ბაშარ ასადი: თურქი ხალხი ჩვენი მეზობელია, ერდოღანი კი მტერი

ბაშარ ასადი: თურქი ხალხი ჩვენი მეზობელია, ერდოღანი კი მტერი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა უადგილოა, ვიდრე თურქული ჯარი სირიის ტერიტორიას არ დატოვებს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსულ ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ შეიძლება პრიორიტეტული იყოს შეხვედრა მასთან, ვინც თქვენი მიწების ოკუპაციას ახდენს. ამასთან ერთად, მე არ ვეწინააღმდეგები ანკარასთან მოლაპარაკებებს. თურქეთს მტრად არ განვიხილავთ. თურქი ხალხი ჩვენი მეზობელია, ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს, მტერი კი ერდოღანი და მისი პოლიტიკაა“, - განაცხადა ბაშარ ასადმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამასკო და ანკარა უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის შუამავლობით თანამშრომლობენ. „ჩვენ გვქონდა რამდენიმე სამმხრივი შეხვედრა, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.