საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა საკონსტიტუციო სარჩელით.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.
ნინო ლომჯარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღებასა და ასევე მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობაზე.
„შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ კი, ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არარსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება.
აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილესთვის. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში კონსტიტუციასთან შეუსაბამობა არ არსებობს.
„მიმაჩნია, რომ არანაირი შეუსაბამობა არ არის კონსტიტუციასთან. თუმცა, სახალხო დამცველი სრულად უფლებამოსილია და შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვნახავთ სასამართლოს შეფასებას. ეს პროცესი ვერ მოახდენს გავლენას მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, რომელიც ძალიან ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მხრიდან მოსაზრება და სურვილი იყო, რომ ეს ერთი წლის წინ, დეკემბერში მომხდარიყო, პარლამენტმა სრული წელი აიღო იმისთვის, რომ ზედაპირულად არ მომხდარიყო დანიშვნები“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი განმარტავს, რომ ცვლილებები, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და რის საფუძველზეც ჩატარდა მოსამართლეთა განხილვები, ვერ იხსენებს, რომ ვინმეს ეხსენებინა ამ ცვლილებების არაკონსტიტუციურობა. როგორც დეპუტატი განმარტავს, განხილვის პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, თავად ეხილა, თუ როგორ კანდიდატებზეა საუბარი და როგორი კანდიდატების არჩევაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა.
„ბუნებრივია, უკვე უმრავლესობის შიგნით გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს ამ საკითხზე, ვისმენთ ერთმანეთის მოსაზრებებს, თუ ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. მალე პლენარულ სხდომაზე გავა უკვე საკითხი იმისთვის, რომ კონკრეტული კანდიდატების არჩევა მოხდეს.
შემიძლია გითხრათ, რომ ამ 20 კანდიდატში ბუნებრივია არიან ისეთები, რომლებსაც მხარდაჭერა ექნებათ, თუმცა ბუნებრივია, ყველა ამ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მე ამ ეტაპზე არ ვიცი, სახალხო დამცველი რა საფუძვლებით ფიქრობს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, თუმცა, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის მოსაზრება ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მას გავეცნობი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
სახალხო დამცველის მიერ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელს მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ მათი მიზანია ყველანაირად შეუშალონ ხელი მმართველ ძალას იმაში, რომ უზენაეს სასამართლოში ოცივე ვაკანსია მთლიანად დააკომპლექტოს.
„ევროპული საქართველო“ სახალხო დამცველის ამ მიმართულებით გააქტიურებას და იმის დადასტურებას მიესალმება, რომ ნამდვილად სერიოზული ხარვეზებით იყო სავსე მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ხელი მმართველ ძალას იმაში, რომ უზენაეს სასამართლოში ოცივე ვაკანსია მთლიანად დააკომპლექტოს. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, როგორც შიდა, ისე გარე წნეხი და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ, რომ განსაკუთრებით ოდიოზური კანდიდატები არ დაამტკიცონ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის ხმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან არავის ეკუთვნის.
„ყველაზე კომფორმისტი და ყველაფერნაკადრი ხალხი არის დღეს სიაში, ამიტომ ჩემი ხმა არც ერთ მათგანს არ ეკუთვნის. მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდი სიაა. თუ „ქართული ოცნება“ ხელის გადაგრეხვით აპირებს ამ სიის მიღებას, მერწმუნეთ, რომ ეს მათ ძალიან დაარტყამს. ამის შემდეგ ძალიან მძიმე ამბავი ელით ელექტორატში. გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი გადააგდო დემოკრატიის, ინსტიტუციებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია და მოსამართლეთა 20–კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს. როგორც დოლიძე ამბობს, როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო. ანა დოლიძის თქმით, მან ჯერ კიდევ აგვისტოში მოუწოდა სახალხო დამცველს საჯაროდ, რომ ჩართულიყო პროცესებში და გაეკეთებინა განცხადება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
„გაზაფხულიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ კვირა, როდესაც ირაკლი კობახიძე წერდა კანონს, მე ვაყენებდი საკითხს, ვიბრძოდი ამ თემებთან დაკავშირებით, რომ წესი იყო არასწორი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. მაშინ, სამწუხაროდ, არსად ისმოდა და უნდა გვსმენოდა ჩვენ სახალხო დამცველის მხარდაჭერა. დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20–კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს. შემდეგზე შეიძლება, რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ დღევანდელ სავალალო შედეგს ვერაფერს ვერ უზამს.
სახალხო დამცველს ხმა რომ ამოეღო, როცა ეს ბრძოლა იყო ზენიტში, თუნდაც მკაცრი საჯარო განცხადება გაეკეთებინა, ეს იქნებოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ამ ბრძოლაში მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვიყავით მარტო. მომავალში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია, მაგრამ მაშინ, როდესაც ის რაღაცას წყვეტს და არა მაშინ, როდესაც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გავლილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
სარჩელის დაგვიანებაზე საუბრობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მოსამართლეების შერჩევის პროცესი აქამდე შეეჩერებინა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ლაგაზიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეუსაბამობები მანამდე აღმოჩენილიყო, სანამ პარლამენტში არსებული კანდიდატების განხილვა დაიწყებოდა.
„თავისთავად, ეს მისასალმებელი ინიციატივაა და კარგია, რომ სხვა თუ არავინ, სახალხო დამცველმა მაინც ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოწმენდა გადაწყვიტა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი და მისი თანამშრომლების კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეუსაბამობები მანამდე აღმოჩენილიყო, სანამ პარლამენტში არსებული კანდიდატების განხილვა დაიწყებოდა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას, ეს არ გავრცელდება პარლამენტში უკვე მოსმენაგავლილ კანდიდატებზე.
გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაინაღდა, მიიღო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის, სულ მცირე, მისი პარტნიორი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნების პროცესში. მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნებას“ ჰგონია, რომ მიიღო მართული სასამართლო, თორემ აბა, პირად საუბრებში კარგად შეეკითხონ კლანის წევრებს, ისინი როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს.
ერთი სული აქვთ, როდის დაამტკიცებენ მათ კანდიდატურებს, რომ დღეს თუ თავის დაკვრით ასრულებენ „ოცნების“ პირობებს, როგორც კი ისინი უვადო მოსამართლეებად დაინიშნებიან, შემდეგ უკვე ისინი წაუყენებენ პირობებს „ოცნებას“ და ფაქტობრივად, უკონტროლონი იქნებიან თავის უკანონო ქმედებებში“, –განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.