დღეს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში შედგება “გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების კულტურული საგრანტო დახმარების“ ფარგლებში დაფინანსებულ 2 პროექტზე ხელის მოწერის ცერემონია. ეს პროექტებია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის სასწავლო მუსიკალური ინსტრუმენტების გადაცემა; დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგამოფენო დარბაზების განახლება.
საგრანტო კონტრაქტებს ხელი მოეწერება იაპონიის საელჩოსა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ასევე იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციას შორის.
პირველი პროექტი მიზნად ისახავს, მუსიკალური ინსტრუმენტების გადაცემით გააუმჯობესოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის "სტუდენტური ორკესტრის" სასწავლო პირობები. აღნიშნული გრანტით კონსერვატორიას შესაძლებლობა მიეცემა შეიძინოს ხის (ფლეიტის ოჯახი, კლარნეტის ოჯახი, ჰობოი) და ლითონის ჩასაბერი (საყვირები, ტრომბონები, ვალტორნები, ტუბა) და დასარტყამი საკრავები თავისი აქსესუარებით.
მეორე პროექტის მიზანია გააუმჯობესოს დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო გარემო საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაციით, ასევე ინვენტარისა და უსაფრთხოების სისტემების გადაცემით.
კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი შეიქმნა 1920 წელს. ორკესტრს არაერთხელ მიუღია საერთაშორისო აღიარება: იგი არის ჰერბერტ ფონ კარაიანის ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორსი კონკურსების ოქროს მედლის მფლობელი (გერმანია, 1978 წ), ახალგაზრდული ორკესტრების IV საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული (საფრანგეთი, 1979 წ), ევროპული ტურნეს მონაწილე (1979 წ საფრანგეთი, გერმანია; 1980 ჩეხეთი), პრესტიჟული “შემოდგომის ფესტივალის“ მონაწილე (ჩეხეთი, 1980), ბეთჰოვენის სახელობის ფესტივალის მონაწილე (გერმანია, 2003), "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფესტივალის ყოველწლიური მონაწილე (საქართველო). 2005 წელს ორკესტრმა გამართა კონცერტების სერია, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს. ფესტივალზე წარმოდგილი იყო 8 ქართული პრემიერა ყანჩელის შემოქმედებიდან.
ბოლო ათწლეულების ეკონომიკურმა სიძნელეებმა აუცილებელი გახადა ინსტრუმენტთა ფონდის მნიშვნელოვანი განახლება, განსაკუთრებით ჩასაბერი და დასრტყამი საკრავების მიმართულებით.
კონსერვატორია 10 წლის განმავლობაში მუშაობდა იაპონიურ მხარესთან ერთად პროექტზე "მუსიკალური ინსტრუმენტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის". 2010 წელს კი იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ. პროექტის მიზანია სტუდენტური ორკესტრის ინსტრუმენტთა ფონდის განახლება YAMAHA-ს ინსტრუმენტებით. ინსტრუმენტების იაპონური მწარმოებელი YAMAHA საქვეყნოდ აღიარებულია, რომლის საკრავებითაც მსოფლიოში განთქმული არაერთი ორკესტრი სარგებლობს.
ghn