გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს მთავრობის მხრიდან ნატოსადმი განელებულ ინტერსზე საუბრობს და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტსა და რუსეთის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.
ვაშინგტონში დაფუძნებულ „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე რეგიონის ქვეყნების როლსა და ნატოს მხრიდან შავი ზღვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის საჭიროებაზე ისაუბრეს. გადამდგარმა ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე ნატოს წევრი იყოს. თუმცა გენერლის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.
ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ სექტემბერში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ ის განიცდის, რომ მთავრობისგან ამ საკითხის მიმართ იმავე ენთუზიაზმს ვერ გრძნობს, რასაც მანამდე გრძნობდა. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია.
ბენ ჰოჯესს მიაჩნია, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება და ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულება ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია. მისი თქმით, ანაკლიის პორტის აშენება საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს. თუ ანაკლია ისეთ პორტად აშენდა, როგორიც მას შეუძლია იყოს, მაშინ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური პორტალი გახდება - ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, ამით საქართველოს უსაფრთხოება ავტომატურად გაუმჯობესდება და მისი დაცვით ყველა დაინტერესებული იქნება. სწორედ ამიტომ არ სურს რუსეთს ამ პორტის აშენება. გენერალი ჰოჯესი ამბობს, რომ ანაკლიამ შესაძლოა საქართველოში ამერიკის სამხედრო გემებიც მიიზიდოს.
მათ საპასუხოდ კი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო შორსაა ნატოსაგან და, სამხედრო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ის რთულად დასაცავი ქვეყანა იქნება, გენერალი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კრემლის შეკავების მეთოდებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა რუსეთმა საქართველოში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაზე არასდროს იფიქროს. გენერლის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად მის მეზობლებსა და შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. ამდენად, გენერალ ჰოჯესს მიაჩნია, რომ საქარველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გრანტია იქნება.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია სულაც არ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას ნატოსადმი ინტერესი გაუნელდა. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ აქ მთავარია იმის გარკვევა, ბენ ჰოჯესი რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და რომელ ბანაკში იმყოფება?!
„მაკ-კეინის ნეოკონსერვატორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მე მივიღებ, როგორც სპეციალურად მართულ და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მესიჯების მთელ კოჰორტას. ნეოკონსერვატორების დაჯგუფება საკმაოდ რეაქციული დაჯგუფებაა, მათ თავიანთი ინტერესები გააჩნიათ, გადამეტებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და, სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, ეს არც თუ ისე კონსტრუქციული პოლიტიკური ძალაა. თუნდაც იგივე დემოკრატები, სოციალისტური და ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები მართლაც ჭეშმარიტი დემოკრატიული ფასეულობებისკენ არიან მიდრეკილნი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე განმარტებით, საქართველო ნატოს მიერ მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ინტენსიურ ურთიერთობას ავითარებს ნატოსთან, მაგრამ, თუკი ამ ეტაპზე ნატოს შიგნით არ არსებობს კონსენსუსი უკრაინა-საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის.
ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ბოლო დროს საქართველოში შექმნილი სიტუაცია შესაძლოა, არ მატებდეს პოზიტივს ნატო-საქართველოს მიმართულებას, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, ნატოს წევრ სახელმწიფოში - საფრანგეთში რა ხდება? ან თუნდაც უნგრეთში რა ხდება? რუმინეთში რა ხდებოდა? თუ ასე შევხედავთ მოვლენებს, დავრწმუნდებით, რომ იქაც არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისები, მაგრამ ეს კრიზისები ხელს არ უშლის, ევროატლანტიკური სოლიდარობის იდეა განელდეს.
ამდენად, ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულება კვლავაც შენარჩუნებული და გაძლიერებულია, ჩვენ გვაქვს საერთო შეხების წერტილები, გვყავს აგრესიული რუსეთი, რომელიც როგორც ნატოს, ისე საქართველოს მტერია. რუსეთი როგორც იქცევა, ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე, რომ კაცი, რომელიც გადადიოდა ჰუმანიტარული მისიით, დაიჭირეს და ედავებიან მოგონილ ფაქტებს, რაღაც სისულელეებს.
„რუსეთის აგრესია ქმნის ფონს, რომ ევროატლანტიკური მიმართულება საქართველოში შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე ნატოს ოფიციალური ხელისუფლება საქართველოს დადებით კონტექსტში იხსენიებს. მე არ მომისმენია ნატოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე კრიტიკული შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ აქციების ფონზე, რაც ახლა ჩვენთან ვითარდება. 18 ნოემბრის დემონსტრაციის დაშლა მოხდა კანონის ფარგლებში, ჰუმანიტარული პირობების გათვალისწინებით, განსხვავებით 20-21 ივნისისგან. დარბევა სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ ეს გაკეთდა იმაზე ჰუმანურად, რასაც საფრანგეთის პოლიცია ახორციელებს, ან თუნდაც ჰონკონგში რაც ხდება და რაც ხდებოდა რუმინეთსა და ალბანეთში“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ბენ ჰოჯესის განცხადება მოვლენების ჰოჯესისეული სუბიექტური აღქმაა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მან არ იცის, ბენ ჰოჯესი საქართველოში ვის შეხვდა, ვის ელაპარაკა, მაგრამ ამერიკელი გენერლის განცხადებები პირადად ზაალ ანჯაფარიძეს არაფერს ეუბნება.
„ბენ ჰოჯესმა ეს განცხადება გააკეთა „ევროპული კვლევების ცენტრის ინსტიტუტში“ და „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ია მეურმიშვილმა გამოიტანა ეს „ჰედლაინად“ თავის სტატიაში. ეს გასაგებია, რადგან ეს ქალბატონი კონკრეტული პოლიტიკური შეხედულებების მქონეა და ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში პოზიციები გაუფუჭდა და შეუსუსტდა. მე არ ვიცი, რა დაინახა ასეთი ამ გენერალმა საქართველოში, რამაც ნატოსადმი განელებულ ინტერესში დაარწმუნა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობის დონე ჯერჯერობით არ დაქვეითებულა. თუკი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები შეამჩნევდნენ, რომ საქართველოში პროევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დონემ იკლო, როგორც ბატონი ჰოჯესი აღნიშნავს, ამას ბუნებრივად მოჰყვებოდა თანამშრომლობის დონის დაქვეითება. თანამშრომლობის დონე არათუ არ დაქვეითებულა, პირიქით, უფრო მაღალ დონეზეა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.