Time: მაიკ პომპეო თანამდებობის დატოვებას გეგმავს

Time: მაიკ პომპეო თანამდებობის დატოვებას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თანამდებობიდან გადადგომას და სენატში კენჭისყრას გეგმავს, - იუწყება ჟურნალი Time-ი წყაროებზე დაყრდნობით.

პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენა 2020 წლის გაზაფხულამდე სურდა, მაგრამ გეგმებს გადახედა, მათ შორის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამო. Time-ის ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან წასვლის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს ის პროცესის წარმართვას.

ჟურნალის ცნობით, ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა პომპეოთი უკმაყოფილოები არიან, რადგან ის საკმარისს ძალისხმევას არ იჩენს თეთრი სახლის ინტერესების დაცვისათვის. 

გაურკვეველია, განიხილა თუ არა პომპეომ თანამდებობიდან წასვლა ამერიკის პრეზიდენტთან. მანამდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები უარყოფნდნენ მისი გადადგომის შესაძლებლობას. Time-ის ახალ ინფორმაციაზე მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ოქტომბერში, ტელეკომპანია CNN პომპეოს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ იუწყებოდა. თანამშრომლები სახელმწიფო მდივნის „უხერხემლობით“ იყვნენ უკმაყოფილოები. მათი აზრით, ტრამპის დანიშნულ პომპეოს არ გააჩნდა უნარი ამერიკის პრეზიდენტის არაერთგვაროვან იდეებს შეწინაღმდეგებოდა.