მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი დააკავეს

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი დააკავეს

მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე ცნობილი მალტელი ბიზნესმენი დააკავეს. როგორც BBC წერს, კომპანია 17 Black-ის მფლობელი იორგენ ფენეგი საკუთარ იახტაზე დააკავეს

ბიზნესმენის დაკავებას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადება, რომ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს.

დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. მკვლელობიდან ორ თვეში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ისინი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ.

რამდენიმე დღის წინ მალტის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი დააკავა, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება მას მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთს შორის შუამავლობას ედავება.

„ვესაუბრე გენერალურ პროკურორს და დაკავებულის ადვოკატებთან მოლაპარაკებების დაწყება ვთხოვე. თუ ეჭვმიტანილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და მკვლელობის დამკვეთის იდენტიფიცირებისთვის სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწოდებს, პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, - განაცხადა პრემიერმა ჯოზეფ მუსკატმა.

დაფნე კარუან გალიცია„პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომელშიც მალტელ პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. ის ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.

„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.