მთავრობა საბანკო რეგულაციებს ამსუბუქებს, მაგრამ იქნება თუ არა დადებითი შედეგი არავინ იცის

მთავრობა საბანკო რეგულაციებს ამსუბუქებს, მაგრამ იქნება თუ არა დადებითი შედეგი არავინ იცის

პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს უკვე დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე განიხილოს, რამდენად შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 000-ლარიანი ზღვარი შემცირდეს. მანამდე რეკომენდაცია მიიღო ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა. საკმაოდ საყურადღებო გადაწყვეტილებას ითხოვს უმრავლესობის ეკონომიკური გუნდი. აქამდე გადადგმულმა არაერთმა ნაბიჯმა შედეგი ვერ გამოიღო, ლარი გამყარების ნაცვლად, უმნიშნვნელოდ, მაგრამ მაინც უფასურდება.

ზამთრის წინ მოსახლეობა კატასტროფული სიძვირის პირისპირ დარჩა. მთავრობა უძლური აღმოჩნდა ვითარება გამოესწორებინა. დაპირება, რომ ლარი თავის ნიშნულ დაუბრუნდებოდა და ფასები კლებას დაიწყებდა, არ გამართლდა. ამიტომ მთავრობა თავის ყველა ადრინდელ პრინციპზე უარს ამბობს და რეგულაციებს ძველ ნორმებში აბრუნებს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სასხეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებს პასუხი გავცეთ.

ამიტომ მინდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 ათასი ლარიანი ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, რათა ეს შემზღუდველი ელემენტი შერბილდეს,

გარდა ამისა, მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ მიმართულებით ხელისუფლების ცალსახა პოზიცია ცოტა უფრო ადრე გაახმოვანა პარლამენტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. მისი შეფასებით, ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირების საკითხზე, მუშაობის დაწყება დროულია.

„მე ვფიქრობ, საკითხები, რაც კომიტეტის სხდომაზე იყო დაყენებული, დროულია. ამ საკითხთან მიმართებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გუშინ კატეგორიული არ იყო. ამიტომ სწორი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკი ერთად იმუშავებენ და შემოიტანენ ამ წინადადებას პარლამენტშიც და კომიტეტიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ 20 ივნისის შემდეგ, არ დაგვიდგა კარგი დრო. მე 25 წელია საფინანსო სექტორში ვმუშაობ, 5 ქვეყანაში ვიმუშავე საქართველოს გარდა, ევრობანკის სტრუქტურებიდან და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე, მოვლენების მიმართ ელასტიური უნდა ვიყოთ გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით და ა.შ. გვჭირდება სხვადასხვა ტიპის და ზოგჯერ არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის კომერციული საბანკო სექტორის მიმართ და ეს გადაწყვეტილებები მისაღებია.

საჭიროა, დროულად ვიმუშაოთ პრევენციაზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ღია ეკონომიკაა. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად გვაქვს მისაღები, რამდენადაც შესაძლებელია ბიზნესსაც ხელი უნდა შევუწყოთ. საქართველოს მოსახლეობას აწუხებს ლარის სტაბილურობა და ფასები“, – განაცხადა კოვზანაძემ.

არსებული საბანკო რეგულაციების გადახედვას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძეც მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის საბანკო რეგულაციების ტექნიკურად გამარტივების საკითხზე მუშაობს, რაც ქვეყანაში პირველი იანვრიდან მოქმედებს.

„ჩვენ დავაგროვეთ ინფორმაცია, რომელიც პროცედურებთან არის დაკავშირებული. საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა, ოქტომბრის ბოლომდე, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.5%–ია, რაც საკმაოდ კარგი ზრდაა, მაგრამ შემდეგ მოწყვლადობა დაგროვდება, ფინანსური კრიზისი მოხდება და ეს ეკონომიკას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რეცესიაში შეიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სექტორთან ვმუშაობთ, როგორ შეიძლება ტექნიკურად ამ რეგულაციის გამარტივება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.