ტრამპმა ერდოღანს კარგი მეგობარი უწოდა

ტრამპმა ერდოღანს კარგი მეგობარი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეუღესთან ერთად დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლში მიიღეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ერდოღანს კარგი მეგობარი უწოდა. „ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, თითქმის პირველივე დღიდან. ჩვენ გვესმის ჩვენი ქვეყნების და ვიცით, საიდან მოვედით"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტებმა სირიის ჩრდილოეთით შექმნილ ვითარებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ისაუბრეს. მოლაპარაკების კიდევ ერთი მთავარი თემა შტატებსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ანკარას მიერ რუსეთისგან შ-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენისა და შტატების მიერ  F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან თურქეთის გარიცხვის საკითხები გახდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დპონალდ ტრამპს მისივე წერილი დაუბრუნა. საქმე ეხება გზავნილს, რომელშიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი თურქ კოლეგას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციის შეწყვეტას ურჩევდა სიტყვებით - „ნუ იქნები სულელი“.