჯოჯოხეთის თემის ასე ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც საერთოდ დავკარგეთ ყველანაირი შეხება ოპოზიციასთან. ჯოჯოხეთის მოწყობა არ არის ახალი. ეს დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ. აქცია, პიკეტირება – ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალური გამოვლინებაა. შეიძლება, მე არ მომწონდეს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს. თუკი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ხელს უშლის, ეს უკვე კანონს სცილდება და ამ კანონის მუხლები მათაც კარგად იციან. ვფიქრობ, ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე მიდის, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ჯერ პოლიტიკური კრიზისი არ არის – ხელისუფლება სახელმწიფოს მართავს, სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს, უმრავლესობის შენარჩუნების და მთავრობის ჩამოყალიბების ან ბიუჯეტის მიღების პრობლემები ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, კლასიკური პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პარლამენტი ვერ შეძლებს განახორციელოს მთავრობის ფორმირება, როგორც ეს ისრაელშია, სადაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას.

„საქართველოში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მთავრობის ფორმირება არ მომხდარიყოს. მეორეც, ამას არ განიხილავენ პოლიტიკურ კრიზისად. განიხილავენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. პოლიტიკურ სიტუაციას თუ შევაფასებთ, მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება, მაგრამ იმის იმედი, რომ მთავრობის ფორმირება ვერ მოხდება, „ოცნების“ მთავრობა დაიშლება, ეს გამორიცხულია. თუ ლაპარაკია იმაზე, როგორია პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, არის საკმაოდ მძიმე, ძალიან რთული ვითარებაა. პერსპექტივა ისეთია, რომ კიდევ უნდა გამძაფრდეს ურთიერთობა და კიდევ კრიტიკულ ზღვარს უნდა მიუახლოვდეს. ამიტომ, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლებაც უნდა ეცადოს, რომ ეს ვითარება არ მივიდეს დაპირისპირებამდე“, – აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, რეგიონებში უკვე დაიწყო არასასურველი პროცესები, რომელიც საქართველომ არაერთხელ გამოიარა – 2011–2003 წლებში.

„აღარ მინდა გავიხსენო 1991–92 წლები. სამწუხაროდ, ეს ვითარება იქმნება დღეს. როგორ დალაგდება ვითარება, რთული სათქმელია. უცნაური სიტუაცია გვაქვს, ოპოზიციურ ელექტორატს დღეს ვერც ხელისუფლება აერთიანებს და ვერც ოპოზიცია. ელექტორატი არის გაყოფილი – ნაციონალები და მათი განშტოებები და მეორე ნაწილი, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალების დაბრუნება, მაგრამ მხარს არ უჭერს ხელისუფლებას. ეს ნაწილი იქნება გადამწყვეტი. საით წავა, ისევ „ოცნებას“ დაუბრუნდება, თუ ჩათვლის, რომ ისევ ნაციონალები ჯობია, ამაზე საუბარი რთულია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ცალსახა პასუხი ამაზე, რომ შექმნილი ვითარება არის პოლიტიკური კრიზისი, ასე არ არის. მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით არავითარი კრიზისი არ გვაქვს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკური კრიზისი არის იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ დაკარგა ნდობა, პარლამენტი ვერ ამტკიცებს ახალ მთავრობას, ეს არის კრიზი, რომლის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.

„რეალობაში რაც გვაქს, ნაცების დესტუქციული ბანაკი, რომელიც პროცესების რადიკალიზაციას ახდენს. რასაკვირველია, პოლიტიკური კრიზისის ნიშნები არის. ვითარება როგორ უნდა განიმუხტოს, არ ჩანს. რაღაცა საშუალება, რომ კომპრომისი მოინახოს, არ ჩანს. რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია გვიბიძგებს, რომ გავიდეთ კონსტიტუციიდან. პირდაპირ თქვეს, რომ მიზანი არის ხელისუფლების წამოკიდება, ანუ ხელისუფლების კანონის ჩარჩოდან გამოყვანა, რომლის შემდეგ დაკარგავს ლეგიტიმურობას, ეს არის ნაციონალების მიზანი.

მაგრამ კონსტიტუცის მიხედვით არავითარი კრიზისი არ არის. ანუ, არ არის პირობა იმისა, რომ ან ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ან მთავრობის ნდობის საკითხი დადგეს, ასეთი რამ ამ ეტაპზე არ ჩანს. მმართველობითი ფუნქცია ხორციელდება, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ხდება რუსთაველზე და შიგადაშიგ სახელმწიფო დაწესებულებებთან და მედიაში, მაგრამ ქუჩაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, სიმშვიდეა. კონსტიტუციის მიხედვით კრიზისი არ გვაქვს, კრიზისი აქვს პარტიულ პოლიტიკურ სისტემას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კონსტიტუციურ სამართლებრივად ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, თუმცა პოლიტიკური მეცნიერების გადმოსახედიდან, ნამდვილად კრიზისია, რადგან მოლაპარაკებები ჩიხშია და ამ მიმართულებით როგორ განვითარდება პროცესები, ამაზე საუბარი ნაადრევია. კითხვაზე, მივიღებთ თუ არა პოლიტიკურ კრიზსს, მენაბდე პასუხობს: „ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკრგავს, იქამდე ეს საფრთხე არ ჩანს. ჯერ საკმაო ხმა აქვს უმრავლესობას, რომ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჰქვია უმრავლესობის დაკარგვა, რაც პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდება“, – ამბობს for.ge–სთან ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, თუკი შექმნილ ვითარებას კონსტიტუციურ ჭრილში განვიხილავთ, სახელისუფლებო პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს. მისი თქმით, კონსტიტუციურად კრიზისი ეწოდება იმ სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მოკლებული არიან საშუალებას, სხვადასხვა გარემოებების გამო, მიიღონ გადაწყვეტილებები.

„მაგალითად, არ დაამტკიცონ ბიუჯეტი, ან უნდობლობა გამოუცხადონ მთავრობას, ამ კრიზისის განმუხტვისთვის კონსტიტუცია იძლევა გზებს. დღევანდელ ვითარებას არ ეწოდება პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ წარმოიშვას სხვა სახის კრიზისი და მათ შორის, პირველ რიგში, პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურ კრიზისს რაც შეეხება, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ხელისუფლებამ კარგად წაიკითხოს ის ჩარჩო, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და დემოკრატიული ინსტიტუტებით სცადოს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ნაკლები დანაკარგებით სახელმწიფოსთვის.

რა შეიძლება იყოს ეს – რადგან საზოგადოების ნაწილი გამოხატავს პროტესტს, ერთ–ერთ ვერსიად განიხილავს გერმანულ მოდელს, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება, ავტორები ამბობენ, რომ შეესაბამება. ორი პოზიცია გვაქვს სუბიექტური მსჯელობისთვის, ამიტომ გონივრული ხელისუფლება მოიქცეოდა ასე და ეს არის ჩემი შეთავაზება: კი ბატონო, წავიდოდი კონსენსუსზე, ვეტყოდი ოპონენტებს, მოახდინეთ ინიცირება ისე, რომ შინაარსობრივად არ ვიზიარებთ, მაგრამ იმისათვის, რომ სახელმწიფოებრიობა და პროცესი გადავარჩინოთ, ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროექტს, მაგრამ მხარდაჭერის მეორე დღესვე, შესაფასებლად გადავცემთ კონსტიტუციურ ორგანოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ანუ, ხელისუფლება შინაარსობრივად არ გაიზიარებს, მიმართავს საკონსტიტუციო სასამრთლოს, რომელიც ერთი თვის ვადაში იმსჯელებს ამ საკითხზე, რომელიც განსჯის რომელი მხარე არის მართალი“, – აცხადებს for.ge–სთან სუბრისას ლევან ალაფიშვილი.

trampi სადაური და როგორი კრიზისია ეგ ჩვენ რაში გვაინტერესებს...
ფაქტია რომ ეს აყალმაყალი კრიზისია მაშ აბა სხვა რა ჯანდაბააა
ეგრე სადამდე და როდემდე უნდა გაგრძელდეს....
4 წლის უკან