დიტო გელოვანი: ლამის სახლში შემოიჭრას თუთ...

დიტო გელოვანი: ლამის სახლში შემოიჭრას თუთ...

იპოლიტ მატვეევიჩს სიდედრი არ უყვარდა. კლავდია ივანოვნა სულელი იყო და მისი ასაკი არ იძლეოდა იმის იმედს, რომ ეს ქალი ოდესმე მოჭკვიანდებოდა. ამასთან, უსაშველოდ ძუნწიც იყო და, და ეს მისი სიძუნწის გრძნობა ფრთებს სრული ძალით მხოლოდ იმიტომ ვერ შლიდა, რომ იპოლიტ მატვეევიჩი ღარიბი იყო. ხმა კლავდია ივანოვნას ისეთი ბოხი და მძლავრი ჰქონდა, რომ რიჩარდ ლომგულსაც შეშურდებოდა, ვის ყვირილზეც, როგორც ცნობილია, ცხენებს მუხლები ეკვეთებოდათ. ყველაფერზე აუტანელი კი ის იყო, რომ კლავდია ივანოვნა სიზმრებს ნახულობდა. ხან ხალათიანი ქალწულები და ყვითელი დრაგუნული არშიით დამშვენებული ცხენები ესიზმრებოდა, ხან მეეზოვეები, რომლებიც ქნარზე უკრავდნენ, ხან დარაჯის ქურქში გახვეული მთავარანგელოზები, რომლებიც ქალაქში დასეირნობდნენ და სარეკელებს აჩხარუნებდნენ, ხან კიდევ საქსოვი ჩხირები, რომლებიც თვითონ დახტოდნენ ოთახში და ნაღვლიან ხმებს გამოსცემდნენ.

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი – „თორმეტი სკამი“)

ისეთ მრავლისმეტყველ სათაურებს შორის, როგორებიც იყო „ბაჩო ახალაია თავდაცვის ბიუჯეტის გადახარჯვას უარყოფს“, „ბაჩო ახალაიას ადვოკატი „ქართული ოცნების“ წევრია“, „ნუგზარ წიკლაური - 29 დეპუტატი ახალაიას, კალანდაძესა და შამათავას თავდებში უდგება“, „თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ“, „ბაჩო ახალაია პოლიტიკაში დარჩენას აღარ აპირებს“, „დავით ბაქრაძე ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს“ და სხვ. მე მაინცდამაინც ეს სათაური ამოვარჩიე – „აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური „ქართულ ოცნებას“ ახალაიას წინააღმდეგ საქმის შეთითხნაში ადანაშაულებენ“.

ამოვარჩიე, რადგან მომეწონა და თუ რატომ მომეწონა, ამას იქიდანაც მიხვდებით, რომ მასში ფიგურირებენ ქართული პოლიტიკის ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური. მინაშვილზე გამახსენდა მინაშვილის სიდედრი, სიდედრზე – „თორმეტი სკამი“ და ისიც კი გავიფიქრე, რა სეირი იქნება, მინაშვილის სიდედრსაც რომ ჰქონდეს ერთი სკამი, სადაც რამე იქნება ჩაკერებული–მეთქი – მაგ. ნინა წკრიალაშვილის კომპაქტ–დისკი, მამუკა ხერხეულიძის რომელიმე უკვდავი რომანი, ანაც გიორგი ასანიძის შტანგა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სიდედრს სკამში თვით სიძე ჰყავდეს მიმალული, თუმცა ეგ რაღაც არ გამოდის, რადგან სათაურში გარკვევით ეწერა – „აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური „ქართულ ოცნებას“ ახალაიას წინააღმდეგ საქმის შეთითხნაში ადანაშაულებენ“.

შეთითხნაში... 30 წლის წინ ორივე ეს ახალგაზრდა დიდი სიამოვნებით გამოვიდოდა საკავშირო ალკკ რომელიმე მორიგ ყრილობაზე და ენერგიულად გაილაშქრებდა აშშ–ს იმპერიალისტური ხრიკების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა სხვა დროა და მე მაინც ეს დრო მომწონს. ეს დრო მომწონს, რადგან შემიძლია ხმამაღლა ვთქვა ის, რაც არ მომწონს და ვუსაყვედურო მას, ვინც საყვედურს იმსახურებს.

აკაკი მინაშვილის დედავ და მამავ, აბა, რა შესათითხნი იყო აკაკი მინაშვილი?! რა თქმა უნდა, იგივე საყვედურს ვეუბნები ნუგზარ–წუგზარას მშობლებსაც და მათთან ერთად გურამ აბსანძეს და მურმან ომანიძეს. საყვედური სიდედრს – ჩაგეკერებინა სიძე სკამში და აღარ მოვისმენდით ამ სიტყვებს: „ჩვენ ვნახეთ ის სასაცილო ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს დაკავებულებს“.

საერთოდ, ბრალდებებს არ ნახულობენ, ბრალდებებს ისმენენ. ეგეც არ იყოს, სულაც არ ვფიქრობ, რომ ბაჩო ახალაიასადმი უკვე წაყენებული ბრალდებები არის სასაცილო და არა მგონია, რომ გამეცინოს იმ ბრალდებებზე, რომლებსაც აწი წაუყენებენ. ისე კი, ეს ყველაფერი და სხვაც, გემოვნების საქმეა. ახლა, გიგი კალანდაძის ბრიგადას აგვისტოს ომში, ყველაფერი დაუკარგავს, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა და ყველაფერი დაუტოვებია, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა. უფრო სწორად – არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, კალანდაძეს უწოდებენ „გმირს“, მაგრამ იმ ტრამპა–ცუმპას შემდეგ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე ვიხილეთ, აღარაფერია გასაკვირი. დამარცხება თუ გამარჯვებაა, დამარცხებული გამარჯვებულია, ხოლო გამარჯვებული გენერალი – გმირი.

თან, რა გმირულად გადაიხადა გირაოს 20 ათასი! მთელი უმცირესობა თავდებში ედგა და რას არ გადაიხდიდა? ახლა, ეს უმცირესობაც ასეთ აღმატებულ ტონალობაში იმიტომ ვახსენე, რომ ერთ–ერთი ნიუსის სათაურში შევამჩნიე ასობგერა „ც“. კერძოდ – „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში უმცირესობის დეპუტატების შეხვედრას პრეზიდენტიც დაესწრო“. ხედავთ – პრეზიდენტი–ც–ო! „როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმცირესობის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, შეხვედრაზე მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი და სხვა საკანონმდებლო პროექტები განიხილეს“ – აი, ასეთი ამბებია უმცირესობაში. ბიუჯეტზე მსჯელობენ.

ბაჩოს პატიმრობას დავუბრუნდეთ... ”ნებისმიერი ადამიანის მზადყოფნა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს, მხოლოდ კარგი და მისაღებია. არსად წავსულვარ და მზად ვარ ჩემს გარშემო არსებულ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო!“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ, არადა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჟურნალისტებს ერთი კითხვა აწვალებდათ – „სად იყავი, შეჩემა?“, რაზეც დავით ბაქრაძეს ერთადერთი პასუხი ჰქონდა – „შეჩემა და ჩემისჩემა, დაგიმატა დისპეტჩერმა“.

ქლიბია, რა...

ერთი ქლიბური სათაური, კომენტარებისა და სხვა რამეების გარეშე – „ელენე მინასოვის მტკიცებით, მას ციხიდან შვილი დაუკავშირდა და დაუდასტურა, რომ ყელი აქვს გამოჭრილი და პირიც ამოიკერა“.

კაზა კრიჩალა ნეჩელოვეჩესკიმ გოლოსომ... – ეს კი არ გამხსენებია იმაზე, არამედ ამაზე გამახსენდა გასული კვირის აი ეს: „უახლოეს დღეებში თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობის პროექტს , რომლითაც მიმდინარე წელს სახელმწიფო სოციალური პროგრამები აღდგება. ამის შესახებ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა“.

და, მართლაც მიმართა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდა, თუმცა, როდესაც გამოდიოდა ასე ფიქრობდა: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება...“ და ამის შემდეგ იყო „წარვედ წყალის პირს“, რასაც ბუნებრივად მოჰყვა სულ სხვა ავტორის „ვისაც გსურთ და სხვა“, ოღონდ ის სულ სხვა ავტორი იყო არა გრიბოედოვის სიმამრი, არა მინაშვილის სიდედრი, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი არამედ ვიღაც სხვა – თეა თუთბერიძე.

„ვისაც გსურთ და სხვა“ – გაიფიქრეს ქლიბმა, ბრტყელტუჩამ და ნუგზარ–ბირდაბირმა, როდესაც „ფეისბუქში“ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი გვერდი შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა „დღეს მეც ბაჩო ახალაია ვარ - მეც დამიჭირეთ“.

აქ უპრიანი იქნება, თუ ნიუსს გავეცნობით:

„როგორც აღნიშნულ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხვალ, 12:00 საათისთვის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები შეიკრიბებიან დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „იქიდან მშვიდობიანი მსვლელობით ვიძვრებით საქალაქო სასამართლოსკენ, პროცესზე დასასწრებად. დასწრება თავისუფალია. სურვილი მაქვს, რომ იმდენი ვიყოთ, ვერ დავეტიოთ და გარეთ მოგვიწიოს დგომა. ჩვენ შევუერთდებით იქ მყოფ ადამიანებს რომლებიც დაგვხვდებიან. გთხოვთ და-ძმურად, მამა-შვილურად, დედა-შვილურად, უბრალოდ, როგორც თქვენი თანამემამულე და პატრიოტი ადამიანი, არ დავიზაროთ ჩვენი ქვეყნისთვის რამოდენიმე საათი. ეს ბიჭები სისხლს ღვრიდნენ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა გვერდი ჯერჯერობით მხოლოდ 19-მა მომხმარებელმა მოიწონა“.

და მეორე დღეს იყო ეს: „თეა თუთბერიძე და 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ძირითადად ზუგდიდიდან არიან ჩამოსულები, სასამართლოსთან ტრანსპარანტებით მივიდნენ. ტრანსფარანტებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგი წარწერებია: „პატრიოტი ხარ, დაგიჭერენ“, „ბრალი ედებათ პატრიოტიზმში“, „დღეს პატრიოტიზმი დასჯადია“.

კი ღირს ამ ორი ნიუსის შესახებ უფრო დაწვრილებითი და ჩაღრმავებითი წიაღსვლები, რადგან როგორც ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იტყოდნენ, პრობლემა, ერთდროულად, ეპატაჟურიც არის და სენსიტიურიც და სენსიტიურობის ამბავში იყო ის, რომ როდესაც ბაჩო ახალაიას საკუთარმა ადვოკატმა უთხრა, „ქართული ოცნების“ წევრი ვარო (ქალიშვილი არ ვარო), თურმე, როგორც ადვოკატი ირწმუნება, ახალაიას არანაირი რეაქცია არ ქონია.

საინტერესო ის არის, რა რეაქცია ჰქონდა ბაჩოს, როდესაც გაიგო, რომ გარეთ თეა თუთბერიძე აქციას მართავდა? ადვოკატზე რომ არ ჰქონდა რეაქცია, ეს უკვე ვიცით და თუთბერიძეზე რა ჰქონდა – სანქცია, ტრანზაქცია თუ კიდევ რომელიმე სხვა „ქცია“?

სიტუაციის მთელი პოეტურ–პიკანტური სენსიტიურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ბაჩომ გაიფიქრა: „ლამის სახლში შემოიჭრას თუთ...“.

მთავრობის სხდომაზე კი შეიჭრა უგ... დაჯდა კიდეც, ქაღალდები ააშრიალა,მაგრამ არ დასცალდა სამშობლოზე ზრუნვა. როცა დაგიძახებთ, მაშინ მოდიო – უთხრეს, მაგრამ არ დააკონკრეტეს, თუ სახელდობრ როდის მოხდება ეს. ყოველ შემთხვევაში უგულავას სწორედ ეს უნდოდა – მთავრობის შეწუხება, და სწორედ ეს განასხვავებს გოგოლის ქუჩის კუთხეში შეკრებილი ბოზებისგან, რომლებსაც არავის შეწუხება არ სურთ, პირიქით... მაგრამ გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებს არ ესმით ბოზური და როგორც ბიძინასა და გიგის შელაპარაკებიდან დავასკვენი, ბოზური არც ბიძინას ესმის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაგება შეუძლებელია.

გასულ კვირაში მართლა აბობოქრდნენ ბოზებით შეწუხებული გოგოლისქუჩელები და საკითხის მოგვარება მოითხოვეს. მერე ვეღარ მივადევნე თვალყური და ვინ იცის, იქნება და, ერთმა ქათამივით გოგომ, მჩხავანამ და ისტერიჩკამ, სოციალურ ქსელში იქნებ შექმნა გვერდი სახელწოდებით „დღეს მეც ბოზი ვარ...“ მერე აუცილებლად გავქექავ ფეისბუქს, იქნებ მრავალწერტილის რეალური არსი დავადგინო.

ისე გამოვიდა, რომ მთელი ეს დრო ახალაიაზე, თუთბერიძეზე, წიკლაურზე და ბოზებზე ვწერდი. ძალიან ერთფეროვანია ეს ყველაფერი, მაგრამ რომ გავიხსენო ნაცების რეაქცია პარლამენტში, ჭანტურიას („საგადასახადო დავალიანება დანაშაული არ არის. ჩვენ ორჯერ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მზად ვართ დავალიანების გადასახდელად და ვთხოვეთ, რომ ამისთვის გარკვეული ფორმა და გრაფიკი შემუშავებულიყო“) და სააკაშვილის („სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომლის არა მხოლოდ მოწოდებები ისმის, არამედ დღეს დილიდან პირდაპირ განხორციელდა ”საზოგადოებრივ მაუწყებელში”. ასევე მიუღებელია ის მუქარები, რომელიც ისმის სხვა თავისუფალი მედია საშუალების მისამართით“) რეაქცია ფინანსურ შემოწმებაზე, ენჯეოშნიკების რეაქცია ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებზე და იქვე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბოზების პრობლემა, კვლავ ერთფეროვნებას მივიღებთ – ბოზურ ერთფეროვნებას.

ამიტომ, მოდით სხვა ამბები გავიხსენოთ, აი რუსთავი–2–ზე მიხაილოვ–ქიბროწაშვილი რომ გვიყვება ხოლმე.

მაგალითად, რადიოთი მოვისმინე, რომ ნოემბრის თვეში დედამიწაზე უცხოპლანეტელ სტუმრებს ელოდებიან, ასევე – ლევან გახელაძე წინა ხელისუფლებას საყვედურობს, ასევე – პარლამენტის ახალი შენობა, შესაძლოა დაკონსერვდეს, ასევე –  სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს, ასევე – საქართველომ ჩეზენას „ტრადიციული საკვების“ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ასევე – მერია 11 მაცივრის და 11 თხევად-კრისტალური ტელევიზორის შეძენას გეგმავს...

ა, ბატონო – თუ მოვინდომებთ, მრავალფეროვნებაც შეგვძლებია, ოღონდ არა ისეთი, როგორზეც ენჯეოშნიკები ოცნებობენ. მოკლედ, უცხოპლანეტელები მოდიან, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ღირსშესანიშნავ მოვლენს ვერ გააშუქებს და, საერთოდ, გასულ კვირაში ამ მაუწყებელს 10 თუ 15 მილიონი რომ ჩამოაჭრეს, მაშინვე იმედი გამიჩნდა – ამ თანხით ორ ბულდოზერს და ერთ გრეიდერს ვიყიდით, საზმაუს მივადგებით და ჩვენც დავისვენებთ და ისინიც მეთქი...

ვნახოთ... ყოველ შემთხვევაში, იდეა კარგია და ამ იდეის გარშემო, იყო დრო, აქტიურად ვსაუბრობდით მე და ლევან გახელაძე. მახსენდება და მეცინება.

”ასეთი ტიპის კომისიებში უმცირესობა იმისთვის არის წარმოდგენილი, რომ ხელისუფლების საქმიანობა შეისწავლოს. ამ შემთხვევაში საინტერესო სიტუაციაა - ”ნაციონალური მოძრაობა“ თავის მოქმედებებს შეისწავლის?! გუშინდელი ხელისუფლება წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ საქმეებს შეისწავლის?! ეს კაზუსია და სასაცილო ფაქტია. ამიტომ იმაზე ამოფარება, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კომისიის ხელმძღვანელი, მიუღებელია, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქმე იმაშია, რომ ნაცების აზრით ყველა დანაშაული, რაც კი ამ წლებში ნაცებმა ჩაიდინეს, ისევ ნაცებმა უნდა გამოიძიონ. საგანელიძეს ეცინება, მე – არა. რა არის ამაში სასაცილო? სხვა საქმეა ეს – „პარლამენტის ახალი შენობა, შესაძლოა დაკონსერვდეს“. დაკონსერვებული პარლამენტი წარმოვიდგინე და ჯილეხი გამახსენდა და რატომ გამახსენდა ჯილეხზე გია ბარამიძე, ამას მართლა ვერ ავხსნი.ასეა თუ ისე, გამახსენდა და, ახლა ბარამიძეს შეეკითხეთ, თუ გინდათ.

გასულ კვირში თბილისში ნატოს მაღალჩინოსნებს ელოდებოდნენ. ნუ... ჩამოვლენ, ხეირს ნახავენ და წავლენ – როგორც ყოველთვის, ასე ვფიქრობდით ჩვენ, მაგრამ ისინი არ ჩამოვიდნენ, ბარამიძემ კი, აი, კალანდაძე რომ დაიჭირეთ, იმიტომ არ ჩამოვიდნენო და ბაირამ–დუდუკი ახსენა, რასაც ალექსი პეტრიაშვილმა „სპეკულაცია“ უწოდა.

მომკლავს ეს პოლიტკორექტულობა!.. რატომ უნდა ვუწოდო რაღაცას სპეკულაცია, როდესაც სახეზეა ბარიგობა? რა უნდა ვუწოდოთ იმას, რომ ბადრი ბასიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა? ოოო... მაგის პასუხი ნამდვილად მაქვს, მაგრამ გოგოლის ქუჩის მცხოვრებლები უკეთ გვეტყვიან. მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკვე გვიანია, ბავშვები იძინებენ, ხოლო მე ჩელსი–ლივერპულისთვის ვემზადები.

შენ არასოდეს იქნები მარტო – ეს ჩვენი ჰიმნია, ბებერი ლივერპულელების.

შენ მარტო ხარ – ყოველ 5 წუთში ახსენებს შინაგანი ხმა მიშას და რა რეაქცია ექნება მიშას, თუ არა „რა მინდოდა წვენებში“!

სულ კარგად ბრძანდებოდეთ.

 

ლგ. (ლივერპული გადამრევს) შენ ჭკუაზე ხომ არ შეშლილხარ? – ალერსიანად ჰკითხა იპოლიტ მატვეევიჩმა და კარებისკენ გაემართა – ეგ კუბოები გადაგრევენ, შე უბედურო.

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი – „თორმეტი სკამი“)