რამდენიმე დღის წინ ავსტრალიურ მას - მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მომავალი წლის ნოემბერში, ქალაქ სიდნეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქალბატონი იოკო ონოს ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ამ გამოფენის სახელწოდებაა „War Is Over! (If You Want It)”. ჯონ ლენონის ქვრივი დიდი ხანია ჩინებული მხატვრის ავტორიტეტით სარგებლობს.
საინტერესოა, რომ „მწვანე კონტინენტზე“ მისი ნახატები პირველად გამოიფინება.
ცნობილი გახდა, რომ მომავალ გამოფენაზე იაპონელი ქალბატონი 100-მდე ტილოს წარმოადგენს.
ამ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ელიზაბეტ ენ მაკგრეგორის ინფორმაციით, მომავალ წელს ამ მუზეუმში არაერთი გამოფენა იგეგმება.
იოკო ონოს პერსონალური გამოფენის გახსნას ავსტრალიაში განსაკუთრებული მოლოდინით ელიან. იქაურების მტკიცებით, ეს ვერნისაჟი ქალაქ სიდნეის წლის უმთავრესი კულტურული მოვლენა გახდება.