ბაშარ ასადის ბიძას ესპანეთში 695 მილიონი ევროს გათეთრებაში ადანაშაულებენ

ბაშარ ასადის ბიძას ესპანეთში 695 მილიონი ევროს გათეთრებაში ადანაშაულებენ

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ნათესავებს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 695 მილიონი ევროს გათეთრებაში ასადის 13 ნათესავი, მათ შორის სირიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ასადის ბიძა რიფატ ასადია ეჭვმიტანილი.

ბრალდებულთა შორისაა 82 წლის რიფატ ასადის 8 შვილი და 2 ცოლი. გამოძიების მტკიცებით, 1980-იანი წლებიდან ისინი ესპანეთის ტერიტორიაზე, მალაგის პროვინციაში მოქმედებდნენ. ასადის ნათესავებმა 695 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონების 507 ობიექტი შეიძინეს.

გარდა ამისა, დაჯგუფება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც მოქმედებდა, სადაც რიფატ ასადს ბუკინგემის სასახლის შემდეგ უძრავი ქონების სიდიდით მეორე ობიექტი ეკუთვნის. რიფატ ასადის კომპანიებს ასევე ეკუთვნის Boeing 727-ის ტიპის თვითმფრინავი, ლუქს-კლასის რამდენიმე ჯავშნიანი ავტომობილი და სამი გემი.

გამოძიების ვერსიით, 1980-იან წლებში რიფატ ასადმა სირიის სახელმწიფო ხაზინიდან ესპანეთში დაახლოებით 272 მილიონი ევროს ექვივალენტი თანხა გაიტანა. სირიის პრეზიდენტის ბიძა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფული, რომლითაც უძრავი ქონების ობიექტები შეიძინა, მას საუდის არაბეთში აჩუქეს.

რიფატ ასადმა სირია 1983 წელს, სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დატოვა, როდესაც მან სამხედროების დახმარებით თავისი ძმის, ბაშარ ასადის მამის - ჰაფეზ ასადის რეჟიმის დამხობა სცადა. ფულის გათეთრების ბრალდებით რიფატ ასადის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთსა და შვეიცარიაშიც მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ Financial Times-ი წერდა, რომ ბაშარ ასადის ნათესავებმა მოსკოვის ფეშენებელურ რაიონში 19 აპარტამენტი იყიდეს.