ზოიძის უპერსპექტივო ინიციატივა

ზოიძის უპერსპექტივო ინიციატივა

აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გავა ხალხში და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კამპანიას ჩაუდგება სათავეში.

„ყველა ხალხის სახელით საუბრობს და ამ დროს, ხალხის ნება არასდროს ყოფილა გამოხატული, საზოგადოებისთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დემოკრატიის უმაღლესი ფორმა – პირდაპირი დემოკრატია და ვკითხოთ ხალხს“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, მას ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პოლიტიკას და პარლამენტს ტოვებდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ მის შეთავაზებას, არ გამორიცხავს, რომ ის პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წავიდეს.

„პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან, ზოგადად, წასვლისა და პარლამენტის დატოვების შესახებ, მაგრამ მე ვხედავ ჩემ ამ მიზანს და ამოცანას ამ ეტაპზე. თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არ მინდა, ეს ულტიმატუმად ჟღერდეს, ცოტა სასაცილოა, ასეთ ქვეყნისთვის საჭირო თემებზე ერთი დეპუტატის მიერ ულტიმატუმების დაყენება, მე თვითონ მეცინება, მაგრამ მე ჩემს ადგილს, მაშინ ვხედავ იმაში, რომ გავიდე ხალხში, ჩავუდგე კამპანიას სათავეში, რომ დავარწმუნოთ ყველა ადამიანი, რათა პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი.

შეთავაზებას თუ მიიღებენ ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო, მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამის მიხედვით მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას. დავფიქრდეთ, ვიმსჯელოთ, არის თუ არა სწორი გზა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვადებია დარჩენილი. მესმის, რომ შეიძლება ტექნიკურ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ იმ სასწორის მეორე პინაზე რაც დევს და რა პროცესებიც საზოგადოებაში შეიძლება განვითარდეს, მიმაჩნია, რომ აქ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მაქსიმალურად თანხმობის პირობებში ჩავატაროთ ეს ყველაფერი. რეფერენდუმი ან პლებისციტი რომ დაინიშნოს, ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, რომ ხალხი არ მოგვიტყუებია და პირობას ვიცავთ“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

უმრავლესობაში შეთანხმდნენ, რომ ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საბოლოო პასუხს ვერ გააჟღერებს, თუმცა მიდგომა – მოდით, ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი.

„ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. მაგრამ, არსებობს ტექნიკური პრობლემები, რაც განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ზოიძის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, შემქნილი კრიზისული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელი მიიღოს.

„პლებისციტს შემდეგ მაინც პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. ეს არასერიოზულია, მაგ მატარებელს ჩავლილი აქვს. პლებისციტი ჩატარებული არის, გავრილოვის ღამეს იყოს პლებისციტი, რომელსაც მერე დაეთანხმა ივანიშვილი. ერთადერთი სწრაფი გზა, თუ უნდა ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყება, არის ე.წ. გერმანული მოდელი - სამ კვირაში ამთავრებს ყველაფერს. პლებისციტი და რეფერენდუმი, თვეების შემდეგ უნდა ჩატარდეს და მერე ან დაემორჩილებიან, ან არა. შემდეგ ისევ რომ გადააგდოს საზოგადოება? მერე ხელახლა უნდა იყოს ყველაფერი? ვაფასებ, რომ სხვებისგან განსხვავებით ზოიძეს ინსტიქტი მაინც აქვს და ეს თქვა, მაგრამ ეს არ არის გზა, რომელიც ამ კრიზის განმუხტავს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანული მოდელი არის მთლიანად პროპორციული სისტემა, 150–ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, ხოლო კონსტიტუციაში წერია, რომ პროპორციული წესით 77 მანდატი ნაწილდება.

„გერმანული მოდელის თანახმად, 150–ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით. აქედან, 73 მანდატი მიენიჭება იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან არჩეული ერთმანდატიან ოლქებში. კონსტიტუციაში გვიწერია 73 მანდატი. 73 არ უდრის 150–ს. ეს იციან იმ იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ეს იციან სხვებმაც და მათ, სამწუხაროდ, შეცდომაში შეყავთ საზოგადოება.

ერთადერთი მთავარი არსი და განსხვავება გერმანულ სისტემაში არის ის, რომ თუ გადააჭარბა მაჟორიტარების რაოდენობამ პროპორციული სიით გასული დეპუტატების რაოდენობას, ამ შემთხვევაში იზრდება სიითი შემადგენლობა. 150–ის მაგივრად არის 160, შეიძლება იყოს 170. ეს არის განსხვავება და ოპოზიცია ამბობს, რომ 150–ზე დააფიქსირებენ. მინდა, დავიჯერო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და არა დილეტანტობის შედეგი. ეს თუ დილეტანტობაა, უფრო მძიმედ გვქონია საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ზოიძის ინციატივას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას, როგორც ანალიტიკოსები for.ge–სთან საუბრისას აცადებენ, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ნაკლებად შესაძლებელია, რადგან გარდა იმისა, რომ მან საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა მოიცვას, განსაზღვრულია საკითხები, რომლებზეც რეფერენდუმის გამართვა შეიძლება.

რაც შეეხება პლებისციტს, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შემდეგ იგივე პროცედურები საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება, რაც მომავალ არჩევნებამდე სავარაუდოდ ვერ მოესწრება.

„ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ზოიძეს, ისევე როგორც ბევრს, შეიძლება არ ახსოვდა, რომ ჩატარებულია პლებისციტი. აიღოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები და იმის საფუძველზე გადაწყვიტოს. ის შედეგები იძლევა საფუძველს, რომ შემოიტანონ პროპორციული სისტემა. რაღა საჭიროა ახალის ჩატარება?! შეიძლება აკაკი ზოიძეს ეს არ ახსოვდა, ან შეიძლება ახსოვდა და აქცენტი გადაიტანა, რომ დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური ფონი განემუხტა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ამ საკითხამდე მივა საქმე, ალბათ, ბევრი სირთულე გაჩნდება იმ მხრივ, რომ დრო არის ცოტა. ამიტომ იდეა, რომ ადრე ჩატარებული გამოიყენონ, უპრიანია. ჯერ ერთი, რომ დიდი დრო უნდა და მეორე, არა მგონია, რომ დაძაბულობის მოხსნა ამით შეიძლებოდეს. დაძაბულობის მოხსნისთვის ხანდახან არჩევნებიც არ გამოდგება და არც პლებისციტი. ამიტომ მეეჭვება, რომ პერსპექტივა ჰქონდეს ზოიძის ინიციატივას“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ზოიძის ინიციატივა კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს. მისი თქმით, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ინიციატივა ზოიძის პირადი მოსაზრება იყოს. მისი შეფასებით, ინიციატივას პროცედურული თვალსაზრისითაც 2020 წლის არჩევნებისთვის პერსპექტივა არ აქვს.

„ეს არის კიდევ ერთი უხარისხო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, აკაკი ზოიძემ ცოტა პირი მოიბანოს და აჩვენოს, რომ საერთო მასაში რაღაცით გამორჩეულია, ანუ, პირად ამოცანას წყვეტს. მეორე მხრივ, ახალ–ახალ სალაპარაკოს გვიჩენენ, მეტი არაფერი. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად მკვდრადშობილი ინიციატივა და ჩვენ რომ ვილაპარაკებთ, ამაზეა გათვლილი. იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ძალა ამხელა რეპუტაციულ ზარალზე წავიდა, დაპირება მთელი სამყაროს მიმართ, არა მარტო საქართველოს, არამედ უცხოელების მიმართ უხეში ფორმით დაარღვია, იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რამის შეცვლა სურთ ან ამის რესურსი აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ მანევრები ატარონ, გადაფარონ–გადმოფარონ, აქცენტები გადაიტანონ. რაღაც სისულელეებთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ეს არანაირ შედეგს არ იძლევა. როგორც ძაბირაძე აცხადებს, რეფერენდუმთან დაკავშირებით არის პრობლემები, რადგან განსაზღვრულია, რა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება. გარდა ამისა, როგორც ძაბირაძე აცხადებს, საუბარია ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„პლებისციტს წინ არაფერი უდგას, შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არანაირ შედეგს არ იძლევა. იგივე წარმატებით შეიძლება გააკეთონ სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა და დაახლოებით ერთნაირ შედეგს მიიღებთ. რამდენად მიიღებს ოპოზიცია პლებისციტის შედეგებს ამ ვითარებაში, ეს კიდევ ცალკე თემაა.

ვთქვათ, პლებისციტით მივიღეთ, რომ პროპორციულს უჭერენ მხარს, შემდეგ ისევ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო შესწორების მიღება და ასე შემდეგ, ამას დრო სჭირდება. ოპოზიციის შიში, რომ ეს სჭირდება ხელისუფლებას ყურადღების გადასატანად, რეალურია. კომპრომისულ ვარიანტს თუ ეძებს მართლა ხელისუფლება, ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი, ან ისევ პროპორციული დააბრუნონ მცირე შესწორებით პარლამენტში“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, პლებისციტი ფაქტობრივად ჩატარებულია, როცა პარალმენტში სახალხო ინიციატივით შევიდა პროექტი, რომლის მიედვითაც 210 000 ამომრჩეველი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვდა. მისი თქმით, პარლამენტს შეუძლია სწორედ ამ პროექტის განხილვას დაუბრუნდეს.

მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, როგორც რეფერენდუმის, ისე პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ამბობს, რომ ზოიძემ წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართოს უმრავლესობასთან და თანხმობა მიიღოს აღნიშნულის ჩატარებაზე.

„პლებისციტი უკვე ჩატარებულია. 210 000 ამომრჩეველი უკვე ითხოვდა პროპორციული წესით ჩატარებას. ვგულისხმობ, სახალხო ინიციატივის წესით შესულ პროექტს. პარლამენტს და უმრავლესობას თუ აქვთ პოლიტიკური ნება, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ამ პროექტს, განიხილონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ესეც ხომ ხალხის ხმა არის. პლებისციტის პარლამენტში ინიცირების უფლება პრემიერ–მინისტრს აქვს. მას შეუძლია ინიცირება მოახდინოს პლებისციტის, დაინიშნოს პლებისციტი.

პლებისციტის გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, ეს არის რეკომენდაცია, მაგრამ ხალხის მიერ რეკომენდაციის გაცემა ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს. რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარებას, მისი ჩატარება ცოტა რთულია. ის უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა და უფლებამოსილია პრეზიდენტი. ანუ შეუძლია არც დანიშნოს, მიუხედავად იმისა, თუ ქმედითუნარიანი სუბიექტები მიმართავენ მას, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი. მაინც ყველაფრის ჩატარება პარლამენტთან მიდის, იქნება ეს რეფერენდუმი, თუ პლებისციტი“, – აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

არაგველი641 არჩევნებს დემოკრატიული დაერქმევა მაშინ, თუკი ის იქნება მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩატარებული. ანუ ყველა არჩეულ დეპუტატს ექნება თავისი ოლქის ამომრჩეველთა მანდატი, ხოლო პროპორციული არჩევნების დროს პარტიულ სიას ვინ ადგენს და როგორ გადიან ის დეპუტატები, არავინ არ იცის.
4 წლის უკან
tngh პარტიულ სიას ფული ადგენს... მე, მაინ პლებისციტით ამ საკითხის სამუდამოს გადაწყვეტას ვემხრობი!!!
4 წლის უკან
tngh პარტიულ სიას ფული ადგენს... მე, მაინ პლებისციტით ამ საკითხის სამუდამოს გადაწყვეტას ვემხრობი!!!
4 წლის უკან