ბოკერია: ივანიშვილმა საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა

ბოკერია: ივანიშვილმა საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა

ეს არის ახალი და ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის, რომელიც ცუდად დამთავრდება, მათ შორის ივანიშვილისთვის, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნას.

ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილმა ამით მიაყენა შეურაცხყოფა მთელ საზოგადოებას“.

„კიდევ ერთი ძალიან დიდი და დამანგრეველი ნაბიჯი გადადგა ქართული დემოკრატიისთვის ივანიშვილმა და მისმა გუნდმა. არავის არ სჯერა ამ სპექტაკლის. ეს არის ივანიშვილის პირადი და მისი უშუალო გარემოცვის პასუხისმგებლობა. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჯერ ჩვენს გუნდში, პარტნიორებთან, შემდეგ მთელ ოპოზიციასთან. ამ ახალ რეალობაში არც ერთი რადიკალური ნაბიჯი არ არის გამორიცხული იმის ჩათვლით, რომ აქტიური ბოიკოტი იყოს ამ სისტემით არჩევნების ჩატარების. ეს პოლიტიკური სისტემა ვეღარ იარსებებს, ვეღარ იარსებებს ივანიშვილი სისტემა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.