რა კავშირი აქვს კვიციანს ცხადაძის მკვლელობასთან

რა კავშირი აქვს კვიციანს ცხადაძის მკვლელობასთან

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მამაკაცი, რომელიც თბილისის ზღვაზე იპოვეს ნოდარ ცხადაძე აღმოჩნდა. შს სამინისტრომ გამოძიება 236–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლული ახალგაზრდა, პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელმაც მოკლულს ისნის ბაზრობაზე ავტომობილით მიაკითხა. სწორედ ამის შემდეგ იკარგება მოკლული ცხადაძის კვალი, ისევე როგორც კვიციანის.

როგორც ირკვევა მოკლული ცხადაძე წარსულში შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. უკავშირდება თუ არა, მომხდარი შემთხვევა მის წარსულ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს და საქმის მთავარ მოწმეს ბექა კვიციანს ეძებს, რომელიც ფლობს ინფორმაციას მომხდარი მკვლელობის მოტივზე. სწორედ კვიციანი არის მკვლელობის ერთადერთი მოწმე. გამოძიების არაოფიცალური ინფორმაციით, სწორედ კვიციანთან მიდის ცხადაძის მკვლელობის კვალი.

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ადასტურებს, რომ თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელსაც ასევე ეძებენ. დეპუტატი არ ფლობს ინფორმაციას, რომ მოკლული ცხადაძე ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა. მისი თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ და საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.

„ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს, ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები არიან. ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა“, – აცხადებს ემზარ კვიციანი.