ტელეკომპანია „იმედის“ 134 თანამშრომლის საჩივარი, რომლებიც სტრასბურგში აღარ გაიგზავნა

ტელეკომპანია „იმედის“ 134 თანამშრომლის საჩივარი, რომლებიც სტრასბურგში აღარ გაიგზავნა

ხუთი წელი გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევიდან, რამაც მაშინ ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და რამაც შეიძლება ითქვას, ქვეყანაში ამის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე დიდი გავლენა იქონია. ტელეკომპანიაში სპეც-რაზმის შეჭრას „იმედის“ კუთვნილი აპარატურის დიდი ნაწილის განადგურება და ჟურნალისტებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია შეუწყვიტა და არგუმენტი იყო ის, რომ ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა. „იმედმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა.

გარკვეული ხნის შემდეგ სატელევიზიო არხის დამფუძნებელი, ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა და მართალია ამის შემდეგ „იმედი“-ს მაუწყებლობა აღდგა, მაგრამ იგი მაშინდელმა ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ნათესავის, ჯოზეფ ქეის მეშვეობით ხელში ჩაიგდო და „იმედიც“ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიად გადაიქცა.

დღეს, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, ტელეკომპანია „იმედიც“ მის კანონიერ მესაკუთრეს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა და საზოგადოება იმედოვნებს, რომ იგი ისევ გააგრძელებს იმ რეჟიმში მუშაობას, როგორც ეს პატარკაციშვილის სიცოცხლეში იყო. თუმცა მანამდე, დღის წესრიგში დადგა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეც-რაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დარბევის გამოძიების აუცილეებლობა, რათა საზოგადოებამ  მიიღოს პასუხები კითხვებზე ვინ გასცა „იმედის“ დარბევის ბრძანება და რატომ მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება. მოლოდინი არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, რათა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ შეძლოს.

რამდენადაც ცნობილია, ტელეკომპანიის რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივრის შეტანა და საქმის სტრასბურგში გაგზავნა გადაწყვიტა და კოლექტიური საჩივარიც მზადდებოდა, პროკურატურაში საჩივარი კი შევიდა, მაგრამ „იმედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ  ჯოზეფ ქეის სახით, სტრასბურგში საქმის გაგზავნაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „იმედის“ მხოლოდ ათი ჟურნალისტის კერძო საჩივარი გაიგზავნა. ესენი იყვნენ ანა გოჩაშვილი, თეა სიჭინავა, გიორგი ახვლედიანი, თენგო მეზურნიშვილი, დიანა ტრაპაიძე, გიორგი რუხაძე, ჯონი კალანდაძე, ნინო ცხვარაშვილი, ნინი საყვარელიძე, ირაკლი მოსეშვილი. მათ საქმეს სტრასბურგში ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ ხელმძღვანელი, ლია მუხაშავრია აწარმოებდა. დღეს იგი ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ მიადგა დიდი ზარალი, რადგან დაზიანდა დიდი რაოდენობით აპარატურა, ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ტელეკომპანიის მაუწყებლობაც შეწყდა და სამწუხაროდ, ეს ფაქტები გამოძიებული არ არის.

ადვოკატი იხსენებს, რომ იმ დროს არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მიზნით შეთქმულების მომზადებას ეხებოდა და თითქოს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ტელეკომპანია „იმედი“. შემდეგ ეს საქმე „ჩაკვდა“ და ამდენი წლის მანძილზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ჟურნალისტებმა ნამდვილად მიიღეს მორალური და ფიზიკური ზიანი, მაგრამ ეს საკითხები გამოძიებული არ ყოფილა. ლია მუხაშავრიას თქმით, როდესაც სტრასბურგში საქმე მოგებული იქნება, სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს და გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ადვოკატი იხსენებს, რომ თავიდან ტელეკომპანიაზე თავდასხმას თავად „იმედი“ ასაჩივრებდა. ტელეკომპანიის ადვოკატებმა სოსო ბარათაშვილმა და შალვა შავგულიძემ „იმედის“ თანამშრომლებს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, მისმა ოჯახმა ეს დავა აღარ გააგრძელა.

„ცხადია პატარკაციშვილის ოჯახმა ამ საქმის წარმოების გაგრძელებაზე უარი იმ ობიექტური ვითარების გამო თქვა, რაც ქვეყანაში შეიქმნა. მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია თავს დაატყდათ, მათ აღარ ჰქონდათ სურვილი და თავგანწირვა, რომ ეს საქმე გაეგრძელებინათ. ამიტომ იყო, რომ 2009 წლის ბოლოს ჟურნალისტებს წინადადებით მივმართეთ და შევთავაზეთ, რომ თუ მათ სურვილი ჰქონდათ, ამ საქმეზე დავა გაეგრძელებინათ, ჩვენი ორგანიზაცია ამაში მათ იურიდიულ დახმარებას გაუწევდა, რაზეც ისინი დაგვთანხმდნენ. სტრასბურგის სასამართლოს შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი საქმე მაინც იყოს მოგებული. ჩვენ კი ათი საჩივარი გავაგზავნეთ, რომელიც შემდეგ ერთ საქმედ გაერთიანდა და ჰქვია „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ახლა სტრასბურგში საქმის განხილვა უკვე ბოლო ეტაპზეა. ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე წარადგინა ევროსასამართლოში, ყველაფერი უარყო და ისეთი განმარტება გააკეთა, თითქოს არაფერი დაუშავებია. ახლა კი უკვე მოსარჩელის მხარემ საბოლოო განმარტებები უნდა მიაწოდოს სასამართლოს. მოსარჩელე ჟურნალისტების საჩივარში ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზეა საუბარი. ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, არაადამიანური მოპყრობა და ქვეყნის შიდა სამართლებრივი მექანიზმების არასაკმარისობა დარღვეული უფლებების აღდგენისთვის, ვინაიდან ქვეყნის შიგნით საქმეს მსვლელობა არ მიეცა.

ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მან და ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ 134 თანამშრომელს (ძირითადად ჟურნალისტებს, ასევე დაცვის თანამშრომლებს და ტექპერსონალს) ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები, დაიწერა საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ სახელით, რომელსაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი აწერდა ხელს და საჩივარი თანდართული მტკიცებულებებით შევიდა პროკურატურაში, რათა „იმედში“ შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულიყო გამოძიება და გამოვლენილიყვნენ და დასჯილიყვნენ დამნაშავე პირები. შავგულიძის განცხადებით, საჩივარში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე იყო საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. საჩივრით ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები დაზარალებულებად ყოფილიყვნენ ცნობილი და მომხდარიყო მათი დაკითხვა, მაგრამ პროკურატურის მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მოგვიანებით, ადვოკატებმა პროკურატურას კიდევ ორი საჩივრით მიმართეს, სადაც მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. შალვა შავგულიძე იხსენებს, რომ ამ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც „იმედში“ მეპატრონეც შეიცვალა და ხელმძღვანელობაც და მათ ამ დავის გაგრძელება აღარ მოისურვეს.

„მაშინ ბატონი ბადრის ინტერესებსაც და „იმედის“ ინტერესებსაც ვიცავდით მე და იოსებ ბარათაშვილი. პროკურატურაში შეტანილი საჩივრის გარდა, ტელეკომპანია „იმედის“ სახელით სასამართლოში მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი იყო ადმინისტრაციული საჩივრებიც და ახალმა ხელმძღვანელობამ და მეპატრონემ საკითხი დააყენეს ისე, რომ უარი თქმულიყო იმ ადმინისტრაციულ სარჩელებზეც და პროკურატურაშიც საქმე აღარ უნდა გაგრძელებულიყო“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ ადვოკატებმა ტელეკომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტეს და ამიტომ, მას არ აქვს ინფორმაცია, „იმედის“ ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელა თუ არა, მაგრამ პროკურატურაში საჩივარი დღესაც დევს, მას თან ახლავს 134 პირის ახსნა-განმარტება და ამდენად, ამ საქმის გამოძიებას წინ აღარაფერი უდგას.

„მახსოვს ბატონი არჩილ კბილაშვილის სატელევიზიო ჩართვა იყო ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ „იმედთან“ დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი არსებობს და ალბათ, მან ეს საჩივარი იგულისხმა, რადგან საკმაოდ სოლიდური საჩივარია“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

იგი აღნიშნავს, რომ მას და ადვოკატ სოსო ბარათაშვილს დიდი სურვილი ჰქონდათ ეს საქმე გაეგრძელებინათ, ისევე როგორც „იმედის“ სახელით ადმინისტრაციული წარმოება და სისხლის სამართლის საქმე ბადრი პატარკაციშვილის მიმართ. შეგახსენებთ, პატარკაციშვილის მიმართ საქმე აღძრული იყო სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ორგანიზების მუხლით. შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ ოჯახს აქვს უფლება ადამიანის გარდაცვალების მოტივით მის მიმართ საქმის შეწყვეტაზე უარი თქვას და საქმის ბოლომდე მიყვანა მოითხოვოს, მაგრამ პატარკაციშვილების ოჯახმა ამის სურვილი მაშინ არ გამოთქვა. ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული დავების გაგრძელება კი არხის ახალმა მფლობელმა აღარ მოისურვა. ამიტომაც შავგულიძე ამბობს, რომ ადვოკატებს არც ერთი ამ საქმის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცათ.

ახლა კი როგორ იხსენებენ 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ ყოფილი თანამშრომლები. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგში გაგზავნა, ჟურნალისტი თეა სიჭინავაა. For.ge-სთან საუბარში იგი იხსენებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს არხის ჟურნალისტების ნაწილი, მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად გადაღებებზე იყო გასული, მაგრამ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი ტელეკომპანიაში დარჩა, რათა მათ იქ ემუშავათ. თეა სიჭინავას თქმით, იგი სწორედ ჟურნალისტების ამ მეორე ნაწილს ეკუთვნოდა და მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანიაში იმყოფებოდა. ჟურნალისტის თქმით, გადაღებებზე გასული კოლეგებისგან მთელი დღის განმავლობაში ესმოდათ, რომ სპეც-რაზმი საღამოს „იმედისთვისაც“ მოიცლიდა. ასე ემუქრებოდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, მაგრამ მათ ნაწილს მაინც არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის მიმართაც იმ მეთოდებს გამოიყენებდა, რასაც მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართავდა.

„მთელი დღე გვესმოდა, რომ ამბობდნენ „საღამოს თქვენთვისაც მოვიცლითო“. საღამოს, 20.45 საათზე ცენტრალურ სააპარატოში ვიყავი, საიდანაც „ქრონიკის“ მთავარი გამოშვება გადიოდა. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი შემოვიდა, რომელიც ძალიან აღელვებული იყო და გვითხრა, რომ „იმედში“ სპეც-რაზმი შემოვიდა. პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ გადავწყვიტეთ, „ქრონიკა“ რაც შეიძლება დიდხანს გასულიყო ეთერში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო, რა ხდებოდა „იმედში“. ჩავკეტეთ სააპარატოს კარი და დავიწყეთ რეკვები სხვადასხვა ადგილებში. მე მაგალითად ტელევიზიებში ჟურნალისტებთან ვრეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან სპეც-რაზმია შემოსული და იქნებ გადასცეთ-მეთქი. ზოგი სახალხო დამცველთან რეკავდა და ა.შ.

ცოტა ხანში სპეც-რაზმმა მოგვაგნო, ძალიან სქელი რკინის კარი გადაღუნეს და სააპარატოში შემოიჭრნენ. ოთახში დაახლოებით 15 კაცი ვიყავით, სპეც-რაზმელებმა ჯერ იატაკზე დაწოლა გვიბრძანეს, მაგრამ ვინაიდან ფართი ამის საშუალებას არ იძლეოდა, შემდეგ დაგვსხეს ყველა, ჩამოგვართვეს ტელეფონები, დაამტვრიეს მთელი აპარატურა და ბოლოს ყველანი გარეთ გამოგვყარეს“, - იხსენებს თეა სიჭინავა.