მთავრობაში სამინისტროების რეორგანიზაციაზე საუბარს მოუხშირეს

მთავრობაში სამინისტროების რეორგანიზაციაზე საუბარს მოუხშირეს

იგეგმება თუ არა სამინისტროების ისევ დანაწილება და დაცალკევება? ამაზე მინიშნებები ბოლო დროს უკვე საკმაოდ გახშირდა. ექსპერტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგიერთი სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ საუბრობენ მთავრობაშიც. ეს ყველაფერი კი უფრო მეტად ბიზნესის ხელშესაწყობად კეთდება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ბიზნესისთვის სტაბილური გარემო იქნეს მიღწეული. ამასთანავე, პრემიერი ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, დავების გადაწყვეტის საბჭოსა და სხვა უწყებების მხრივ, წლის ბოლომდე მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს.

„ცვლილებები და პროგრესი გვექნება ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, დავების საბჭოს მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით, ქონების მართვასთან დაკავშირებით. სულ რაღაც ერთ თვეში, წლის ბოლომდე, ის, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიული საცობები, რომელიც სადღაც გაგვიჩნდა, ჩვენ სწრაფად მოვაგვარებთ. ამას ბიზნესი იგრძნობს კონკრეტული პრობლემების მოგვარების კუთხით და პროცესების მხრივაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით კი, გახარია აცხადებს, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საარჩევნო წელს ბიზნესისთვის განჭვრეტადი გარემო იყოს შენარჩუნებული.

„რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის სტაბილური გარემო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა სფეროში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური, განჭვრეტადი და რაც მთავარია პოზიტიური“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე საყურადღებო პრემიერის სიტყვაში სამინისტროების მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები იყო. ცნობილია, რომ სულ მალე განათლების სამინისტროს გამოეყოფა კულტურის მიმართულება. საუბარი მიდის ეკონომიკის სამინისტროსგან ენერგეტიკის დარგის გამოცალკევებაზეც. ძალიან დიდი მონსტრია ჯანდაცვის სამინისტროც, სადაც დაუსრულებელი რეფორმები მიმდინარეობს და მის დამთავრებას ვერაფრით მოხერხდა. გიორგი გახარია ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებაზეც მიანიშნებს.

სპეციალისტები კარგა ხანია ამბობენ, რომ სამინისტრობის ხელოვნურმა შერწყმამ შედეგი ვერ მოიტანა. ბიუროკრატიული აპარატი არ შემცირებულა, ხარჯი თითქმის იგივე დარჩა, სამაგიეროდ ზოგიერთი მიმართულება საერთოდ უყურადღებოდაა დარჩენელი. ასეთია, მაგალითად, ენერგეტიკა, სადაც ინვესტიციები ფსკერზე დაეშვა, ხოლო დარგი თანდათან კრიზისში ეფლობა.

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილ ამბობს, რომ დიდი შეცდომა იყო, როდესაც ენერგეტიკის სამინისტო გაუქმდა. დღეს ეკონომიკის სამინისტროში არსებული ერთი დეპარტამენტი, სადაც კონკრეტულად ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე მხოლოდ 2-3 ადამიანი მუშაობს, არ არის საკმარისი პარლამენტარების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების დასარწმუნებლად, რომ რეფორმა დაჩქარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს აღდგენა, თავის მხრივ, დიდ დროს მოითხოვს.

ექსპერტის თქმით, განახლებადი ენერგიის დახმარების სისტემა საქართველოში გაუმჭირვალე და გაუგებარ მემორანდუმებს უკავშირდებოდა, ევროპული კანონმდებლობა კი, გამჭირვალე, გასაგებ, საბაზრო პრინციპებსა და კონკურენციაზე დაფუძნებულ წახალისების მექანიზმს გვთავაზობს.

„ევროკავშირის მიერ გამოყოფილია 100 მლნ ევრო, ესაა საინვესტიციო, პირდაპირი, იაფი სესხი, რომელიც გათვალისწინებულია შენობების ენერგოეფექტურობაში ჩასადებად, ასევე 8,5 მლნ - გრანტის სახით, რომელთაც ჩვენ ვერ ვითვისებთ“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მარგველაშვილმა.

Goliaff "სამაგიეროდ ზოგიერთი მიმართულება საერთოდ უყურადღებოდაა დარჩენელი. ასეთია, მაგალითად, ენერგეტიკა, სადაც ინვესტიციები ფსკერზე დაეშვა, ხოლო დარგი თანდათან კრიზისში ეფლობა." - ესეთ დასკვნას რომ გააკეთებ გამოდის არაფერი არ ხდებოდა აქამდე ეკონომიკაში და ყურზე ეძინა 8 წელი მტავრობას. რა ეკონომიკურ ზრდაზე იყო ლაპარაკი მთელი ეს პერიოდი თუ ენერგეტიკაში ინვესტიციები არ იყო?! ინვესტიციების და შესაბამისად ეკონომიკის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ენერგიის მოხმარების ზრდასთან.
4 წლის უკან