საქართველოს გენერალთა კლუბისთვის შეურაცხმყოფელია, როცა უმცირესობის წარმომადგენლები უმრავლესობის წევრებს პოლიტიკური ანგარიშსწორებით ომის გმირების დაკავებაში სდებენ ბრალს. გენერლების თქმით, ასეთი შეფასებების მოსმენა მიუღებელია იმ ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნებისგან, რომლებმაც 1992-1993 წლის ომის ვეტერანები სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს, 2010 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი აქციის გამო მათ სასტიკად გაუსწორდნენ დიდების მემორიალთან, აგვისტოს ომის მონაწილეებზე ასეულობით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რათა თავიანთი დანაშაულებები გადაეფარათ. მუხროვანის „ფსევდოაჯანყების“ ბრალდებით კი ციხეებში გამოამწყვდიეს აგვისტოს ომის ათეულობით მონაწილეები, ომის ვეტერანები თავისიანებად და მტრებად დაყვეს, მეომრისა და სამშობლოს ჯარისკაცის პრესტიჟი სრულიად დასცეს და გაანადგურეს.
For.ge-ს მუხროვანის ე.წ. „სამხედრო ამბოხებაში“ ბრალდებული, გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე ესაუბრა.
გენერალთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ექსხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებით აპელირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ პირადი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ და სახელმწიფოებრივი აზროვნება მათთვის სრულიად უცხოა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას როგორ შეაფასებთ?
- ამ შემთხვევაში, მე ძალიან ცუდი შემფასებელი ვარ. საქმე ძიებაშია და არ მინდა, ვინმეს დასკვნებს გავუსწრო. ელემენტარულად, ვიტყვი, რომ უმაღლესი წოდება, ოფიცრები, ღირსება, პატრიოტიზმი, თავდადება,- ეს ყველაფერი გადაფარა ერთმა ნიშამ, რასაც ერქვა- პარტიისთვის თავდადებულთა ნიშა. როდესაც ჩვენ ვაპელირებთ გმირობებზე, დამსახურებებზე, რატომღაც გვავიწყდება, რომ გუშინწინ ნორა კვიციანის ციხიდან გამოშვების დღე იყო, რომლის ყველაზე დიდი დანაშაულიც ის იყო, რომ იგი ღირსეული და კარგი დედა, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ აგვისტოს მოვლენებში თავგამოჩენილი ბიჭი დააპატიმრეს, ამ დროს გვავიწყდება, რომ მუხროვანის ფსევდოამბოხში მონაწილეთა ძირითადი შეამდგენლობა, 90 % შემდგარია იმ ღირსეული ოფიცრებისგან, რომლებიც მართლაც ნამუსის მომწმენდებად მოგვევლინენ 2008 წელს. ამიტომაც არ შეიძლება რაიმე მოვლენის მიმართ ორმაგი სტანდარტით მიდგომა. მესმის, რომ კოლეგიალურად, ადამიანურად ეს ყველაფერი მძიმეა. ჩვენდა საუბედუროდ, ეს ყველაფერი გავიარეთ და გადავიტანეთ. თუმცა ესეც ხომ იმ არასწორი ცხოვრების წესის შემოთავაზებამ გადაგვატანინა, რისი მსხვერპლიც ყველანი გავხდით. უბრალოდ, როგორც თვითონ უდგებოდნენ ამ საკითხს, ახლაც ისევე აპელირებენ და ჰგონიათ, რომ სხვაც მათ მსგავსად იქცევა. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ გვიანი იყო, ამიტომაც გადავდეთ საგამოძიებო საქმიანობის ჩატარება დაკავებულის ოჯახში, რადგან გავითვალისწინეთ, რომ ოჯახში იყვნენ მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები. რატომღაც ეს არ იყო გათვალისწინებული თუნდაც ჩვენს და კიდევ ბევრი სხვის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი ბავშვებს ფსიქიატრები სჭირდებათ. როდესაც ამ ყველაფერზე საუბარს გულში მჯიღის ცემით ვისმენთ ვიღაცისგან, უბრალოდ, საქმე ასე არ არის. გუშინდელი დაივიწყონ და დღეს ისაუბრონ რაღაცაზე, ეს არასწორია. დღესდღეობით საკმაოდ სტანდარტული და გამჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს; რასაც მე ვუყურებ, საგამოძიებო მოქმედებებში არავინ არავის არაფერს უმალავს და შიდა საკითხიც ბევრად უფრო გამჭვირვალეა, თუნდაც ციხისა და იზოლატორის მხრივ, სადაც არასამთავრობოებისა და უფლებადამცველთა ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს. აბა, გადავხედოთ, რა იყო თუნდაც ერთი თვის ან თვენახევრის წინ. ნამდვილად არ მინდა, პოლიტიკური შეფასებების ფორმატში გადავერთო, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ყველაფერი არ გვინდა პოლიტიკურ რანგში ავიყვანოთ, ზუსტადაც არ არის ასაყვანი, რადგან რეალობას შევხედოთ. სიმართლე არავის დაეკარგება. ჩვენს თავზე გადავიტანეთ ეს ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აპარატის სადამსჯელო მოქმედებები ერქვა. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზუსტად ამის პრევენცია გავაკეთეთ ჩვენი განცხადებით. გვინდა თუ არა, გარკვეულწილად, იგი ჩვენი კოლეგაა; ცუდია თუ კარგია, ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა კაცია. პარტიული ნომენკლატურის შერჩევითა და მათი წახალისებით ღირსეული ოფიცრები დააკარგვინეს ქვეყანას, ამ ბავშვებს დათვური სამსახური გაუწიეს. ფაქტობრივად, ისინი დაღუპეს.
გენერალთა კლუბის წევრები გიორგი კალანდაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ განიხილავთ. ყოფილი ხელისუფალნი კი სწორედ ამის წარმოჩენას ცდილობენ.
- ამ სიტუაციას ვერ შევაფასებ. ასე რომ იყოს და გიორგი კალანდაძეზე პოლიტიკური ანგარიშსწორება ვიღაცის თვითმიზანი ყოფილიყო, აქამდეც არავინ არავის შეუშლიდა ხელს; დღეს დაკავებულია ბაჩო ახალაია და სწორედ ამის გაგრძელებაა, რომ შემდეგ დააკავეს გიორგი კალანდაძე. ეს ძიების საკითხია და ისინი უფრო კარგად მისცემენ ამაზე შეფასებას.
ყოფილი ხელისუფალნი ცდილობენ, გიორგი კალანდაძე აგვისტოს ომის გმირად წარმოაჩინონ. შეგიძლიათ გვითხრათ, სინამდვილეში, აგვისტოს ომის დროს რა მოხდა? უმცირესობის მტკიცებით, იგი თითქოს დაიჭრა, შემდეგ კი დაჭრილი ისევ შესულა ბრძოლის ველზე.
- ასეთ ნიუანსებში რეალურად ჩახედული არ ვარ. ზოგადად, გმირობის კონტექსტს რაც შეეხება, გმირებთან სპეციფიკური მიდგომა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას.
რამდენად მართალია, თითქოს გიორგი კალანდაძის დაჭრა სულ სხვა, არასაბრძოლო ვითარებაში მოხდა? (ამბობენ, ცხინვალში მის მძღოლს გაუვარდა იარაღი და იგი შემთხვევით დაიჭრა). თუ ფლობთ ამ ინფორმაციას?
- მე მგონი, ეს აბსურდი და სისულელეა. ამ საკითხის განხილვაც არ მინდა.
რაც შეეხება ყოფილ ხელისუფალთა ერთ-ერთ ვერსიას, თითქოს ირაკლი ალასანია იყო უშუალოდ დაინტერესებული გიორგი კალანდაძის მოცილებით? გენერალთა კლუბი რა შეფასებას მისცემს ფაქტების ასეთ ინტერპრეტაციას?
- ესეც აბსურდია. ამ საქმეში იგი არ ყოფილა ჩართული. საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს ახლახანს და სწორედ ამის გაგრძელება იყო გიგი კალანდაძის დაკავება. რეალურად რომ გითხრათ, საკმაოდ გულდაწყვეტილი ვარ და ნამდვილად არ მესიამოვნა მისი დაკავება. ცოდვას ვერ ვიტყვი, რადგან არ შეიძლება, იგი მაინც ახალგაზრდა კაცია და მე ვიცი, თუნდაც ის გარემო პირობები, რაშიც ცხოვრებისგან ნებიერას მოუწევს იქ ყოფნა. ეს ცოტა მძიმეა.
თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი დანაშულის გამო დააკავეს ბაჩო ახალაია, ასევე, სხვა პიროვნებები. აქ კონკრეტულ მუხლებზეა საუბარი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ზოგადად, თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილი პიროვნებები, მათ შორის, მანდილოსნებიც, ახალაიას ზეწოლაში პერმანენტულად ხელს ადებდნენ.
- ამ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, მე არც ჩემი მოტივირებით და არც ინფორმაციის წყაროთი, მზად არ ვარ, ამ საკითხზე გესაუბროთ.
კონკრეტული დანაშულებების შესახებ თქვენთვის უცნობია?
- კონკრეტული ფაქტების შესახებ საკმაოდ ბევრი საუბარია, მაგრამ ეს მოკვლევის საგანია.
მაშინ ამ კუთხით რომ გვითხრათ, ბაჩო ახალაიას მოღვაწეობამ რა კვალი დააჩნია თავდაცვის უწყებას? იგი ღირსეული ხელმძღვანელი იყო?
- არ ვიცი, იგი იყო თუ არა ღირსეული ხელმძღვანელი. 2008 წელს მე მქონდა საშუალება, მათთან ერთად ერთ-ერთ მიმართულებაზე მემოძრავა. ვერ ვიტყვი, რომ იქ ცუდად გამოიჩინა თავი, როგორც ხელმძღვანელმა, მაგრამ მასთან სხვა შეხება არ მქონია. იცით, როგორაა საქმე? აბსოლუტურად განსხვავებული რამაა ურაპატრიოტიზმი და პროფესიონალური ხედვა. როგორც არ უნდა გინდოდეს რაღაცის გაკეთება, ელემენტარულად, მოტივირებასთან ერთად, მცირედი ცოდნაც საჭიროა.
ასეთი ცოდნა მათში ვერ დაინახეთ?
- საიდან უნდა ჰქონოდათ ცოდნა, აბა, ამიხსენით?! აკადემიური მართვის დონეს რაც შეეხება, გამოჩენილი სამხედრო სტრატეგიული აკადემიები უზრუნველყოფენ ამას და მათაც კიდევ ვერ მიაღწიეს მართვაში სრულყოფას. ახლა ამათ საიდან უნდა ჰქონოდათ შესაბამისი ცოდნა?
ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ საუბარი... ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებზე ასეულობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საერთოდ, აგვისტოს ომის თემა ძალიან სენსიტიური იყო ყოფილი ხელისუფლებისთვის. ამიტომაც ცდილობდნენ, მოეშორებინათ თვითმხილველები- ესენი გენერლები იქნებოდნენ, პოლკოვნიკები თუ სამხედრო ექსპერტები. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის (გავცელებული ინფორმაციით, სერგო თეთრაძის ოჯახში ეძებდნენ „ფლეშკას“, რომელზეც აგვისტოს ომისდროინდელი მაკომპრომეტირებელი მასალები ინახებოდა) სიცოცხლე სწორედ ამ დევნას შეეწირა, ასევე - გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, მუხროვანის „ამბოხის“ მონაწილენი და სხვანი.
- რა არის, იცით? ხომ არავისთვის არ არის დამალული, რომ აგვისტოს ომის დროს მართვა აბსოლუტურად არ მიმდინარეობდა. კავშირგაბმულობა ჩავარდნილი იყო, უზრუნველყოფის მიმართულებები ჩავარდნილი იყო, საერთო ამოცანის შესრულებისა და ძირითადი ამოცანის დასმის მხრივ მიმართულება ჩავარდნილი იყო, ანუ მართვის რგოლი არ არსებობდა. ახლა უდაოდ იყო ცალკეული გმირული ეპიზოდები, რაც პიროვნული შემართებით ხდებოდა. ეს იყო ქართული მეომრული გენის ყივილი. ყველა დანარჩენში, ეს პოტენციალი გამოყენებული რომ არ იყო, ეს ჩვენ ხომ ვიცით. ვერ გეტყვით, პოლკოვნიკი თეთრაძე რას შეეწირა. ჩემი აზრით, იგი, როგორც ბევრი დანარჩენი, დამნაშავეების მარჯვნივ და მარცხნივ უაზრო ძებნას შეეწირა. ამ დროს კი დამნაშავეები უმაღლეს ეშელონებში იყვნენ. ეს უცხო არ არის. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, 1-ელი ოქტომბრის არჩევნები ხომ სხვა შედეგს დადებდა?!
ბაჩო ახალაიას დაკავების ერთ-ერთი ეპიზოდი ისიც ხომ არ იქნება, რომ დაკავებულებმა შეიძლება ხელი დაადონ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს სწორედ იმის გამო, რაც მოხდა აგვისტოს ომში?
- არ ვიცი, ეს უკვე ძიების პროცესია.
გენერლებში ამის მოლოდინი არსებობს?
- რომ გითხრათ, რომ რაღაც ზებუნებრივის მოლოდინი მაქვს, ასე არ არის. ლოგიკურად იმის მოლოდინი მაქვს, რაც რეალურად უნდა იყოს. იყვნენ ნებიერა ბავშვები, რომლებიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ, როდესაც დაცვის მანქანები დასდევდნენ უკან, როდესაც ყველა კარი ფეხით იღებოდა და პრობლემები არსად ხვდებოდათ; ვისაც უნდოდათ, გააჭენებდნენ, ვისაც უნდოდათ, მოიშორებდნენ. მერე უცბად ისინი სხვა სამართლებრივ სიბრტყეში გადავიდნენ, სხვა რეალობას შეეჩეხნენ და უკვე თვითგადარჩენის პრინციპი დაეწყოთ. იგივე მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც. არ გაგიკვირდეთ, ახლაც ვინმემ გააგრძელოს იმ დროშის ტარება.
გენერალთა კლუბის წევრებს ყოფილი ხელისუფლება პერიოდულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში გადანაშაულებდათ. თქვენი აზრით, რა იყო ამის რეალური მიზეზი?
- ეს იყო ერთი კაცის სურვილი, რომელსაც ასე სურდა. ეს იყო ფეხების ბაკუნი, მე ასე მინდა, მომეცით სათამაშო. აბსურდის თეატრში გვიწევდა ყოფნა და ვამტკიცებდით იმას, რაც არ იყო. დღეს კი, ელემენტარულად, ხალხს ხელი მოჰკიდეს იმაზე, რაც იყო.