მელორ ვაჩნაძე ციხის დატოვებაზე უარს აცხადებს

მელორ ვაჩნაძე ციხის დატოვებაზე უარს აცხადებს

მოძრაობა „შემოგვიერთდის“ წევრი მელორ ვაჩნაძე ციხის დატოვებაზე უარს იმ დრომდე აცხადებს, სანამ სხვა პატიმრებიც არ გათავისუფლდებიან.  

იგი ითხოვს, ან ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს, ან –არავინ. ცნობილია, რომ თავის დროზე მელორ ვაჩნაძემ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი შესაბამის კომისიაში შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა და ვაჩნაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამჯერად კი იგი შვიდი თვით ადრე გათავისუფლებას არ დათანხმდა.

სამაგიეროდ, სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დღეს 60-მა პატიმარმა დატოვა. მათ შორის, არასამთავრობოების მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულმა ამირან ქადაგიშვილმა (ყოფილმა ვიცე-პრემიერმა) და თემურ ჟორჟოლიანმა (2006 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა). ამასთან, ციხე დატოვეს არასრულწლოვნებმა და ქალებმა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასჯელს 14 წლის ასაკიდან 15 ლარის ღირებულების ნიგვზის მოპარვისთვის იხდიდა.
ისიც ცნობილია, რომ ამ რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები მელორ ვაჩნაძის სიცოცხლის კრიტიკულ მდგომარეობაზე  საუბრობდნენ, რადგან მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში ადამიანის ხელის გულის სიდიდის სისხლგროვები აღენიშნებოდა. გლდანის მე–8 იზოლატორის ციხის თანამშრომლების მიერ ცემის შედეგად კი მოძრაობა უჭირდა და დღის უდიდეს ნაწილს მწოლიარე მდგომარეობაში ატარებდა, რის შედეგადაც  ე.წ. წოლითი იარები, სისხლჩაქცევები უვითარდებოდა. ამის გამო ახალგაზრდული მოძრაობის წევრები იმედოვნებდნენ, რომ შემდეგი გარდაცვლილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე არ აღმოჩნდებოდა.

თუმცა, დღეს უკვე სულ სხვა ვითარებაა და, როგორც ამბობენ, ნაციონალების ყოფილი პარლამენტარის, მელორ ვაჩნაძის ყოფილი სიმამრის რომანოზ ბჟალავას დახმარებით დაკავებული მელორ ვაჩნაძე თავადვე ამბობს უარს ციხიდან გამოსვლაზე.
For.ge მელორ ვაჩნაძის ადვოკატს ნათია კორკოტაძეს ესაუბრა.

თქვენ იცით, რომ მელორ ვაჩნაძე პოლიტპატიმარია. პარლამენტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი უკვე ერთი კვირაა მუშაობს. მეორე კვირას უკვე დასრულდება ამ ჯგუფის სამუშაოები და სრული ვერსია დაიდება, რომელიც პარლამენტს გადაეცემა განსახილველად, რათა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სანამ ეს ხელისუფლება შეიცვლებოდა, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს მივმართეთ და, მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ვადამდელი გათავისუფლება მოვითხოვეთ. თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, უარი გვითხრეს და აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

პირველმა ინსტანციამ უარი გვითხრა, არ დაგვიკმაყოფილა სარჩელი, შემდეგ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციოში პროცესი 6 ნოემბერს იყო დანიშნული, სადაც მელორ ვაჩნაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, რადგან სტაციონარში, „ემერჯენსში“ იყო მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადიოდა.

მოგეხსენებათ, დაკავებისას, 2009 წელს იგი ზონდერბრიგადების მიერ იყო ნაცემი და ადრინდელი დაზიანების კვალი დღემდე გრძელდება. ახლა, როდესაც მას უკვე  პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს და დღე-დღეზე ველოდებით მის გათავისუფლებას, იგი სოლიდარობას უცხადებს სხვა პატიმრებს, არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მასთან ერთად დააკავეს, არამედ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარულია. არ არის საუბარი მარტო მე-17 დაწესებულებაზე.

ყველა პოლიტპატიმარს შორის ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერის შემდეგ აყვანილი, მართლმადიდებლობის დამცველი ბიჭებიც თუ იგულისხმება, რომელთაც სოლიდარობას უცხადებს მელორ ვაჩნაძე?

– დიახ, მათ შორის, მართლმადიდებელ ბიჭებსაც უცხადებს სოლიდარობას, რომლებიც „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში დააკავეს.

საზოგადოების ნაწილმა სურვილი გამოთქვა, რომ ხელმოწერები შეგროვებულიყო მართლმადიდებელი ბიჭების გამოშვებასთან დაკავშირებით. ახალი ხელისუფლება რას ფიქრობს მათ გაშვებასთან მიმართებით, აუცილებელია ხელმოწერების შეგროვება თუ მათ ისედაც უშვებენ?

– ხელმოწერების შეგროვება საჭირო აღარ არის, ყველა მათგანის გამოშვება 23 ნოემბრისთვის იგეგმება. ყველა პოლიტპატიმარს გაათავისუფლებენ. მე ჰელსინკის კავშირის კომისიის წევრი ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ.

მოძრაობა „არა“ მელორ ვაჩნაძის საქმის სტრასბურგში გაგზავნას გეგმავდა.

– ზოგადად, სტრასბურგში გასაჩივრებულ საქმეებს რაც შეეხება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სტრასბურგიდან ყველა საქმეს გამოითხოვს და ამ ადამიანების რეაბილიტაცია საქართველოშივე განხორციელდება. თუ ასე მოხდება, მაშინ სამართალი აქვე, საქართველოშივე იზეიმებს.

უშუალოდ ვისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს მელორ ვაჩნაძე მისი

დაკავების გამო?

– მთლიანობაში იგი რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მოგეხსენებათ, მის წინააღმდეგ ორი საქმე იყო აღძრული. 2009 წელს აპრილის აქციებისას აქტიურობის გამო მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციული წესით 30 დღით დააკავეს. მოგვიანებით საქმეში ჩაერთნენ მისი ყოფილი სიმამრი, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი რომანოზ ბჟალავა და ყოფილი მეუღლე თამარ ბჟალავა. ყოფილმა პარლამენტარმა მელორ ვაჩნაძე დააჭერინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ამ საქმის განხილვა, ბჟალავა უშუალოდ დაინტერესებული იყო ამ საქმით, ამიტომ მელორ ვაჩნაძეს თაღლითობის მუხლით წაუყენეს ბრალი. მისი ყოფილი მეუღლე აცხადებდა, თითქოს მელორ ვაჩნაძემ მას 2008 წელს მანქანა გაუყიდა. სინამდვილეში, სადავო ავტომობილი ყოფილი მეუღლის ოჯახმა თავად გენმინდობილობით გაყიდა და მელორ ვაჩნაძის ამ საქმეში დადანაშაულება უსამართლობა იყო. როგორ შეიძლება, დამდგარიყო თაღლითობის საკითხი გენმინდობილობით გაყიდულ მანქანაზე?! უბრალოდ, მელორ ვაჩნაძეს დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ და ამიტომაც საქმეში ყოფილი სიმამრი – რომანოზ ბჟალავა ჩაერთო.