ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ლულა და სილვა შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ლულა და სილვა შესაძლოა პატიმრობიდან გათავისუფლდეს

კორუფციისთვის მსჯავრდებული ბრაზილიის ექსპრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის აღსრულების პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს. აქამდე მოქმედი წესებით, მეორე ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მსჯავრდებულს აპატიმრებდნენ, რაც ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. ეს გადაწყვეტილება საპატიმროდან გათავისუფლების საშუალებას ლულა და სილვასთან ერთად კიდევ 5000 მსჯავრდებულს მისცემს, რომელთა საქმეებში,  ჯერჯერობით, მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

კორუფციული ბრალდებების გამო ლულას 2018 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა.